კაცის ლოცვა – რომ გ’ამჩენი დაეხმაროს მეორე ნახევრის პოვნაში

წიგნიდან ,,ბეით თფილა“

სამყაროს მეუფეო, შენ, შენი გულმოწყალებით შეჰქმენი შენი სამყარო და გააჩინე ადამიანი,  დაუმზადე მას დამხმარე. განგვწმინდე შენი მცნებებით და გვამცნე ცოლის მოყვანისა და შვილების გაჩენის შესახებ. კურთხეულია ადამიანისა და თავისი ღირსებით, მისთვის ყველაფრის შემქმნელი, მაგრამ მატულობს ჩემი ღელვა, თრთოლვა და ძრწოლა მიპყრობს, რადგან ვშიშობ, ვაითუ ჩემი შეცოდებების გამო დამეწინდოს ავზნიანი ცოლი, რომელიც არ იქნება ჩემი მეწყვილე და ჩემი შესაფერისი. ვაითუ დამასწროს ვინმემ და სხვამ შეიუღლოს ჩემი სწორი და ტოლი ქალი და იძულებული შევიქნა სული სულს დავაშორო, ღ’მერთმა არა ჰქნას. ამიტომაც გეახელ ჩაფიქრებული და დარდიანი გულით ჩემი ვედრებით, გულმოწყალე მამავ.

იყოს ნება შენი, გ’ამჩენო, ღ’მერთო, ჩვენო და ჩვენი მამების ღ’მერთო, რომ აღივსო ჩემს მიმართ კეთილმოსურნეობით და მაღირსო მეორე ნახევარი-მეუღლე. შესაფერისი და ჩემთვის განკუთვნილი ,,შესაქმისი“-ს ექვსი დღიდან მთელი ჩემი ცხოვრების წლებისა და დღეების მანძილზე. დე, იყოს ჩემი მეუღლე ,,ეშეთ ხაილი“, ღვთისმოშიში, გონიერი, კარგი ზნის მქონე, საკეთილო საქმეებისთვის მოწადინებული. ნუ იქნება იგი უშვილო, ან შვილმკვდარი დედობისთვის განწირული, ფიზიკური ნაკლის მქონე. იყოს სრულყოფილი ყველაფრით და წარმატებული ყველაფერში, რათა შევძლო ვიყო გ’ამჩენის სიწმინდის სამსახურში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. და ნუ წამიყვან ამ ქვეყნიდან ნაადრევად და ნუ დამათაკილებ ადამის მოდგმის წინაშე.

გულმოწყალებით აღივსე გ’ამჩენო, ეულთა სახლში დამბრუნებელო, შემბრალებელო, ნუგეშისმომცემო, მოწყალეო, მფარველო, დამხმარეო, გადამრჩენელო, მართალო და სამართლიანო, მხსნელო. დამეხმარე შენი სახელის ღირსებისთვის. ჰქმენ ეს შენი უდიდესი გულმოწყალებით და ჩვენი წმინდანი მამების, შენი მონების ავრაჰამის, იცხაკისა და ისრაელისათვის, მოშესა და აჰარონისათვის, იოსეფისა და დავიდისათვის.

ყველა წმინდანისა და სპეტაკის მადლითა და დამსახურებით დაგვიცავი და ისინი დაგვიდგებიან თავდებად. ჰქმენ ეს შენი გულისათვის, შენი სახელისათვის, შენი მარჯვენისათვის, შენი თორისათვის, შენი სიწმინდისათვის. შემიბრალე, მიპასუხე და ისმინე ლოცვა ჩემი, რამეთუ შენ გესმის ყველას ბაგით წარმოთქმული ლოცვა. კურთხეულია ლოცვის გამგები. იყოს შენთვის სასურველი ჩემი ნათქვამი და ჩემი გულისწადილი. გ’ამჩენო, ჩემო საყრდენო და ხსნავ ჩემო.

თარგმანი: რაბ იაკობ დავითაშვილი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑