თავი 23
1. და იყო სარას სიცოცხლე ას ოცდაშვიდი წელიწადი – სარას სიცოცხლის წლები. 2. და გარდაიცავალა სარა კირიათ-არბაში, იგივე ხებრონში, ქენაანის ქვეყანაში; და მივიდა აბრაჰამი სარას საგლოვად და მის დასატირებლად. 3. და წამოდგა აბრაჰამი თავისი მიცვალებულის პირისაგან და უთხრა ხეთელებს ასე: 4. ხიზანი და მკვიდრი მცხოვრები ვარ თქვენთან; მომეცით თქვენთან ნაკვეთი საფლავისათვის და დავასაფლავებ ჩემს მიცვალებულს ჩემი პირისაგან. 5. და უპასუხეს ხეთელებმა აბრაჰამს, და უთხრეს მას: 6. მოგვისმინე, ბატონო ჩემო, ღმერთის თავადი ხარ ჩვენს შორის; ჩვენი აკლდამებიდან საუკეთესოში დაკრძალე, შენი მიცვალებული; არც ერთი ჩვენგანი არ დაგიშლის შენი მიცვალებულის დაკრძალვას თავის აკლდამაში. 7. და ადგა აბრაჰამი და თაყვანი სცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს. 8. და ელაპარაკა მათ ასე: თუ თქვენი სურვილია, რომ დასაფლავდეს ჩემი მიცვალებული ჩემი პირისაგან, მაშ, მომისმინეთ და თხოვეთ ჩემ მაგიერ ეფრონს, ცოხარის ძეს. 9. რათა მომცეს მახფელის გამოქვაბული, რომელიც მას აქვს თავისი მინდვრის ბოლოში; ფასდაუკლებლად მომცეს იგი საფლავის ნაკვეთად თქვენს შორის. 10. ხოლო ეფრონი იჯფა ხეთელებს შორის, და უპასუხა ხეთელმა ეფრონმა აბრაჰამს ხეთელთა გასაგონად, ყველას წინაშე, ვინც კი მისი ქალაქის ჭიშკარში შედიოდა, და თქვა: 11. არა, ბატონო ჩემო, მომისმინე: მინდორი მომიცია შენთვის, და გამოქვაბული, რომელიც იქ არის, შენთვის მომიცია; ჩემის ხალხის შვილთა თვალწინ მოგეცი შენ; დაასაფლავე შენი მიცვალებული.12. და თაყვანი სცა აბრაჰამმა ამ ქვეყნის ხალხს. 13. და ელაპარაკა ეფრონს ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად, და უთხრა: ნეტამც მომისმენდე მე! გაძლევ ვერცხლს მინდვრისათვის, გამომართვი და იქ დავასაფლავებ ჩემს მიცვალებულს. 14. და უპასუხა ეფრონმა აბრაჰამს ასე: 15. ბატონო ჩემო, მომისმინე: მიწა – ოთხასი ვერცხლის შეკელი ჩემსა და შენს შორის, რა არის ეს? შენი მიცვალებული კი დაასაფლავე. 16. და მოუსმინა აბრაჰამმა ეფრონს, და მოუწონა აბრაჰამმა ეფრონს ვეცხლი, რომლის შესახებაც ლაპარაკობდა იგი ხეთელთა გასაგონად – ოთხასი ვერცხლის შეკელი, რომელიც ვაჭრობაში იხმარებოდა. 17. ასე გახდა ეფრონის მინდორი, რომელიც მახფელაშია, მამრეს წინ,მინდორი და მასზე მდებარე მღვიმე, და ყოველი ხე, რომელიც მინდორშია, მის მთელ საზღვრებში ირგვლის. 18. აბრაჰამისა, როგორც ნასყიდობა ხეთელთა თვალწინ, ვინც კი ქალაქის ჭიშკარში შემოდიოდა. 19. ხოლო ამის შემდეგ დაკრძალა აბრაჰამმა მისი ცოლი სარა მახფელის მინდვრის მღვიმეში, მამრეს, იგივე ხებრონის წინ, ქენაანის ქვეყანაში. 20. ასე გახდა მინდორი და მასზე მდებარე მღვიმე აბრაჰამისა, სასაფლაო ნაკვეთად ხეთელებისაგან.
თავი 24
1. და მოხუცდა აბრაჰამი, სიბერეში შევიდა; და აკურთხა ღმერთმა აბრაჰამი ყველაფრით. 2. და უთხრა აბრაჰამმა თავის მონას, უხუცესს თავის სახლში, რომელიც განაგებდა ყოველივეს, რაც მას გააჩნდა: დამადე ხელი ბარძაყის ქვემოთ. 3. და დაგაფიცებ უფალს, ცის ღმერთს და ქვეყნის ღმერთს, რომ არ მოუყვანო ცოლად ჩემს ვაჟიშვილს ასულთაგანი ქენაანისა, სადაც მე ვცხოვრობ. 4. არამედ ჩემს მიწა- წყალზე და ჩემს სამშობლოში წადი და მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟიშვილს იცხაკს. 5. და უთხრა მას მონამ: იქნებ არ ისურვოს იმ ქალმა, რომ წამომყვეს ამ ქვეყანაში; დავაბრუნო შენი შვილი იმ ქვეყანაში, საიდანაც შენ მოხვედი? 6. და უთხრა მას აბრაჰამმა: გაფრთხილდი, არამც დააბრუნო ჩემი შვილი იქ. 7. უფალი, ცათა ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მელაპარაკა მე და რომელმაც შემომფიცა ასე: ,,შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას.“ – ის წარმოგზავნის თავის ანგელოზს შენს წინაშე, და მოჰგვრი იქიდან ცოლს ჩემს შვილს. 8. ხოლო თუ არ ისურვებს ქალი, რომ წამოგყვეს, მაშინ შენ სუფთა ხარ ამ ჩემი ფიცისაგან; მხოლოდ ჩემი შვილი არ დააბრუნო იქ. 9. და დადო მონამ თავისი ხელი თავისი ბატონის აბრაჰამის ბარძაყს ქვემოთ და შეჰფიცა ამაზე. 10. და წაიყვანა მონამ ათი აქლემი თავისი ბატონის აქლემებიდან, და წავიდა: მის ხელთ იყო მისი ბატონის მთელი ავლა-დიდება; და ადგა, და წავიდა არამ-ნაჰარაიმში, ნახორის ქალაქში. 11. და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭის მახლობლად, საღამო ჟამს, წყლის ამომხაპველთა გამოსვლის დროს. 12. და თქვა: უფალო, ღმერთო ჩემი ბატონის აბრაჰამისა, მომეც დღეს შემთხვევა და მოუმოქმედე წყალობა ჩემს ბატონ აბრაჰამს. 13. აი, მე ვდგავარ წყაროს მახლობლად და ქალაქის მცხოვრებთა ასულნი გამოდიან, რომ წყალი ამოხაპონ. 14. დაე, იყოს, რომ ის ქალიშვილი, რომელსაც ვეტყვი: ,,გადმოსწიე შენი დოქი და დავლევ წყალს“ და მეტყვის: ,,დალიე და შენს აქლემებსაც დავაწყურვებ“, ის ღირსგეყოს შენი მონა იცხაკისათვის, და ამით მიხვდები, რომ წყალობა მოუმოქმედე ჩემს ბატონს. 15. ამას ჯერ დამთავრებულიც არ ჰქონდა ლაპარაკი, და აი, გამოვიდა რიბკა, რომელიც ეყოლა ბეთუელს – აბრაჰამის ძმა ნახორის ცოლის მილქას ვაჟიშვილს – დოქით მხარზე. 16. და ეს ქალიშვილი ძალიან მშვენიერი შესახედავი იყო, ქალწული, რომელსაც მამაკაცი არ მიჰკარებია; და ჩავიდა იგი წყაროსთან, და აავსო თავისი დოქი და ამოვიდა. 17. და გაიქცა მონა მის შესაგებებლად, და უთხრა: მასვი ცოტაოდენი წყალი შენი დოქიდან. 18. და მან უთხრა: დალიე, ბატონო ჩემი; და აჩქარებით ჩამოიღო დოქი თავის ხელზე, და დაალევინა. 19. მისი დალევინება რომ დაამთავრა, თქვა: შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ, ვიდრე საკმარისად დალევდნენ. 20. და აჩქარდა, ჩასცალა თავისი დოქი სარწყულებელში და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად, და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის. 21. და ეს კაცი გაოცებულია მისგან, დუმს და სურს გაიგოს, მართლა მისცა თუ არა წარმატება ღმერთმა მის გზას. 22. და იყო, როცა აქლემებმა დაამთავრეს სმა, აიღო ამ კაცმა ოქროს საცხვირე რგოლი ნახევარ შეკელის წონისა და ორი მისი ხელის სარგო სამაჯური ათი ოქროს წონისა. 23. და უთხრა: ვიცი ასული ხარ შენ? მითხარი, გეთაყვა, არის თუ არა მამაშენი სახლში ადგილი ჩვენთვის ღამის გასათევად? 24. და უთხრა მას: მე ვარ ასული ბეთუელისა, მილქას ვაჟიშვილისა, რომელიც მან შვა ნახორისათვის. 25. და უთხრა მას: თივაც ბევრი გვაქვს და საკვებიც, ღამის გასათევი ადგილიც. 26. და მუხლი მოიყარა ამ კაცმა და თაყვანი სცა უფალს. 27. და თქვა: კურთხეულ არს უფალი, ჩემი ბატონის – აბრაჰამის ღმერთი, რომელმაც თავისი წყალობა და ჭეშმარიტება არ მოაკლო ჩემს ბატონს; მე ვდგავარ გზას, რომლითაც მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის სანათესავოს სახლთან.28. და გაიქცა ქალიშვილი და მოჰყვა ამ ამბების შესახებ თავისი დედის სახლში. 29. ხოლო რიბკას ჰყავდა ძმა, სახელად ლაბანი; და გაიქცა ლაბანი იმ კაცთან გარეთ, წყაროსკენ.30. და იყო, როცა დაინახა საცხვირე რგოლი და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და მოისმინა თავისი დის რიბკას ამგვარი სიტყვები, ასე მელაპარაკა ის კაციო – მივიდა იმ კაცთან; და აი, იგი დგას აქლემებთან, წყაროს მახლობლად. 31. და უთხრა: მობრძანდი, უფლისაგან ნაკურთხო, რატომ დგახარ გარეთ? მე უკვე გავათავისუფლე სახლი და ადგილი აქლემებისათვის. 32. და შევიდა ის კაცი სახლში, ხოლო მან გაათავისუფლა აქლემები, და მისცა თივა და საკვები აქლემებს, წყალი – მისი ფეხებისა და მასთან მყოფი კაცების ფეხების დასაბანად. 33. და დაუდგეს საჭმელი წინ, მაგრამ მან თქვა: არა ვჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი: და მან უთხრა: ილაპარაკე. 34. და თქვა: აბრაჰამის მონა ვარ მე. 35. ხოლო უფალმა აკურთხა ჩემი ბატონი უაღრესად, და იგი განდიდდა; მისცა მას წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ვერცხლი და ოქრო, მონები და მხევლები, აქლები და სახედრები. 36. ხოლო სარამ, ჩემი ბატონის მეუღლემ, თავისი სიბერის ჟამს შვა ვაჟი ჩემი ბატონისათვის, რომელმაც მისცა მას ყოველივე, რაც კი გააჩნდა. 37. და დამაფიცა ჩემმა ბატონმა ასე: არ მოუყვანო ცოლად ჩემს ვაჟიშვილს ასულთაგანი ქენაანისა, რომლის მიწა-წყალზეც მე ვცხოვრობ. 38. არამედ მამაჩემის სახლეულში და ჩემს სანათესავოში წადი და მოჰგვარე ცოლი ჩემს ვაჟიშვილს. 39. და ვუთხარი ჩემს ბატონს: იქნებ არ წამომყვეს ის ქალი? 40. და მან მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც ვიარებოდი, ის გამოგაყოლებს თავის ანგელოზს, წარმატებას მისცემს შენს გზას, და მოყვან ცოლს ჩემს შვილს ჩემი საგვარეულოდან და მამაჩემის სახლეულიდან. 41. მაშინ განთავისუფლდები ჩემი ფიცისაგან, როცა მიხვალ ჩემს საგვარეულოში, და თუ არ მოგცემენ, თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისაგან. 42. და მივედი მე დღეს წყაროსთან და ვთქვი: უფალო, ღმერთო ჩემი ბატონისა აბრაჰამისა, თუ ნამდვილად წარმატებას მისცემ ჩემს გზას, რომლითაც მე მივდივარ. 43. აი მე ვდგავარ წყლის მახლობლად, და მოხდეს: ამოხაპვისთვის გამოსული ქალიშვილი, რომელსაც ვეტყვი: მასვი, გეთაყვა, ცოტაოდენი წყალი შენი დოქიდან. 44. და თუ მეტყვის: შენც დალიე და შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ – ის იქნება ქალი, რომელიც მიანიშნა უფალმა ჩემი ბატონის ვაჟისათვის. 45. ჯერ კიდევ არ დამემთავრებინა ჩემს თავთან ლაპარაკი და აი, გამოდის რიბკა დიქით მხარზე; და ჩავიდა წყაროსთან და ამოხაპა; და ვუთხარი მას: დამალევინე, გეთაყვა. 46. და მან აჩქარებით ჩამოიღო თავისი დოქი და თქვა: დალიე და შენს აქლემებსაც დავალევინებ; და დავლიე მე, და აქლემებსაც დაალევინა. 47. მე ვკითხე მას და ვუთხარი: ვისი ასული ხარ? და მან მითხრა: ბეთუელისა, ნახორის ვაჟიშვილისა, რომელიც მილქამ შვა მისთვის; და გავუკეთე რგოლი ცხვირის ნესტოზე და სამაჯურები – ხელებზე. 48. და მუხლი მოვიდრიკე და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის აბრაჰმის ღმერთი, რომელმაც დამაყენა ჭეშმარიტების გზაზე, რათა მიმეყვანა ჩემი ბატონის ნათესავის ასული მისი ვაჟისათვის. 49. და ახლა, თუ თქვენ მზად ხართ წყალობა და ჭეშმარიტება მოუმოქმედოთ ჩემს ბატონს, მითხარით მე, და თუ არა, მითხარით და გავბრუნდები მარჯვნივ ან მარცხნივ. 50. და უპასუხეს ლაბანმა და ბეთუელმა, და უთხრეს: უფლისაგან მოდის ეს საქმე: არ შეგვიძლია შენთვის ავის ან კარგის თქმა. 51. აგერ, რიბკა შენს წინაშეა; წაიყვანე და წადი: დაე, გახდეს ცოლის შენი ბატონის შვილა, როგორც უფალს უთქვამს. 52. და იყო, როცა მოისმინა აბრაჰამის მონამ მათი სიტყვები, მიწამდის დახარა თავი უფლის წინაშე. 53. და ამოიღო მონამ ვერცხლის ნივთები და ოქროს ნივთები, და ტანსაცმელი, და მისცა რიბკა. ხოლო ტკბილეულობა მისცმა მის ძმას და დედას. 54. და ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა, და ღამე გაათიეს: და როცა ადგნენ დილით, მან თქვა: გამიშვით ჩემს ბატონთან. 55. მაგრამ მისმა ძმამ და დედამ უთხრეს: დაე, დარჩეს ჩვენთან ქალიშვილი ერთ წელიწადს ან ათ თვეს, მერე წამოვიდეს. 56. და უთხრა მათ: ნუ დამაგვიანებთ, რამეთუ უფალმა წარმატება მისცა ჩემს გზას; გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან. 57. და უთხრეს მას: დავუძახებთ ქალიშვილს და ვკითხავთ, რას იტყვის. 58. და დაუძახეს რიბკას და უთხრეს: წახვალ ამ კაცთან ერთად? და მან თქვა: წავალ! 59. და გაუშვეს რიბკა, თავიანთი და, ეგრეთვე მისი ძიძა, და აბრაჰამის მონა და მისი კაცები. 60. და დალოცეს რიბკა და უთხრეს: დაო ჩვენო, გახდი ათიათასობით ათასი! და დაეუფლოს შენი შთამომავლობა თავის მოძულეთა ჭიშკარს. 61. და ადგა რიბკა, ასევე მისი მოახლეები; შესხდნენ აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს: ხოლო მონამ წაიყვანა რიბკა და წავიდა. 62. და იცხაკი მოვიდა ბეერ-ლახაი როიში ნეგების მიწაზე. 63. და გამოვიდა იცხაკი ველზე სასეირნოდ საღამო ჟამს; და აღაპყრო თვალი და დაინახა აგერ, მოდიან აქლემები. 64. და აღაპყრო რიბკამ თვალი და დაინახა იცხაკი, და გადმოეშვა აქლემიდან. 65. და უთხრა მონამ: ის არის ჩემი ბატონი; და მან აიღო პირბადე და ჩამოიფარა. 66. და მოუთხრო მონამ იცხალს ყველაფერი, რაც მოიმოქმედა. 67. და მიიყვანა იცხაკმა იგი თავისი დედის- სარას კარავში და შეირთო ცოლად და შეიყვარა იგი, და ინუგეშა იცხაკმა თავისი დედის შემდეგ.
თავი 25
1. და აბრაჰამმა კიდევ შეირთო ცოლი, სახელად კეტურა. 2. და მან შვა მისთვის ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. 3. ხოლო იოკშანს ეყოლა შება და დედანი, დედანის შვილები კი იყვნენ აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი 4. ხოლო მიდიანის შვილები: ეფა, ეფერი, ხანოხი, აბიდა და ელდაა – ყველა ესენი კეტურას შვილებია. 5. და მისცა აბრაჰამმა, რაც კი გააჩნდა, იცხაკს. 6. თავისი ხარჭების შვილებს კი აბრაჰამმა მისცა საჩუქრები და თავის სიცოცხლეში გაგზავნა ისინი თავისი შვილის იცხაკისგან შორს აღმოსავლეთით, კადემის ქვეყანაში. 7. აი, აბრაჰამის სიცოცხლის წლები, რაც მან იცოცხლა – ას სამოცდათხუთმეტი წელი. 8. და დალია სული, და გარდაიცვალა აბრაჰამი კეთილი სიბერით, მოხუცებული და გულნაჯერი, და შეეძინა თავის ხალხს. 9. და დაკრძალეს იგი იცხაკმა და იშმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელის მღვიმეში, ხეთელი ცოხარის შვილის ეფრონის მინდორში, რომელიც მამრეს წინარეა; 10. მინდორში, რომელიც იყიდა აბრაჰამმა ხეთელებისაგან, იქ დასაფლავდნენ აბრაჰამი და მისი ცოლი სარა. 11. და იყო, აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა მისი შვილი იცხაკი; და ცხოვრობდა იცხაკი ბეერ-ლახაი-როის მახლობლად. 12. და აი, შთამომავლობა აბრაჰამის ძის იშმაელისა, რომელიც ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა, შვა აბრაჰამისათვის. 13. და აი, იშმაელის შვილთა სახელები მათი სახელებისა და გვარტომობის მიხედვით: იშმაელის პირმშო ნებაიოთი და კედარი, ადბეელი, მიბსამი. 14. მიშმა, დუმა, მასა. 15. ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა. 16. ესენი არიან იშმაელის შვილები, და ეს არის მათი სახელები მათ სოფლებსა და ციხე-კოშკებში, თორმეტი თავადი, თავიანთი ტომების მიხედვით. 17. და ეს იყო იშმაელის სიცოცხლის წლები: ას ოცდაჩვიდმეტი წელი; და დალია სული, და გარდაიცვალა, და შეეძინა თავის ხალხს. 18. და დამკვიდრნენ ისინი დავილიდან შურამდის, რომელიც ეგვიპტის წინარეა, როცა აშურისაკენ მიდიხარ; ყველანი ერთიმეორის პირისპირ დასახლდნენ.