კოჰელეთი

თარგმანი ეკუთვნის ისაკ (ირაკლი) კრიხელს (აღებულია წიგნიდან ,,ჟამი შეკრებად ქვათა”)

თავი პირველი

  1. სიტყვანი კოჰელეტისა, ძისა დავიდისა, მეფისა იერუშალაიმში.
  2. ამაობა ამაოებათა – თქვა კოჰელეთმა – ამაოება ამაოებათა – ყოველივე ამაოა.
  3. ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
  4. თაობა მიდის, თაობა მოდის… დედამიწა კი უცვლელია უკუნისამდე.
  5. აღმოხდება მზე… და ჩადის მზე… მიილტვის თავისი სადგომისაკენ… და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
  6. მიჰქრის ქარი სამხრეთისაკენ… გაბრუნდება ჩრდილოეთისაკენ… ბრუნავს… ტრიალებს… მიჰქრის ქარი… და უბრუნდება ისევ თავის წრეს.
  7. ყველა მდინარე ზღვებისკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; კვლავ ბრუნდებიან იმავ ადგილზე, საიდანაც დაიწყეს დინება.
  8. დამქანცველია საგანი ყველა; ვერაკაცს ძალუძს ყოველივეს თქმა. თვალი ცქერით ვერ გაძღება და ყური სმენით არ აღივსება.
  9. რაიც ყოფილა – იგივ იქნება და რაც მომხდარა – იგივ მოხდება; არაფერია მზის ქვეშეთში ახალი.
  10. ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა ახალი! – ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში.
  11. არ დარჩენილა ხსოვნა მათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი.
  12. მე კოჰელეთი, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუშალაიმს.
  13. ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაც კი მომხდარა ცისქვეშეთში; ეს ცუდი საქმე მიუჩინა ღ’მერთმა კაცთა ძეთ მათ სატანჯველად.
  14. განვიცადე გარჯა ყოველი, რაც მზის ქვეშ ხდება; და აჰა, ვცანი – ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.
  15. გამრუდებულს ვეღარ გამართავ და ნაკლულსაც ვეღარ შეავსებ.
  16. გულში ვამბობდი – ჰა მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა ყოველთა უპირატესად – იერუშალაიმს ჩემს უწინარესს ვინ არსებულა. და ეზიარა გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას.
  17. როს მივაპყარი გულისყური – შევიცან სიბრძნე, უმეცრება და სისულელე – მივხვდი, ეს სულის თავნებობაა.
  18. რამეთუ, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; ოდეს წუხილის მატებაა მრავლის შეცნობა.

მეორე თავი

  1. ვუთხარი ჩემს თავს: მოდი გამოგცდი მხიარულებით და ვნახავ – რაა კეთილდღეობა. ყოფილა ესეც ამაოება.
  2. სიცილზე ვთქვი: რა სიგიჟეა! რის მაქნისია მხიარულება?
  3. ვიფიქრე, ღვინით დამებნგა ჩემი სხეული, ხოლო გონებას სიბრძნით ეფხიზლა; დავდგომოდი გზას სიბრიყვისას, ვიდრე ვნახავდი – რა სიკეთეა კაცთათვის მასში, რასაც იქმნიან ამ ცისქვეშეთში, მათი სიცოცხლის დათვლილ დღეებში.
  4. დიდი საქმე ვქმენ: ავიშენე სახლები ჩემთვის, ვაზი ჩავყარე.
  5. გავიშენე ბაღნარები და წალკოტები, და ყოველგვარი ხეხილი დავრგე.
  6. განვალაგე წყალსატევები – მოსარწყავად ნორჩი ტევრების.
  7. შევიძინე მონა – მხევალნი და მრავლად მესხდა შინ სახლეული; მყავდა ცხვარ-ძროხა – ბევრად მეტი, ვიდრე მათ ყველას, ჩემს წინ რომ იყვნენ იერუშალაიმს.
  8. დავაგროვე ვერცხლი და ოქრო, მეფეთა განძი ყოველი მხარის. და მოვიმრავლე მგალობელნი მომღერალნი კაცნი და ქალნი… და სიამენი ხორციელნი – ულამაზეს ხარჭათა დასი.
  9. განვიდიდე და აღვზევდი უმეტეს მათსა, ჩემზე ადრე რომ არსებულან იერუშალაიმს; და სიბრძნე ჩემი მევე მეყუდნა.
  10. არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვწით. ესე ყოველი იყო ვედრი ჩემი შრომისა.
  11. მერმე, როდესაც გადახვხედე მთელ ჩემს ნახელქმნარს და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს – მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი – ქარისნაბერი – და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში.
  12. პირი ვაქციე, რომ შემეხედა – რა არის სიბრძნე უმეცრება და სისულელე; რადგან – რაღა ქმნას ადამიანმა, რომელიც მოვა შემდგომ მეფისა, რომელსაც უკვე ყველაფერი უქმნია ქვეყნად?
  13. და დავინახე: ისევე როგორც ნათელი ბნელზე – სიბრძნე სიბრიყვეს უპირატესობს.
  14. ბრძენი კაცი გონებითა ჭვრეტს, უგუნური კი წყვდიადში დავალს. და ვუწყი მაინც მოწევნადი ერთი აქვს ყველას.
  15. და ვთქვი ჩემს გულში – მეც უგუნურის ბედი მეწევა; მაშ, რადღა ვიყავ მე სხვაზე ბრძენი? და ვუთხარ გულსვე: – ამაოება ყოფილა ესეც.
  16. მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენი კაცი, არც უგუნური: გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით.
  17. და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება; რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
  18. და მოვიძულე მთელი ჩემი ნამოღვაწარი – ამ მზის ქვეშეთში რაც მიღვაწია და რაც სხვას უნდა დავუტოვო – კაცსა რომელიც ჩემს შემდეგ მოვა.
  19. არავინ უწყის ვის შეხვდება ჩემი ნაღვაწი, ამ მზისქვეშეთში, რაც სიბრძნით მომიღვაწია – ბრძენს თუ უგუნურს? აჰა კიდევ ამაოება.
  20. და წარვუხოცე იმედი ჩემს თავს, რომ აღარაფერს მოველოდე იმ ღვაწლისაგან, რაც მზის ქვეშეთში გამიწევია.
  21. ნახავ კაცი – იღწვის, არ იშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად – ამ საქმისთვის ვისაც არასოდეს არ უღვაწია. ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტებაა.
  22. მაშ რაღა რჩება ადამიანს მთელი თავისი შრომისა და ზრუნვის შედეგად, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
  23. დღენი მისი სატანჯველია, საზრუნავი მისი – წუხილი; ღამითაც არ აქვს მოსვენება – უშფოთავს გული. აჰა კიდევ ამაოება.
  24. არაფერია კაცისთვის იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სხვას და თავისი შრომით დაიტკბოს სული. ეს გამოვცადე, ვნახე – ესეც ღმერთის ხელშია.
  25. ვინ ჭამოს და სხვას, და მის გარეშე ვინ მიეცეს ტკბობა-განცხრომას?
  26. ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს და ცოდნას, და სიხარულს, ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისთვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.

მესამე თავი

  1. ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
  2. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგილის აღმოფხვრისა.
  3. ჟამი სალმობისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
  4. ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
  5. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი პაემნისა და ჟამი განშორებისა.
  6. ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.
  7. ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და უბნობისა.
  8. ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
  9. რას არგებს მაშვრალს შრომა მისი – რისთვისაც იღწვის?
  10. კიდევაც ვნახე საზრუნავი, ღმერთმა რომ მისცა ადამის ძეთ მათ სატანჯველად.
  11. მან თავის დროზე ყველაფერი შექმნა მშვენივრად, კაცთა გულებს უბოძა მთელი სამყარო, ოღონდ ისე რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.
  12. ვუწყი, რამეთუ – არაფერია კაცთათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს.
  13. ადამიანს თუ არ აკლდება საჭმელ-სასმელი, და შრომის წილ სიკეთეს ჰპოვებს – მადლია ეს – ღვთის ნაბოძები.
  14. ვუწყი ისიც, რომ ყოველივე – ღვთის მიერ ქმნილი – იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.
  15. რაიც ყოფილა – იგივე არს, და რაც იქნება – ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს.
  16. კიდევ ეს ვნახე ამ მზისქვეშეთში; განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას, მართალის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა.
  17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს – როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს თავ-თავის დრო იქ დაუდგება.
  18. და ვთქვი ჩემს გულში ადამიანის შვილების გამო: – ასე გამოსცდის თურმე მათ ღმერთი, რომ დაანახოს: ჟამს შესაქმისას როს განასხვავა, – ისეთივე პირუტყვები არიან მხოლოდ.
  19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია: ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს; და სუნთქვაც ყველას ერთნაირი აქვს; კაცი პირუტყვზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყოველივე ამაოა.
  20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწიდან მოდის, ყველაფერი მიწად იქცევა.
  21. რომელი იტყვის, რომ კაცის სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისაკენ?
  22. ვხედავ, კაცისთვის უკეთესი არაფერია, რომ გაიხაროს თავისი ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილხვედრი. ვინ მოიყვანს მას ხილვად იმისა, თუ რა იქნება შემდგომად მისა?

მეოთხე თავი

  1. კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც მზის ქვეშ ხდება. აჰა იღვრება ჩაგრულთა ცრემლი – მოძალადეთა ხელშია ძალა – არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი.
  2. ნეტარ არიან განსვენებულნი, რომლებიც უკვე მკვდრები არიან – მათზე რომელნიც ცოცხლობენ ჯერაც.
  3. და ორთავეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა, და არ უხილავს ის ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება.
  4. ისიცა ვნახე, რომ მთელი შრომა და სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურისგანაა. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
  5. ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
  6. ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს.
  7. და ისევ ნახე ამაოება ამ მზისქვეშეთში.
  8. არსებობს მარტოხელა, არ ჰყავს არავინ – არც ძმა, არც შვილი; მაინც არ უჩანს ბოლო მის ჯაფას და ვერა ძღება თვალი მისი დოვლათის ხილვით. ,,ვისთვისღა ვშრომობ და რად ვაკლებ ჩემს სულს სიამეს?“ ამაოება არის ესეც და ფუჭი საქმე.
  9. მარტოდ ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ შრომა-გარჯისთვის.
  10. რამეთუ თუკი წაიქცევიან – ერთი მეორეს წამოაყენებს. მარტოხელას კი – თუ დაეცა – ვინღა უშველის?
  11. თუ ორნი დაწვნენ – გათბებიან; ვითღა გათბება ეულად მყოფი?
  12. თუ ერთს სძლევს ვინმე, ორი ერთს ხომ გაუმკლავდება; ისე იოლად არ გაწყდება სამმაგი ძაფი.
  13. ღატაკი, მაგრამ ბრძენი მოყმე სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ ხელმწიფეს – შეგონებას რომ არად დაგიდევს.
  14. მეფობისთვის რომ იშვა უპოვრად; ხოლო იგი ყრმა საპყრობილესაც თავს დააღწევს გასამეფებლად.
  15. ვხედავ: ყოველ მკვიდრს, ვინ კი დადის ამ მზისქვეშეთში, ის მეორე ყმაწვილი ახლავს – ეს მისი სხვაა, რომ დადგება მყისვე მის ნაცვლად.
  16. არ უჩანს ბოლო ხალხებს – ყველას, მათ წინ რომ იყვნენ, და არც შემდგომი მოინატრებს მათ. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
  17. დაუკვირდი შენს ნაბიჯებს ღვთის სახლისკენ როცა წახვალ; და მოსმენა ამჯობინე; არ შესწირო მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად; ღვთისმოსავებს არ სჩვევიათ ბოროტების ქმნა.

თავი მეხუთე

  1. ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გიჩქარის სიტყვის წარმოთქმად ღმერთის წინაშე; ღმერთი ცაშია, შენ კი – მიწაზე. ამად იკმარე სიტყვანი ცოტა.
  2. რამეთუ როგორც სიზმარი მოსდევს მრავალ საზრუნავს, ისე ბრიყვის ნაუბარია – მრავალ სიტყვისგან.
  3. როცა აღთქმას დაუდებ უფალს, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან არ სწყალობს იგი უგუნურთ. აღასრულე რასაც აღუთქვამ.
  4. სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ შეასრულო.
  5. ნუ აღთქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც თავს იმართლებ ანგელოზის წინ – როგორ შევცდიო! რატომ განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და იავარჰყოს შენი ხელთქმნილი?
  6. ვინაიდან ბევრ ოცნებაში ამაოებაც ბევრია და სიტყვამრავლობაც; მოშიშება გქონდეს ღმერთისა.
  7. თუ ნახავ ქვეყნად ღატაკთა ჩაგვრას, გამრუდებულ სამართალს და მართლმსაჯულებას – ნუ გაიკვირვებ, რამეთუ მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი, ხოლო მათ ზედა კიდევ არის უფრო მაღალია.
  8. უკეთესია ის ქვეყანა, სადაც მეფე ყანისთვის იღწვის.
  9. ფულის მოტრფიალე, ფულით ვერ გაძღება, საწყაულს ვერ აღივსებს სიმდიდრის მოყვარული. არის ესეც ამაოება.
  10. დოვლათის მომრავლებას მჭამელიც უმრავლდება; რა დარჩენია პატრონსა მისსას? – თავისი თვალით მხოლოდ ყურება.
  11. ტკბილია ძილი მშრომელი კაცის – გინდ ცოტა ჭამოს, გინდა ბევრი; სიმაძღრე კი ძილს უფრთხობს მდიდარს.
  12. არის მიხილავს, მძიმე სენი ამ მზისქვეშეთში – რომ ავნებს პატრონს დამარხული სიმდიდრე მისი.
  13. დაიკარგება ეს სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო; ვაჟი ეყოლა, მაგრამ ხელში არა შერჩა რა.
  14. როგორც შიშველი გამოვიდა დედის მუცლიდან, ისევე წავა – არრას წაიღებს თავის ხელით თავის შრომისგან.
  15. ისეც მტანჯველი ბოროტებაა – როგორც მოვიდა, ისე რომ წავა – რა სიკეთეა ფუჭი გარჯისგან?
  16. დარდით, ტკივილით გულგასენილი მთელ თავის დღეებს ბნელში ამოჭამს.
  17. აი, რაში ვჭვრეტ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: მთელი თავისი გარჯის სანაცვლოდ, ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი სიცოცხლის დათვლილ დღეებში, ღმერთმა რომ მისცა ამ ცისქვეშეთში, რადგან ესაა მისი წილხვედრი.
  18. რადგან კაცისთვის ღვთის წყალობაა – ის სიმდიდრე, ქონება და ძალაუფლება, ღმერთმა რომ მისცა, და იმისი შნოც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი თავის ნაღვაწით და გაიხაროს.
  19. რადგან არც ისე მრავალი აქვს ცხოვრების დღენი – ახსოვდეს ეს და მიაგებს ღმერთი მას გულის სიმხიარულეს.

თავი მეექვსე

  1. არის სიავე ვნახე ამ მზისქვეშეთში; ძალზე დიდია იგი კაცთათვის.
  2. მისცემს კაცს ღმერთი დიდ სიმდიდრეს, ქონებას, პატივს; ყველაფერი აქვს, სული მისი რასაც ინატრებს, მაგრამ ღმერთი არ აძლევს ძალას ეს სიკეთე რომ მოიხმაროს და უცხო ვინმე შთანთქავს ყველაფერს. ამაოება არის ეს და ბოროტი სენი.
  3. ასი შვილიც რომ შვას კაცმა და იცოცხლოს მრავალი წელი, თუ არ გამძღარა მისი სული სიამით და საფლავიც არ ღირსებია – ვიტყვი – უჯობდა დედის მუცელს მოწყვეტილიყო.
  4. ფუჭად რომ მოვა და ბნელში წავა, და წყვდიადში რომ დაინთქმევა სახელი მისი.
  5. მზეც რომ არ უნახავს და არც გაუგია – ასეთს უფრო აქვს შვება, ვიდრე მას.
  6. თუნდაც იცოცხლოს ორჯერ ათას წელს და ვერაფერი სიკეთე ნახოს, რა ბედენაა? – მაინც ყველა ერთ ადგილს მივა.
  7. ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.
  8. მაშ, რაღა აქვს ბრძენს უფრო მეტი, ვიდრე უგუნურს?- ანდა, – რა ღარიბს რომელმაც იცის ამა ცხოვრების ,,ანი“ და ,,ბანი“?
  9. სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გონს აჰყვე. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
  10. რაიც კი იყო, ყოველივეს ძველთაგანვე სახელი ჰქვია; და ცნობილია, – არ ძალუძს დავა ადამიანს მასზე ძლიერთან.
  11. ბევრი რამაა, რაც ამრავლებს ამაოებას; მათგან კაცისთვის რა ხეირია?
  12. რადგან ვინ უწყის – რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში. აჩრდილივით რომ გაატარებს; ან ვინ ეტყვის კაცს, რა იქნება მის შემდეგ მზის ქვეშ?

მეშვიდე თავი

  1. კარგი სახელი სჯობია, კარგ ზეთს და სიკვდილის დღე – დაბადების დღეს.
  2. ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან ესაა ბოლო კაცისა, დაე ცოცხლმა ყურად იღოს ეს.
  3. ჯავრი სჯობს სიცილს, რამეთუ სახის მოწყენისას კეთილ არს გული.
  4. ბრძენთა გული გლოვის სახლშია, სულელთა გული – მხიარულების.
  5. გიჯობს ბრძენისგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვთაგან სიმღერას ქების.
  6. რამეთუ – ქვაბქვეშ ალმოდებულ ფიჩხის ტკაცუნს ჰგავს სიცილი ბრიყვის და არის ესეც ამაოება.
  7. ჩაგვრა ბრძენსაც აუგუნურებს, ხოლო ქრთამი რყვნის გულს კაცისას.
  8. საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს. ხოლო მომთმენი სჯობს ამპარტავანს.
  9. გულისწყრომად ნუ აჩქარდები, რადგან სიბრაზე უგუნურთა უბეში ბუდობს.
  10. ნუ იტყვი: წარსულის დღენი როგორ სჯობდაო ახლანდელს? – რადგანაც სიბრძნით არ იკითხე ეს.
  11. კარგია სიბრძნე, მემკვიდრეობაც – დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
  12. რამეთუ სიბრძნის საბურველი ვერცხლის ჩრდილსა ჰგავს: მაგრამ ცოდნა უპირატესობს და აცოცხლებს სიბრძნე მის მფლობელს.
  13. შეხედე ღმერთის ნამოქმედარს: ძალუძს კი ვინმე გამართვა მისგან გამრუდებულის?
  14. ბედნიერ დღეს ისვეკეთილე, ძნელბედობის ჟამს გაჩხრიკე, რომ ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა ერთი-მეორეს სიპირისპიროდ – როგორც თქმულია: რათა მის იქით ადამიანი ვერაფერს ჩაწვდეს.
  15. ეს ყველაფერი ჩემს ამაო დღეებში ვნახე: ალალ-მართალი იღუპება თავის სიმართლით, უკეთური კი ხანგრძლივობს თავისივე არამზადობით.
  16. ნუ იქნები მეტისმეტად მართალი და არც დიდი მონდომებით იბრძენო – რატომ უნდა იყო შეძრწუნებული?
  17. ნამეტანს ნუ იავკაცებ და ნურც ბრიყვი იქნები – რატომ უნდა მოისწაფო სიცოცხლე?
  18. კარგია თუ ერთს ჩაეჭიდები და არც მეორეს უშვებ ხელს; ღვთისმოშიში გადალახავს ყველაფერს.
  19. ქალაქის ათ გამგებელზე აღმატებულ ძალით მოსავს სიბრძნე ბრძენს.
  20. არ იპოვება დუნიაზე მართალი კაცი, ვინაც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
  21. ყურს ნუ მიუგდებ ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, რომ არ გესმოდეს, მონა შენი როგორ გაძაგებს.
  22. რამეთუ იცის გულმა შენმა, რომ შენც ბევრჯერ აგინებდი სხვებს.
  23. სიბრძნით გამოვცადე ყველაფერი ეს, ვიფიქრე – ,,ბრძენი ვიქნები“ მაგრამ შორსაა, შორს ჩემგან სიბრძნე.
  24. შორსაა ის, რაც იყო და ღრმა არის, ღრმა – ვინ მიაგნებს მას?
  25. გულს კიდევ, რათა შემეცნო, მეძებნა, გამომეკვლია სიბრძნე და გონიერება; გამეგო რომ: უკეთურება – უმეცრებაა, ხოლო სიბრიყვე – უგუნურება.
  26. მივხვდი: სიკვდილზე მწარეა ქალი, – მახეა იგი, და გული მისი – ბადე, ხელები მისი – ხუნდები; ღვთის სათნო გადაურჩება, დატყვევდება ცოდვილი.
  27. აი, რას მივხვდი, – თქვა კოჰელეთმა – თანმიყოლებით უნდა მისდიო, დასკვნა რომ გამოიტანო.
  28. კიდევ რას ეძიებდა სული ჩემი და ვერ ვიპოვე? ათასიდან მამაკაცი ერთი ვიპოვე, და ამ ყველათაგან ქალი ვერ ვიპოვე.
  29. მხოლოდ ეს ვპოვე: არსთაგამრიგემ წრფელი შექმნა ადამიანი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.

მერვე თავი

  1. ვინ შეედრება ბრძენს და ვინ შეიცნობს საგნის ბუნებას? ადამიანის სიბრძნე შუქს ჰფენს მის სახეს და არბილებს სახის სიტლანქეს.
  2. გირჩევ: დაიცავ მეფის ბრძანება, როგორც ღვთისადმი მიცემული აღთქმა – შეფიცვა.
  3. ნუ ჩქარობ გაცლას მისი პირისგან და ცუდ საქმეში ნუ გაერევი, რამეთუ რასაც მოინდომებს, ის აღსრულდება.
  4. ძალამოსილია სიტყვა მეფისა – რას აკეთებო? – ვერვინ შეჰკადრებს.
  5. არ შეემთხვევა ავი საქმე აღთქმის შემნახველს; გრძნობს ბრძენის გული ჟამსაც და წესსაც.
  6. ვინაიდან ყოველ საგანს აქვს დრო და კანონი; და ეძალება კაცს ბოროტება.
  7. რადგან არ იცის მან, რა იქნება; ან ვინ ეტყვის მას, რაც კი მოხდება?
  8. ვერვინ მბრძანებლობს ქარზე: ვინ შეაჩერებს ქარს? ვერვინ განაგებს დღეს სიკვდილისას, არ არის ომში მოციქულობა, ვერ იხსნის  ავ კაცს თავისი უკეთურობა.
  9. ესე ყოველი ვიხილე და გულთან მიმქონდა ყველა ის საქმე, რაც მზის ქვეშ ხდება; ის დროცა ვნახე – ადამიანი ადამიანზე მის საზიანოდ როს მბრძანებლობდა.
  10. კიდევაც ვნახე დამარხული უკეთურები – წმინდა ადგილას რომ მოდიოდნენ და მიდიოდნენ – დავიწყებულნი იმ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ. არის ესეც ამაოება.
  11. რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ავი ზრახვებით აქვთ გული სავსე ადამიანებს.
  12. ასჯერ ჩაიდენს ბოროტ საქმეს ცოდვილი და – მიეტევება; და ისიც ვიცი- მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ, მის წინაშე რომ დადიან მოკრძალებულად.
  13. ვერ გაიხარებს უკეთური, ვერ გასტანს დიდხანს, და გადაივლის, ვითარცა ჩრდილი, რამეთუ ღმერთის არ ეშინია.
  14. არის კიდევ ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: როცა ღვთისმოსავთ უკეთურთა დღე დაადგებათ და უკეთურებს – ღვთისმოსავთა დღე. ვთქვი: არის ესეც ამაოება.
  15. და ხოტბას ვასხამ მხიარულებას, რადგან არ არის სხვა სიკეთე კაცისთვის ამ მზისქვეშეთში – რომ ჭამოს, სვას და იმხარულოს; და, დე გაჰყვეს ეს მას შრომისათვის თავის სიცოცხლის იმ დღეებში, მზისქვეშეთში რომ მისცა ღმერთმა.
  16. როცა გულს ვიდევ, შემეცნო სიბრძნე და მომეხილა ყველა ის საქმე, რაც ქვეყნად ხდება, ჩემს თვალებს ძილი არ უნახავთ არც დღე, არც ღამე.
  17. და დავინახე ღვთის ყოველი ნამოქმედარი: რომ არ ძალუძს ადამიანს ჩასწვდეს საქმეებს, რაც მზის ქვეშ ხდება; რაც უნდა დაშვრეს და იძიოს – ვერას მიხვდება; და თუნდ თქვას ბრძენმა  – აჰა, ვიციო! მაინც ვერ შესძლებს ყოვლის მიხვედრას.

მეცხრე თავი

  1. ყველაფერს ამას გული დავუდე. ესე ყოველი რომ გამერკვია: მართალნი, ბრძენნი, საქმენი მათი ღმერთის ხელთაა. გინდ სიყვარული, გინდ სიძულვილი – რაც კი მოელის – არ უწყის კაცმა.
  2. ყველაფერი ყველასთვის ერთნაირია; ერთი ხვედრი აქვს მართალს და ავკაცს, კეთილს და სპეტაკს, და უწმინდურსაც; მსხვერპლის შემწირველს და არშემწირველს; როგორც უცოდველს, ისევე ცოდვილს; მოფიცარსა და მოშიშს ფიცისას.
  3. ბოროტებაა იმ ყველაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება – რომ ყველასათვის ხვედრი ერთია; და ამის გამო, ადამიანი შვილთა გულებიც აღსავსეა ავი ზრახვებით და უმეცრებით, ვიდრე ცოცხლობენ, ხოლო შემდეგ კი – გადავლენ მკვდრებად.
  4. რამეთუ ცოცხლად შერაცხილში იმედი მძლავრობს; ცოცხალი ძაღლი მკვადარი ლომის უმჯობესია.
  5. რადგან იციან ცოცხლებმა, რომ სიკვდილი ელით, ხოლო მკვდრებმა არრა იციან; აწ საზღაურიც არ მიეზღვებათ – ხსოვნა მათი დავიწყებულ არს.
  6. და წარხდა მათი სიძულვილით, შურიც და ტრფობაც. აღარ აქვთ წილი უკუნისამდე აღარაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება.
  7. წადი, ჭამე პური შენი სიმხიარულით, სვი შენი ღვინო კეთილი გულით, რადგან ღმერთისთვის სასურველია საქმენი შენი.
  8. ყოველ ჟამს იყოს სამოსელი შენი სპეტაკი, და არ მოაკლდეს თავსა შენსას სურნელი ზეთი.
  9. დატკბი ცხოვრებით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს, შენი ამაო წუთისოფლის ყველა დღეებში, რაიც მოგეცა ამ მზისქვეშეთში, რადგან ესაა შენი წილხევდრი ცხოვრებაში და იმ შრომაში, რაც მზისქვეშ გაგიწევია.
  10. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელს – აკეთე; რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, ცოდნა თუ სიბრძნე არ არსებობს იქ, იმ ქვესკნელში, სადაც მიდიხარ.
  11. კიდევ ის ვნახე მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არცა ძლიერთა ნებაზე – ომი, არცა ბრძენთა ნებაზე – პური, არც გონიერთა ნებაზე – ხვავი, და არც მცოდნეთა ნებაზე – მადლი. დრო და შემთხვევა განაგებს ყოველს.
  12. ისიც არ იცის ადამიანმა, როდის მოაწევს მისი დრო-ჟამი; როგორც თევზები, ავ ბადეში გახვეულები, ან კაკანათში გაბმული ჩიტი, ისე ებმება ძე კაცისა მოულოდნელად თავსდატეხილ ავბედითი დროის მახეში.
  13. კიდევ ასეთი სიბრძნე ვიხილე მზისქვეშეთში და საგულისხმოდ შევრაცხე ჩემთვის:
  14. იყო ქალაქი მცირე, და ხალხი ცოტა მასში. მოადგა დიდი მეფე გარსშემოატყა ლაშქარით, შემოაშენა დიდი სიმაგრეები მძლავრი.
  15. გამოჩნდა ხალხში ვინმე – ღარიბი, მაგრამ ბრძენი, და მან თავისი სიბრძნით იხსნა ქალაქი იგი; თუმც აღარავის გახსენებია ის უპოვარი კაცი.
  16. და გავიფიქრე: ზოგჯერ სიმამაცეს სჯობს სიბრძნე; მაგრამ აბუჩად იგდებდნენ საწყალი კაცის სიბრძნეს, არ უსმენდნენ მის სიტყვებს;
  17. ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უფრო ისმის, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
  18. სიბრძნე სჯობია საომარ აბჯარს: მაგრამ დაღუპავს ბევრ სიკეთეს ერთი ცოდვილი.

მეათე თავი

  1. მკვდარი ბუზები აყროლებენ და აფუჭებენ სურნელოვან ზეთს, მცირე სიბრიყვე გადაწონის პატივს და სიბრძნეს.
  2. გული ბრძენისა მარჯვნით იხრება, სულელის გული – მარცხნით.
  3. რა გზითაც უნდა წავიდეს ბრიყვი – ჭკუა აკლია – თითქოს და ყველას ეუბნება, რომ სულელია.
  4. თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, ადგილს შენსას ნუ მიატოვებ – თვინიერება ფარავს დიდ ცოდვებს.
  5. არის სიავე, მზის ქვეშ რომ ვნახე, როცა შეცდომა მომდინარეობს მმართველისაგან.
  6. უმეცრება განდიდდა მეტად, მდიდრები კი სიმდაბლით სხედნან.
  7. ვნახე მონები ცხენებზე მსხდარნი, ხოლო თავადნი მონებივით ფეხით მავალნი დედამიწაზე.
  8. ორმოში თავად ჩავარდება ორმოს გამთხრელი, ღობის მომრღვევს კი გველი დაშხამავს.
  9. ქვების გადამწევს ქვავე მოსწყვეტს წელს, ხეების გამჩეხს ხისგან აქვს საფრთხე.
  10. თუ დაბლაგვდა რკინა და არ ალესე – ზედმეტი ძალა დაგადგება; ჭკუით უნდა წარმართო საქმე.
  11. დაგესლავს გველი, თუ არ სისინებს? განა რამით უპირატესობს გრძელი ენის პატრონი გველზე?
  12. ბრძენის პირიდან ნათქვამ სიტყვებს სიამე ახლავს, უგუნურს კი თავისივე ბაგენი შთანთქავს.
  13. სიბრიყვეა დასაბამი მისთა სიტყვათა, ხოლო შედეგი მისი პირის – ავი სიშლეგე.
  14. ყელყელაობს სულელი და სიტყვებს ამრავლებს, რა იქნება – არ იცის კაცმა; ვინ აუწყებს მას – რა მოხდება მერმე, მის შემდეგ?
  15. დამქანცველია ბრიყვისთვის მისივე გარჯა, ისიც არ იცის, ქალაქისკენ როგორ წავიდეს.
  16. ვაი, ქვეყანავ, ყრმა რომ გყავს მეფედ, დიდებულნი რომ დილიდანვე იწყებენ ჭამას.
  17. ნეტარ, ქვეყანავ, თუ მეფე შენი არავის ჰმონებს, წარჩინებულნი დროით რომ ჭამენ – არა სალხინოდ – მოკრებად ძალთა.
  18. სიზარმაცისგან სახლის ჭერი ჩამოწვება და გულხელდაკრეფით წყალი იდინებს.
  19. სამხიარულოდ მართავენ ნადიმს, ღვინო ცხოვრებას ახალისებს, ხოლო ვერცხლი კი ყველაფრისთვის პასუხს მიაგებს.
  20. შენს ფიქრებშიც კი ნუ გაივლებ მეფის ძაგებას, შენს საძინებელ ოთახშიც კი ნუ ლანძღავ მდიდარს, რადგან – ცის ფრინველი წაუღებს ნათქვამს და ფრთოსანი აუწყებს ამბავს.

მეთერთმეტე თავი

  1. პური შენი წყალს გაატანე, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ, კვლავ მოიძიებ.
  2. უწილადე შვიდს და – რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედობა მოხდება ქვეყნად.
  3. როცა ღრუბლები აღივსებიან, წვიმას ღვრიან დედამიწაზე; ხე თუ წაიქცა – გინდ სამხრეთით, გინდ ჩრდილოეთით – რა ადგილზეც დაეცემა, იქვე დარჩება.
  4. ვინც ქარს დარაჯობს – ვერ დათესავს; ვერ მოიმკის ღრუბლებს შემყურე.
  5. როგორც არ იცი გზა ქარისა, ანდა – საიდან ჩნდება ძვლები მუცლის წიაღში, ისე  არ უწყი საქმენი ღვთისა, რომელიც ყოველს და ყველაფერს ქმნის.
  6. დილით დათესე შენი სათესი და ხელსა შენსას მწუხრის ჟამსაც ნუ მოასვენებ, რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა – ეს თუ ის საქმე – იქნებ ორივე ერთიანად კარგი გამოდგეს.
  7. ტკბილ არს სინათლე, საამურია თვალებისთვის დანახვა მზისა.
  8. თუნდაც მრავალ წელს ცოცხლობდეს კაცი და სულ ხარობდეს – ბნელი დღენიც რომ ბევრი იქნება – ესეც ახსოვდეს; რაიც კი მოვა – ყველაფერი ამაოება.
  9. იხარე ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს გულმა დღეებში შენი სიყმაწვილისა; მიჰყევი შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე – ამ ყველაფრისთვის სამსჯავროზე ღმერთი წარგადგენს.
  10. უკუიყარე დარდი გულიდან და უამური რამ სხეულს არიდე; ყოველივე წარმავალია – ბავშვობაც, ყრმობაც და სიყმაწვილეც.

მეთორმეტე თავი

  1. გახსოვდეს შენი გამჩენი, დღეებში შენი სიჭაბუკისა, ვიდრე მოვიდოდეს ცუდი დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი – აღარ მინდა მე ისინიო.
  2. ვიდრე დაბნელდებოდეს მზე და ნათელი, და მთვარე და ვარკვლავები; ვიდრე ღრუბლები დაბრუნდებოდნენ წვიმის შემდეგ.
  3. იმ დღემდე ვიდრე შეკრთებოდნენ სახლის მცველები, მოიხრებოდნენ კაცნი ძლიერნი, დაფქვას შეწყვეტდნენ მეწისქვილენი, როს დასაფქველი ცოტა იქნება, დაუბნელდებიათ ნაპრალთა მჭვეტელთ.
  4. დაიხშობოდეს ქუჩის კარები, და ხმაური დოლაბისა მიჩუმდებოდეს, და ჩიტის ხმაზე წამოდგებოდნენ, და მგალობელთა ყოველი მუზა დადუმდებოდეს.
  5. სიმაღლისაც შეშინებოდეთ, გზად ხიფათი დაივანებდეს; ვიდრე ნუში გამწარდებოდეს, კუტკალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაირღვეოდეს, – რამეთუ თავის საუკუნუ სახლში მიდის ადამიანი და შუკებში ტრიალებენ ჭირისუფალნი.
  6. მანამდე, სანამ გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი, გატყდებოდეს ოქროს ფიალა, დაიმხსვრეოდეს დოქი წყაროზე და ოწინარის ბორბალი ჭაში ჩაეშვებოდეს.
  7. მიიქცეოდეს მტვერი მიწად, ვითარცა იყო; დაბრუნდებოდეს ღმერთთან სული რომელიც მისცა.
  8. ამაოება ამაოებათა – თქვა კოჰელეთმა – ყოველივე ამაოა.
  9. ხომ ბრძენი იყო კოჰელეთ თავად, აძლევდა ცოდნას ხალხსაც, იძიებდა და მსჯელობდა, თხზავდა იგავებს მრავალს.
  10. შესაფერისს სიტყვებს ეძიებდა კოჰელეთ და ჰპოვებდა კიდეც, და დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები წრფელად.
  11. ვითარც ნესტარი – წვერგამახული ისრები და ჩაჭედილი ლურსმნებია ბრძენთა სიტყვები, მათ შემგროვებლებს რომ ებოძათ ერთი მწყემსისაგან.
  12. და კიდევ გეტყვი, შვილო ჩემო, და ყურად იღე: განეკრძალე ბევრი წიგნის წერას, რადგან სასრული არ ექნება და სხეულისთვის დამღლელია მრავალია კითხვა.
  13. მოვისმინოთ ყველაფრის დასკვნა: დე, გეშინოდეს ღმერთისა და დაიცავი მცნებანი მისი, რადგან ეს არის კაცისათვის თავი და თავი.
  14. რამეთუ ყველა საქმეს სამსჯავროზე მოიტანს ღმერთი – თუ გინდ დაფარულს, გინა კარგს და გინდა ცუდს.

Blog at WordPress.com.

ზედა ↑