ფარაშა ,,ნოახ”
წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოცემა
თავი 6
9. აი, შთამომავლობა ნოახისა: ნოახი ალალმართალი, უმწიკვლო კაცი იყო მის თაობებში; ღმერთის გზით იარებოდა ნოახი. 10. და ეყოლა ნოახს სამი ვაჟი: შეთი, ხამი და იეფეთი. 11. და გაიხრწნა დედამიწა ღმერთის წინაშე და აივსო ქვეყანა ავკაცობით. 12. და გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას; და აი, გახრწნილა იგი, რადგან გაიმრუდა ყოველმა ხორციელმა თავისი გზა დედამიწაზე. 13. და უთხრა ღმერთმა ნოახს: ჩემს წინაშე მოვიდა ყველა ხორციელის აღსასრული, რადგან აივსო დედამიწა მათი ავკაცობით; და აი, მე ვსპობ მათ დედამიწასთან ერთად. 14. გაიკეთე შენთვის გოფერის ხის კიდობანი; კიდობანში სენაკები გააკეთე და წაუსვი მას ფისი შიგნიდან. 15. და აი, ასე გააკეთებ მას: სამასი წყრთა კიდობნის სიგრძე, ორმოცდაათი წყრთა სიგანე და ოცდაათი წყრთა სიმაღლე. 16. სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ერთი წყრთით დააცილე ზემოდან, და კიდობნის კარი მოათავსე მის გვერდით, გაუკეთე მას ქვედა, მეორე და მესამე სართულები. 17. და აი, მე მოვავლენ წარღვნას, წყალს დედამიწაზე ყველა სულიერის მოსასპობად, რომელშიც სიცოცხლის სულია, ცისქვეშეთში; ყველაფერს, რაც დედამიწაზეა, ბოლო მოეღება. 18. ხოლო შენთან შევკრავ კავშირს; და შეხვალ კიდობანში; შენ, შენი შვილები, შენი ცოლი და შვილების ცოლები შენთან ერთად. 19. და ყველა სულიერი არსებიდან, ყველა ხორციელიდან, ყველასგან ორ-ორს შეიყვან კიდობანში, რათა გადარჩნენ შენთან ერთად;მამრი და მდედრი იყვნენ ისინი. 20. ფრინველიდან მისი გვარეობის მიხედვით და პირუტყვიდან მისი გვარეობის მიხედვით, დედამიწის ყველა ქვეწარმავლიდან მისი გვარეობის მიხედვით, ყველასგან ორ-ორნი შემოვლენ შენთან, რათა გადარჩნენ. 21. და შენ წაიღე შენთვის ყოველნაირი საჭმელი, რომელიც საკვებად გამოგადგება, და დააგროვე შენთან; და იყოს შენთვის და მათთვის საჭმელად. 22. და გააკეთა ნოახმა ყოველივე; როგორც უბრძანა ღმერთმა, ისე გააკეთა.
თავი 7
1. და უთხრა უფალმა ნოახს: შედით შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე ალალმართლად ჩემ წინაშე ამ თაობაში. 2. ყველა სუფთა პირუტყვიდან წაიყვანე შენთვის შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი, და პირუტყვიდან, რომელიც არაა სუფთა ორ-ორი, დედალ-მამალი. 3. ცის ფრინველიდანაც შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი, მთელი დედამიწის ზურგზე თესლის გადასარჩენად. 4. რადგან შვიდი დღის შემდეგ მე ვაწვიმებ დედამიწაზე ორმოც დღეს და ორმოც ღამეს, და წავშლი ყველა არსს, რაც შემიქმნია, პირისაგან მიწისა. 5. და გააკეთა ნოახმა ყველაფერი ისე, როგორც უბრძანა უფალმა. 6. და ნოახი იყო ექვსასი წლის, როდესაც წყალი წარღვნად მოევლინა დედამიწას. 7. და შევიდა ნოახი კიდობანში, ხოლო მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და ვაჟების ცოლები, წარღვნის წყლის გამო. 8. სუფთა პირუტყვიდან და იმ პირუტყვიდან, რომელიც არ არის სუფთა, ფრინველიდან და ყველა იმათგან, რაც დედამიწაზე მოძრაობს; 9. წყვილწყვილნი მივიდნენ ნოახთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც უბრძანა უფალმა ნოახს. 10. და მოხდა შვიდი დღის შემდეგ: წარღვნის წყალი იყო დედამიწაზე. 11. ნოახის სიცოცხლის მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს – ამ დღეს ამოხეთქა დიდი უფსკრულის ყველა წყარომ და სარკმელნი ცისა განიხვნენ. 12. და მოდიოდა წვიმა დედამიწაზე ორმოც დღეს და ორმოც ღამეს. 13. სწორედ ამ დღეს შევიდნენ ნოახი, ნოახის შვილები შემი, ხამი და იეფეთი, ნოახის ცოლი და მათთან ერთად მისი სამი რძალი კიდობანში. 14. ისინი და ყველა მხეცი მისი გვარეობის მიხედვით, და ყველა პირუტყვი მისი გვარეობის მიხედვით. ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს დედამიწაზე, მისი გვარეობის მიხედვით, და ყველა ფრინველი მისი გვარეობის მიხედვით, ყველა ჩიტი, ყველა ფრთოსანი. 15. და შევიდნენ ნოახთან ერთად კიდობანში წყვილ-წყვილნი ყველა ხორციელიდან, რომელშიც სიცოცხლის სულია. 16. და მომსვლელნი – დედალ- მამალი ყველა ხორციელიდან მოვიდნენ, როგორც უბრძანა მას ღმერთმა; და ჩაკეტა უფალმა იგი. 17. და იყო წარღვნა ორმოც დღეს დედამიწაზე, და იმატეს წყლებმა, და წაიღეს კიდობანი, და მან აიწია დედამიწის ზევით. 18. და იმძლავრეს წყლებმა და უაღრესად იმატეს დედამიწაზე, და მიდიოდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. 19. და წყლებმა მეტისმეტად იმძლავრეს დედამიწაზე და დაფარეს ყველა მაღალი მთა, რომელნიც მთელი ცის ქვეშაა. 20. თხუთმეტი წყრთით აიწიეს ზემოთ წყლებმა და დაიფარნენ მთანი. 21. და მოისპო ყველა ხორციელი, რომელიც დედამიწაზე მოძრაობდა – ფრინველი,პირუტყვი და მხეცი, და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს დედამიწაზე, და ყველა ადამიანი. 22. ყველა, ვისაც ნესტოებში სიცოცხლის სული ედგა, ყველა, რაც ხმელეთზე იყო, დაიხოცა. 23. და ამოწყდა ყველა არსი დედამიწის ზურგზე. ადამიანიდან პირუტყვამდე, მწერამდე და ცის ფრინველებამდე; და აღიგავნენ პირისაგან მიწისა, და დარჩა მხოლოდ ნოახი და ვინც მასთან იყო კიდობანში. 24. და იმძლავრეს წყლებმა დედამიწაზე ას ორმოცდაათ დღეს.
თავი 8
1. და გაიხსენა ღმერთმა ნოახი, და ყველა მხეცი, და ყველა პირუტყვი – მასთან კიდობანში მყოფი; და გადაატარა ღმერთმა ქარი დედამიწაზე, და დაცხრა წყალი. 2. და გადაიკეტნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელნი; და შეწყდა წვიმა ციდან. 3. და უკან დაბრუნდა წყალი დედამიწიდან უკუსვლით და დაიკლო წყალმა ას ორმოცდაათი დღის შემდეგ. 4. და შეჩერდა კიდობანი მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, არარატის მთებზე. 5. და წყალი თანდათან იკლებდა მეათე თვემდე; მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდნენ მთის მწვერვალები. 6. და იყო, ორმოცი დღის შემდეგ გახსნა ნოახმა კიდობნის ფანჯარა, რომელიც გააკეთა. 7. და გაუშვა ყვავი, ხოლო ის გავიდა და უკან დაბრუნდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე. 8. და გაუშვა მტრედი თავისგან, რათა ენახა, იკლო თუ არა წყალმა დედამიწის ზედაპირზე. 9. და ვერ ჰპოვა მტრედმა დასასვენებელი ადგილი თავისი ფეხისგულებისათვის და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი იყო დედამიწის მთელ ზედაპირზე; და გაიშვირა ხელი და შეიყვანა იგი თავის კიდობანში. 10. და დაიცადა კიდევ სხვა შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. 11. და მივიდა მასთან მტრედი საღამო ხანს; და აი, მოგლეჯილი ზეთისხილის ფოთოლი უჭირავს პირით; და მიხვდა ნოახი, რომ წყალმა იკლო დედამიწაზე. 12. და დაიცადა კიდევ სხვა შვიდი დღე და გაუშვა მტრედი, და აღარ დაბრუნებულა მასთან. 13. და იყო ექვსას პირველ წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაცხრა წყალი დედამიწაზე; და გადასწია ნოახმა კიდობნის სახურავი და იხილა, რომ, აი გამშრალა დედამიწის ზედაპირი. 14. და მეორე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, გაშრა დედამიწა. 15. და ელაპარაკე ღმერთი ნოახს, და უთხრა: 16. გამოდი კიდობანიდან შენ, შენი ცოლი, შენი ვაჟები და შენი ვაჟების ცოლები შენთან ერთად. 17. ყველა ცხოველი, რომელიც შენთანაა, ყველა ხორციელი ფრინველი, პირუტყვი და ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც დედამიწაზე ცოცავს, გამოიყვანე შენთან ერთად, და მოშენდნენ დედამიწაზე, განაყოფიერდნენ და გამრავლდნენ დედამიწაზე. 18. და გამოვიდა ნოახი, მისი შვილები, მისი ცოლი და მისი ვაჟების ცოლები მასთან ერთად. 19. ყველა ცხოველი, ყველა ქვეწარმავალი და ყველა ფრინველი, ყველა მცოცავი დედამიწაზე თავიანთი მოდგმით, გამოვიდნენ კიდობნიდან. 20. და აუგო ნოახმა სამსხვერპლო უფალს; და აიყვანა ყველა სუფთა პირუტყვიდან და ყველა სუფთა ფრინველიდან და აღავლინა ყოვლად დასაწყველნი სამსხვეპლოზე. 21. და იყნოსა უფალმა სასიამოვნო სუნი და თქვა უფალმა თავის გულში: აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, რადგან ადამიანის გულის ზრახვა ცუდია მისი ყრმობიდანვე; და აღარ მივაყენებ დარტყმას არც ერთ ცოცხალს, როგორც გავაკეთე. 22. ამიერიდან, ვიდრე ქვეყნიერება იარსებებს, აღარ შეწყდება, თესვა და მკა, სიცივე და სითბო, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე.
თავი 9
1. და აკურთხა ღმერთმა ნოახი და მისი ვაჟები და უთხრა მათ: განაყოფიერდით, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა. 2. და თქვენი შიში და ძრწოლა ექნება დედამიწის ყველა ცხოველს და ყველა ფრინველს, ყოველივეს, რაც მოძრაობს დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს; თქვენს ხელთ არიან მოცემულნი. 3. ყოველი მოძრავი, რომელიც ცოცხლობს, თქვენთვის იქნება საჭმელად; მწვანე ბალახივით გაძლევთ თქვენ ყოველივეს. 4. ოღონდ ხორცი, ვიდრე სული უდგას, აგრეთვე მისი სისხლი არ ჭამოთ. 5. მაგრამ მე მოვითხოვ პასუხს თქვენს სისხლზე, მოვითხოვ მას ყველა მხეცისაგან; ადამიანისგან, მისი მოძმისაგან მოვითხოვ ადამიანის სულს. 6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლიც დაიღვრება ადამიანის მიერ, რადგან ღმერთის სახით შექმნა მან ადამიანი. 7. თქვენ კი განაყოფიერდით და გამრავლდით, აავსეთ დედამიწა და გამრავლდით მასზე. 8. და უთხრა ღმერთმა ნოახს და მასთან მყოფ მის შვილებს ასე: 9. აი, მე ვამყარებ კავშირს თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან შემდგომად თქვენსა. 10. და ყველა ცოცხალ არსებასთან, რომელიც თქვენთანაა – ფრინველთან, პირუტყვთან და თქვენთან მყოფ დედამიწის ყველა მხეცთან, ყველასთან, რომელიც კიდობნიდან გამოვიდა, დედამიწის ყველა ცხოველთან. 11. და ვამყარებ კავშირს თქვენ და აღარ ამოწყდება არავითარი ხორციელი წარღვნის წყლით და აღარ იქნება წარღვნა ქვეყნის ამოსაწყვეტად. 12. და თქვა ღმერთმა: ეს არის კავშირის ნიშანი, რომელსაც მე ვიძლევი ჩემსა და თქვენს შორის და ყველა ცოცხალ არსებას შორის, რომელიც თქვენთანაა, თაობებში საუკუნოდ. 13. ჩემი ცისარტყელა ჩავსვი ღრუბელში და ის იქნება კავშირის ნიშნად ჩემსა და დედამიწას შორის. 14. და იქნება, როდესაც ღრუბელს მოვუვლენ დედამიწას, მაშინ გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბელში. 15. და გავიხსენებ ჩემს კავშირს ჩემსა და თქვენც შორის და ყველა ცოცხალ არსებას, ყველა ხორციელ შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად, ყველა ხორციელის მოსასპობად. 16. და იქნება ცისარტყელა ღრუბელში, და ვიხილავ მას, რათა გავიხსენო მარადიული კავშირი ღმერთსა და დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ არსებას შორის. 17. და უთხრა ღმერთმა ნოახს: ეს არის ნიშანი კავშირისა, რომელიც დავამყარე ჩემსა და დედამიწაზე არსებულ ყველა ხორციელს შორის. 18. და იყვნენ ნოახის შვილები, რომლებიც გამოვიდნენ კიდობნიდან: შენი, ხამი და იეფეთი; ხოლო ხამი ქენაანის მამაა. 19. ეს სამნი ნოახის შვილები იყვნენ და ამათგან წარმოიშვა მოსახლეობა დედამიწაზე. 20. და დაიწყო ნოახმა მიწის დამუშავება და დარგო ვენახი. 21. და დალია ღვინო და დათვრა, და გაშიშვლდა თავისი კარვის შუაგულში. 22. და დაინახა ხამმა, ქენაანის მამამთავარმა, თავისი მამის სიშიშვლე, და გააგებინა თავის ორივე ძმას გარეთ. 23. და აიღეს შემმა და იეფეთმა სამოსი, მხრებზე დაიდო ორივემ, ზურგშექცეულნი მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე: და რაკი სახეები უკან ჰქონდა მიქცეული, თავიანთი მამის სიშიშვლე არ უხილავთ. 24. და გამოფხიზლდა ნოახი თავისი ღვინისაგან, და გაიგო, თუ რა გაუკეთა მას უმცროსმა ვაჟმა. 25. და თქვა: წყეულიმც იყოს ქენაანი, თავისი ძმების მორჩილი იყოს. 26. და თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი შემისა, და იყოს ქენაანი მისი მონა. 27. განავრცოს ღმერთა იეფეთი და დასახლდეს იგი შემის კარვებში; და იყოს ქენაანი მისი მონა. 28. და იცოცხლა ნოახმა წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი. 29. და იყო ნოახის ყველა დღე ცხრაას ორმოცდაათი წელი; და გარდაიცვალა.
თავი 10
1. აი ნოახის შვილების – შემის, ხამის და იეფეთის შთამომავლობა; ეყოლათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ. 2. იეფეთის შვილებია: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშეხი და თირასი. 3. და გომერის შვილებია: აშქენაზი, რიფათი და თორგამა. 4. და იავანის შვილებია: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. 5. ამათგან გაიყვნენ ხალხთა კუნძულები მათ ქვეყნებში თავ-თავიანთი ენის მიხედვით, თავ-თავიანთი ოჯახების მიხედვით, თავ-თავიანთ ხალხებში. 6. ხოლო ხამის შვილებია: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქენაანი. 7. და ქუშის შვილებია: სება, ხავილა, საბთა, რაემა და საბთეხა; და რაემას შვილებია: შება და დედანი. 8. და ქუშს ეყოლა ნიმროდი; ის გახდა გმირი დედამიწაზე. 9. ის იყო გმირი მონადირე უფლის წინაშე; ამიტომ ითქმის ვითარცა ნიმროდი, გმირი მონადირე უფლის წინაშე. 10. და იყო მისი პირველი სამეუფო ბაბილონი, ერეხი, აქადი და ქალნე შინეარის ქვეყანაში. 11. იმ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინვე, რეხოვოთ-ირი და ქელახი; 12. და რესენი ნინვესა და ქელახს შუა; დიდი ქალაქია ის. 13. და მიცრაიმს ეყოლა ლუდიმი, ანამიმი, ლეჰაბიმი და ნაფთუხიმი.14. და ფათრუსიმი და ქასლუხიმი, საიდანაც გამოვიდნენ ფელიშთიმელნი და ქაფთორელნი. 15. და ქენაანს ეყოლა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი; 16. და იებუსი, ემორი და გირგაში; 17. და ხივი, არკი და სინი. 18. არვადი, ცემარი და ხამათი; და შემდეგ მიმოიფანტა ქენაანის მოდგმა. 19. და იყო ქენაანის საზღვარი ცოდინიდან გერარის მიმართულებით აზამდე, სედომის, ამორის, ადმის და ცებოიმის მიმართულებით ლაშამდე. 20. ესენია ხამის შვილები თავ-თავიანთი მოდგმის მიხედვით, თავ-თავიანთი ენებით, თავ-თავიანთ ქვეყნებში, თავ-თავიანთ ხალხებში. 21. და ეყოლება (შვილები) შემსაც, ებერის ყველა შვილთა მამას, იეფეთის უფროს ძმას. 22. შემის შვილებია: ეილამი, აშური, არფახშადი, ლუდი და არამი. 23. და არამის შვილებია: უცი, ხული, გეთერი და მაში. 24. და არფახშადს ეყოლა შელახი: შელახს კი ეყოლა ებერი. 25. და ებერს ეყოლა ორი ვაჟი: ერთის სახელია ფელეგი, რადგან მის დღეებში დაიყო ქვეყანა, ხოლო მისი ძმის სახელია იოკტანი. 26. და იოკტანს ეყოლა ალმოდადი, შელეფი, ხაცარმავეთი და იერახი. 27. ჰადორამი, უზალი და დიკლა. 28. ობალი, აბიმაელი და შება. 29. ოფირი, ხავილა, და იობაბი – ყველა ესენი იოკტანის შვილებია. 30 და იყო მათი დასახლება მეშიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე. 31. ესენია შემის შვილები თავიანთი მოდგმით, თავ-თავიანთი ენებით, თავ-თავიანთ ქვეყნებში, თავ-თავიანთი ხალხებით. 32. ესენია ნოახის შვილთა მოდგმა თავთავიანთი შთამომავლობით, თავ-თავიანთ ხალხებში; და მათგან დაიყვნენ ხალხები დედამიწაზე წარღვნის შემდეგ.
თავი 11
1. და იყო მთელს დედამიწაზე ერთი ენა და ერთნაირი მეტყველება. 2. და იყო, აღმოსავლეთიდან მგზავრობისას ჰპოვეს დაბლობი შინეარის ქვეყანაში და დასახლდნენ იქ. 3. და უთხრეს ერთმანეთს; მოდი, მოვზილოთ ალიზები და გამოვწვათ ცეცხლში; და გადაექცათ ალიზი ქვად და ფისი ჰქონდათ თიხის მაგივრად. 4. და თქვეს: მოდი, ავაშენოთ ქალაქი და კოშკი, რომლის თავი ზეცაში იქნება; და მოვიპოვოთ სახელი, რათა არ გავიფანტოთ მთელს დედამიწის ზურგზე. 5. და გარდმოვიდა უფალი, რათა ეხილა ქალაქი და კოშკი, რომლებსაც აშენებდნენ ადამიანის შვილები. 6. და თქვა უფალმა: ხომ ერთი ხალხია და ერთი ენა აქვს ყველას; და აი, ამის კეთება დაიწყეს; და ახლა აღარ გაუჭირდებათ, რის გაკეთებასაც კი განიზრახავენ. 7. მოდი, ჩავიდეთ, ავურ-დავურიოთ იქ მათი ენა, რათა ვერ გაიგონ ერთმანეთის ენა. 8. და გაჰფანტა უფალმა ისინი იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე, და მათ შეწყვიტეს ქალაქის მშენებლობა. 9. ამიტომ დაარქვა მას სახელად ბაბილონი, რადგან იქ აურდაურია უფალმა მთელი ქვეყნიერების ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა მთელს დედამიწის ზურგზე. 10. აი შთამომავლობა შემისა: შენს ასი წლისას ეყოლა არფახშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ. 11. და იცოცხლა შემმა არფახშადის დაბადების შემდეგ ხუთასი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 12. და არფახშადმა იცოცხლა ოცდათხუტმეტი წელი და ეყოლა შელახი. 13. და იცოცხლა არფახშადმა შელახის შეძენის შემდეგ ოთხას სამი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 14. ხოლო შელახმა იცოცხლა ოცდაათი წელი და ეყოლა ებერი. 15. და იცოცხლა შელახმა ებერის შეძენის შემდეგ ოთხას სამი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 16. და იცოცხლა ებერმა ოცდათოთხმეტი წელი და ეყოლა ფელეგი. 17. და იცოცხლა ებერმა ფელეგის შეძენის შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 18. და იცოცხლა ფელეგმა ოცდაათი წელი და ეყოლა რეუ. 19. და იცოცხლა ფელეგმა რეუს შეძენის შემდეგ ორას ცხრა წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 20. და იცოცხლა რეუმ ოცდათორმეტი წელი და ეყოლა სერუგი. 21. და იცოცხლა რეუმ სერუგის შეძენის შემდეგ ორას შვიდი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 22. და იცოცხლა სერუგმა ოცდაათი წელი და ეყოლა ნახორი. 23. და იცოცხლა სერუგმა ნახორის შეძენის შემდეგ ორასი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 24. და იცოცხლა ნახორმა ოცდაცხრა წელი და ეყოლა თერახი. 25. და იცოცხლა ნახორმა თერახის შეძენის შემდეგ ას ცხრამეტი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 26. და იცოცხლა თერახმა სამოცდაათი წელი და ეყოლა აბრამი, ნახორი და ჰარანი. 27. და აი, შთამომავლობა თერახისა: თერახს ეყოლა აბრამი, ნახორი და ჰარანი, ხოლო ჰარანს შეეძინა ლოტი. 28. და გარდაიცვალა ჰარანი მამამისის თერახის სიცოცხლეშივე, თავის მშობლიურ მიწაზე ურ-ქასდიმში. 29. და შეირთეს აბრამმა და ნახორმა ცოლები; აბრამის ცოლის სახელი იყო სარაი, ნახორის ცოლის სახელი კი – მილქა, ასული ჰარანისა, რომელიც იყოს მალქას მამა და ისქას მამა. 30. და იყო სარაი უშვილო, არ ჰყავდა მას ბავშვი. 31. და წაიყვანა თერახმა თავისი შვილი აბრამი, და ლოტი – ჰარანის შვილი, თავისი შვილიშვილი, და თავისი რძალი სარაი, თავისი შვილის აბრამის ცოლი, და გავიდნენ ერთად ურ-ქასდიმიდან, რათა წასულიყვნენ ქენაანის ქვეყანაში; და მივიდნენ ხარანამდე და დასახლდნენ იქ. 32. და იყო თერახის დღეები ორას ხუთი წელი; და გარდაიცვალა თერახი ხარანში.