თავი 41
1.და მოხდა ორი წლის შემდეგ: ფარაონს ესიზმრა, რომ ნილოსთან დგას. 2. და აი, ნილოსიდან გამოდის შვიდი ძროხა – შესახედავად ლამაზნი და სხეულით მსუქნები, და ბალახობენ მდელოზე. 3. და აგერ, შვიდი სხვა ძროხა გამოდით მათ უკან ნილოსიდან, შესახედავად ცუდნი და სხეულით მჭლენი, და დადგნენ იმ ძროხების გვერდით ნილოსის ნაპირზე. 4. და შეჭამეს შესახედავად ცუდმა და სხეულით მჭლე ძროხებმა შესახედაბად ლამაზი და სხეულით მსუქანი შვიდი ძროხა: და გამოეღვიძა ფარაონს. 5. და დაიძინა და ესიზმრა მეორედ: აგერ, შვიდი თავთავი ამოდით ერთ ღეროზე – სავსე და კარგი. 6. მაგრამ აი, შვიდი ფუყე და აღმოსავლეთის ქარისაგან გამოფიტული თავთაცი აღმოცენდა მათ შემდეგ. 7. და გადაყლაპეს ფუყე თავთავებმა შვიდი სავსე და კარგი თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს; და აი, სიზმარი. 8. და იყო დილით, სული შეუშფოთდა, და გაგზავნა, და გამოიძახა ეგვიპტის ყველა მოგვი და ყველა ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმარი, და ვერავინ აუხსნა იგი ფარაონს. 9. და ელაპარაკა მეღვინეთ-უხუცესი ფარაონს ასე: ჩემი ცოდვები დღეს მახსენდება. 10. ფარაონი განრისხა თავის მონებზე, და გადამცა მე დასაპატიმრებლად მცველთ-უხუცესის სახლში, მე და ხაბაზთ-უხუცესი. 11. და გვესიზმრა სიზმარი ერთ ღამეს მე და მას, თითოეულს ჩვენეული გაგების სიზმარი გვესიზმრა. 12. და იქ ჩვენთან იყო ერთი ებრაელი ახალგაზრდა, მცველთ-უხუცესის მონა; და ვუამბეთ მას, და მან აგვიხსნა ჩვენი სიზმრები, თითოეულის სიზმრის მიხედვით ახსნა. 13. და მოხდა: როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა: მე ჩემს თანამდებობაზე დამაბრუნეს, ის კი ჩამოახრჩეს. 14. და გაგზავნა ფარაონმა, და გამოიძახა იოსეფი, და სასწრაფოდ გამოიყვანეს ჯურღმულიდან; გაიპარსა და გამოიცვალა ტანისამოსი, და მივიდა ფარაონთან. 15. და უთხრა ფარაონმა იოსეფს: სიზმარი მესიზმრა და მისი ამხსნელი არავინაა; ხოლო მე მომესმა შენზე, რომ მოისმენ სიზმარს და ახსნი მას. 16. და უპასუხა იოსეფმა ფარაონს ასე: ჩემს გარეშე, ღმერთი უპასუხებს ფარაონის საკეთილდღეოდ. 17. და უთხრა ფარაონმა იოსეფს: აგერ, ვდგავარ ნილოსის ნაპირას. 18. და აგერ, ნილოსიდან გამოდის შვიდი ძროხა – სხეულით მსუქნები და შესახედავად ლამაზნი, და ბალახობენ მდელოზე. 19. და აი, შვიდი სხვა ძროხა გამოდის მათ შემდეგ ნილოსიდან – გამხდრები, შესახედავად მეტისმეტად ცუდნი და სხეულით მჭლენი. მთელ ეგვიპტის მიწაზე არ მინახავს მათსავით უვარგისები. 20. და შეჭამეს მჭლე და ცუდმა ძროხებმა პირველი შვიდი მსუქანი ძროხა. 21. და შევიდნენ ისინი მათ სტომაქებში, მაგრამ არ ემჩნეოდათ, თუ მათ სტომაქებში შევიდნენ, და ისევე ცუდი შესახედაობისანი იყვნენ, როგორც დასაწყისში; და გემომეღვიძა. 22. და ვნახე კიდევ სიზმარში; აი, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე – სავსენი და კარგები. 23. და აი, შვიდი გალეული, ფუყე, აღმოსავლეთის ქარისაგან გამოფიტული თავთავი აღმოცენდა მათ შემდეგ. 24. და გადაყლაპეს ფუყე თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი; და ვუამბე მოგვებს, და ვერავინ ამიხსნა. 25. და უთხრა იოსეფმა ფარაონს: ფარაონის სიზმარი ერთია: რასაც აკეთებს ღმერთი, ის აუწყა ფარაონს. 26. შვიდი კარგი ძროხა – ეს არის შვიდი წელიწადი და შვიდი კარგი თავთავი – ეს შვიდი წელიწადია. 27. ხოლო შვიდი გამხდარი და ცუდი ძროხა, რომელნიც მათ უკან გამოდიან – ეს შვიდი წელიწადია, და შვიდი ფუყე, აღმოსავლეთის ქარისაგან გამოფიტული თავთავი – ეს იქნება შიმშილობის შვიდი წელი. 28. სწორედ ეს არის, რომ ვუთხარი ფარაონს: რასაც აკეთებს ღმერთი, ის უჩვენა ფარაონს.. 29. და აი, დგება უხმოსავლიანობის შვიდი წელიწადი მთელი ეგვიპტის მიწა-წყალზე. 30. და დადგება მის შემდეგ შიმშილობის შვიდი წელიწადი, და დავიწყებას მიეცემა მთელი სიუხვე ეგვიპტის მიწა-წყალზე, და გამოფიტავს შიმშილი ქვეყანას. 31. და აღარ ეცოდინებათ ის სიმაძღრე ქვეყანაში იმ შიმშილის გამო, რომელიც მას მოჰყვება, რამეთუ მძიმე იქნება ძალიან. 32. ხოლო ფარაონის სიზმარი რომ ორჯერ განმეორდა, ეს იმიტომ, რომ ნამდვილად ეს საქმე ღმერთისგან არის, და დააჩქარებს ღმერთი მის შესრულებას. 33. ახლა მონახოს ფარაონმა საზრიანი და ბრძენი კაცი, და დაუყენოს იგი ეგვიპტის ქვეყანას. 34. მოიმოქმედოს ფარაონმა: დანიშნოს მეთვალყურენი ქვეყანაზე, და აიღოს მეხუთედი ეგვიპტის ქვეყნისაგან მოსავლიანობის შვიდი წლის განმავლობაში. 35. და შეკრიბონ მომავალი შვიდი წლის მთელი სურსათი და დააგროვონ მარცვლეული ფარაონის განმგებლობის ქვეშ, ქალაქების გამოსაკვებას, და შეინახონ. 36. და იქნება ეს სურსათი მარაგად ქვეყნისათვის შიმშილობის შვიდ წელიწადს, ეგვიპტის მიწა წყალზე რომ იქნება, და არ ამოწყდება ქვეყანა შიმშილით. 37. და მოეწონა ეს ამბავი ფარაონს და ყველა მის მონას. 38. და უთხრა ფარაონმა თავის მონებს: განა მოვნახავთ ამისთანა კაცს, რომელშიც ღმერთის სულია? 39. და უთხრა ფარაონმა იოსეფს: იმის შემდეგ, რაც გაუწყა ღმერთმა ყოველივე ეს, არ არსებობს შენებრ საზრიანი და ბრძენი. 40. შენ იქნები ჩემი სახლის გამგებელი, შენი სიტვისამებრ მოიქცევა მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე დიდი. 41. და უთხრა ფარაონმა იოსეფს: ნახე, დაგნიშნე შენ მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად. 42. და წაიძრო ფარაონმა ბეჭედი თავისი ხელიდან და გაუკეთა იგი ხელზე იოსეფს, და შემოსა იგი ბისონის ტანისამოსით, და ჩამოჰკიდა ოქროს ფარღული კისერზე. 43. და ბრძანა ატარონ იგი მისი ნაცვლის ეტლით და დაიძახონ მის წინ ,,ავრეხ“: და დანიშნა იგი მთელი ეგვიპტის მიწა-წყლის მმართველად. 44. და უთხრა ფარაონმა იოსეფს: მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელფეხს ვერავინ გაანძრევს მთელი ეგვიპტის მიწა-წყალზე. 45. და უწოდა ფარაონმა იოსეფს სახელად ცაფენათ-ფანეახი; და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმ ფოტიფერას ასული; და გამოვიდა იოსეფი ეგვიპტის მიწა-წყალზე. 46. ხოლო იოსეფი ოცდაათი წლისა იყო, როცა ეგვიპტის მეფის – ფარაონის წინაშე წარსდგა; და გამოვიდა იოსეფი ფარაონის პირისაგან, და შემოიარა მთელი ეგვიპტის მიწა-წყალი. 47. და გახდა მიწა უხვმოსავლიანობის შვიდ წელიწადს ბარაქიანი. 48. და შეაგროვა შვიდი წლის სურსათი, რაც კი იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და გადაინახა სურსათი ქალაქებში; თითოეული ქალაქის ირგვლივ შემორტყმული მინდვრების სურსათი იქვე შეინახა. 49. და დააგროვა იოსეფმა დიდძალი მარცვლეული, ვითარცა ზღვის ქვიშა, ვიდრე თვლას შეწყვეტდა, რამეთუ აღარ ეყო სათვალავი. 50. და შიმშილობის შვიდი წლის დადგომამდის იოსეფს შეეძინა ორი ვაჟი, რომელნიც შვა მისთვის ასენათმა, ონის ქურუმის ფოტი-ფერას ასულმა. 51. და უწოდა იოსეფმა პირმშოს სახელად მენაშე, ვინაიდან ,,გადამავიწყა ღმერთმა მთელი ჩემი წვალება და მთელი სახლეული მამაჩემისა.“ 52. მეორეს კი უწოდა ეფრაიმი, ვინაიდან,,ნაყოფიერი მქმნა უფალმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში“. 53. და დასრულდა სიუხვის შვიდი წელიწადი, რომელიც იყო ეგვიპტის მიწა-წყალზე. 54. და დადგა შიმშილობის შვიდი წელიწადი, როგორც თქვა იოსეფმა, და იყო შიმშილობა ყველა ქვეყანაში; ხოლო ეგვიპტის მთელ მიწა-წყალზე იყო პური. 55. მაგრამ დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანაც, და შესძახა ხალხმა ფარაონს პურის გამო; და უთხრა ფარაონმა ყველა ეგვიპტელს: წადით იოსეფთან, რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ. 56. და შიმშილი სუფევდა მთელ ქვეყნიერებაზე; და გახსნა იოსეფმა ყოველივე, რაც კი იყო შემონახული, და მიჰყიდა ეგვიპტელებს; და გაძლიერდა შიმშილი ეგვიპტის მიწა-წყალზე. 57. და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსეფთან სურსათის საყიდლად, რამეთუ გაძლიერდა შიმშილი ყველა ქვეყანაში.
თავი 42
1.და დაინახა იააკობმა, რომ არის პურეული ეგვიპტეში; და უთხრა იააკობმა თავის შვილებს: რას შეჰყურებთ ერთმანეთს? 2. და თქვა: აი, მოვისმინე, რომ არის პურეული ეგვიპტეში; ჩადით იქ და მოგვამარაგეთ იქიდან, რომ ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ. 3. და ჩავიდნენ იოსეფის ძმები, ათნი, ეგვიპტეში პურეულის საყიდლად. 4. ხოლო ბინიამინი, იოსეფის ძმა, არ გაუშვა იააკობმა მის ძმებთან, ვინაიდან იფიქრა: ვაითუ უბედურება შეემთხვეს. 5. და მივიდნენ ისრაელის შვილები პურეულის საყიდლად სხვა მისულებთან ერთად, ვინაიდან შიმშილობა იყო ქენაანის მიწა-წყალზე. 6. ხოლო იოსეფი იყო ამ ქვეყნის მმართველი, ის აყიდებდა პურეულს ქვეყნიერების მთელ ხალხს; და მოვიდნენ იოსეფის ძმები, და თავყვანი სცეს მიწამდის თავის დახრით. 7. და დაინახა იოსეფმა თავისი ძმები, და იცნო ისინი; მაგრამ უცხოდ მოაჩვენა თავი, და გამოელაპარაკა მათ მკაცრად; და უთხრა მათ: საიდან მოხვედით? და უთხრეს: ქენაანის ქვეყნიდან, სურსათის საყიდლად. 8. და იცნო იოსეფმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი. 9. და გაახსენდა იოსეფს სიზმრები, რომლებიც ესიზმრა მათ შესახებ, და უთხრა მათ: მსტოვრები ხართ თქვენ, ამ ქვეყნის აუგის დასაზვერად მოხვედით. 10. და უთხრეს მათ: არა, ბატონო, შენი მონები სურსათის საყიდლად მოვიდნენ. 11. ჩვენი ყველანი ერთი კაცის შვილები ვართ; ჩვენ ალალმართლები ვართ; შენი მონები მსტოვრები არ ყოფილან. 12. მაგრამ მან უთხრა: არა, თქვენ ამ ქვეყნის აუგის დასაზვერად მოხვედით. 13. და მათ უთხრეს: ჩვენ, შენი მონები, თორმეტი ძმა ვართ; ჩვენ ერთი კაცის შვილები ვართ ქენაანის ქვეყანაში; და აი, უმცროსი ძმა მამაჩვენთანაა დღეს, ხოლო ერთი აღარ არის. 14. და უთხრა მათ იოსეფმა: სწორედ ისაა, რაც გითხარით თქვენ ამ სიტყვებით: მსტოვრები ხართ. 15. ამით გამოგცდით: ფარაონის სიცოცხლემ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ. 16. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა, თქვენ კი დაკავებულნი იქნებით და შემოწმდება თქვენი ნათქვამი, თუ სიმართლეა თქვენში; თუ არადა, ფარაონის სიცოცხლემ, მსტოვრები ხართ. 17. და დააპატიმრეს ისინი სამი დღით. 18. და უთხრა მათ იოსეფმა მესამე დღეს: მე ღმერთისა მეშინია. 19. თუ ალალმართლები ხართ, თქვენი ერთ-ერთი ძმა პატიმრად იქნება სახლში, სადაც თქვენ ხართ დაკავებულნი, თქვენ კი წადით, წაიღეთ პურეული თქვენი ოჯახების შიმშილის მოსაკლავად. 20. და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან, რათა მართალი გამოდგეს თქვენი სიტყვები, და აღარ დაიხოცებით; და ასეც მოიქცნენ. 21. და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: დანაშაული კი მიგვიძღვის ჩვენი ძმის წინაშე, ვინაიდან ვნახეთ მისი სულის ტანჯვა, როცა გვემუდარებოდა, და არ მოვუსმინეთ; ამიტომაც გვეწია ეს უბედურება. 22. და უპასუხა მათ რეუბენმა ასე: ხომ გითხარით ეს: ცოდვა არ ჩაიდინოთ ყმაწვილის მიმართ, და თქვენ არ მომისმინეთ; და აი, მისი სისხლი გვეკითხება. 23. და მათ არ იცოდნენ, რომ იოსეფს ესმოდა, ვინაიდან მთარგმნელი იყო მათ შორის. 24. და შებრუნდა მათგან, და ატირდა; მერე დაბრუნდა მათგან, და ესაუბრა მათ, და აიყვანა მათგან შიმონი და დააპატიმრა მათ თვალწინ. 25. და გასცა იოსეფმა ბრძანება, რომ აევსოთ მათი ჭურჭელი პურეულით და დაებრუნებინათ მთელი ვერცხლი თითოეულისათვის თავ-თავის ტომარაში, და მიეცათ მათთვის საგზალი; და ასეც გაუკეთეს. 26. და აჰკიდეს თავიანთი პურეული სახედრებს და წავიდნენ იქიდან. 27. და გახსნა ერთმა ტომარა, რომ საკვები მიეცა სახედრისათვის ფუნდუკში და დაინახა თავისი ვერცხლი – აი ის -მისი ტომრის პირთან არის. 28. და უთხრა ძმებს: ჩემი ვერცხლი დაბრუნებულია და თანაც, აი ჩემს ტომარაშია; გული გადმოუქანდათ და კანკალით ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რა გვიქნა ეს ღმერთმა? 29. და მივიდნენ იააკობთან, თავიანთ მამასთან, ქენაანის ქვეყანაში, და უამბერ ყოველივე, რაც შეემთხვათ, და თქვეს: 30. ის კაცი, ქვეყნის ბატონი, მკაცრად გველაპარაკა და იმ მიწა-წყლის მსტოვრებად შეგვრაცხა. 31. ვუთხარით მას: ალალმართლები ვართ, მსტოვრები არ ვყოფლვართ. 32. თორმეტი ძმა ვართ ჩვენ, მამაჩვენის შვილები; ერთი აღარ არის, უმცროსი კი მამაჩვენთანაა ქენაანის ქვეყანაში. 33. და გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: ამით გავიგებ, თუ ალალმართლები ხართ: თქვენი ერთ-ერთი ძმა ჩემთან დატოვეთ, ხოლო თქვენ წაიღეთ სურსათი თქვენი ოჯახის შიმშილის მოსაკლავად, და წადით. 34. და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან, და მივხვდები, რომ მსტოვრები არა ხართ, რომ ალალმართლები ხართ; თქვენს ძმას დაგიბრუნებთ, და შეგეძლებათ იმოძრაოთ ამ ქვეყანაში. 35. და როცა ისინი ცლიდნენ თავიანთ ტომრებს, აი თითოეულს აღმოაჩნდა თავისი ვერცხლი თავის ტომარაში, და დაინახეს თავიანთი ვერცხლის ქისები მათ და მათმა მამამ და შეშინდნენ. 36. და უთხრა მათ იააკობმა, მათმა მამამ: შვილები დამაკარგინეთ: იოსეფი არ არის, და შიმონიც აღარ არის, ბინიამინსაც წაიყვანთ – ყველაფერი ჩემზე მოხდა! 37. და უთხრა რეუბენმა მამამისს ასე: ჩემი ორი ვაჟი დახოცემ თუ ის არ მოგიყვანო: მე ჩამაბრე და მე დაგიბრუნებ შენ. 38. მაგრამ მან უთხრა: არ წამოვა თქვენთან ჩემი შვილი, რამეთუ მისი ძმა მკვდარია და ის მარტოა დარჩენილი; და მას რომ უბედურება შეემთხვეს გზაში, რომლითაც თქვენ წახვალთმ სევდით ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას სამარეში.
თავი 43
1.შიმშილი კი ძლიერდებოდა ქვეყანაში. 2. და იყო, როცა უკვე სულ შეჭამეს ეგვიპტიდან ჩამოტანილი პურეული, მაშინ უთხრა მათ მამამ: წადით ისევ, გვიყიდეთ ცოტაოდენი სურსათი. 3. და ეს უთხრა მას იეჰუდამ: სასტიკად გაგვაფრთხილა იმ კაცმა ასე: ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნება. 4. თუ შენ გამოუშვებ ჩვენს ძმას ჩვენთან ერთად, ჩავალთ და გიყიდით სურსათს, 5. თუ არ გამოუშვებ, არ ჩავალთ, ვინაიდან იმ კაცმა გვითხრა: ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნება. 6. და თქვა ისრაელმა: რატომ მომექეცით ბოროტად და უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ ძმა გყავთ? 7. და მათ უთხრეს: დაწვრილებით გამოგვკითხა ამ კაცმა ჩვენზე და ჩვენს ოჯახზე ასე: კიდევ ცოცხალია მამათქვენი თუ არა? ძმა გყავთ თუ არა? და ვუამბეთ მას ამის მიხედვით; განა შეგვეძლო გვცოდნოდა, რომ გვეტყოდა, ჩამოიყვანეთო თქვენი ძმა. 8. და უთხრა იეჰუდამ ისრაელს, თავის მამას: გამოუშვი ყმაწვილი ჩემთან, და ჩვენ ავდგებით და წავალთ; და ვიცოცხლებთ, და არ დავიხოცებით – არ ჩვენ, არც შენ, არც ჩვენი ბავშვები. 9. მე ვარ თავდები მისთვის, ჩემი ხელიდან მოითხოვ მას; თუ არ მოგიყვანო და არ დავაყენო შენს წინაშე, სამუდამოდ შემცოდე ვიყო შენთან. 10. ვინაიდან, რომ არ შევყოვნებულიყავით, აქამდის ორჯერ დავბრუნდებოდით. 11. და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, მაშ, ეს გააკეთეთ: აიღეთ ამ მიწის რჩეული ნაყოფი თქვენი ჭურჭლით და წაუღეთ იმ კაცს ძღვნად; ცოტაოდენი ბალზამი და ცოტაოდენი თაფლი, სანელებლები და ნელსაცხებლები, ფისტა და ნუში. 12. და ვერცხლი ორმაგი წაიღეთ თქვენი ხელით, ხოლო თქვენი ტომრების პირთან დაბრუნებული ვერცხლი, თქვენი ხელითვე დაუბრუნეთ – ეგების შეცდომით მოხდა ეს. 13. და თქვენი ძმა წაიყვანეთ, და ადექით, დაბრუნდით, იმ კაცთან. 14. და ყოვლისშემძლე ღმერთი მოგცემთ თქვენ მოწყალებას იმ კაცის წინაშე, რათა გამოუშვას თქვენთან თქვენი მეორე ძმა, და ბინიამინიც, ხოლო მე შვილდაკარგული ვიყავი და შვილდაკარგულად დავრჩები. 15. და კაცებმა წაიღეს ეს ძღვენი, ორმაგი ვერცხლი აიღეს ხელთ, და ბინიამინიც თან წაიყვანეს: ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსეფის წინაშე. 16. და დაინახა იოსეფმა მათთან ბინიამინი, და უთხრა თავის სახლის გამგებელს: მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაჰკალი საკლავი და მოამზადე, რამეთუ ჩემთან ისადილებენ ეს კაცები შუადღისას. 17. და გააკეთა ამ კაცმა, როგორც იოსეფმა უბრძანა, და მიიყვანა ამ კაცმა ეს ხალხი იოსეფის სახლში. 18. და შეეშინდათ ამ კაცებს, იოსეფის სახლში რომ შეიყვანეს და თქვეს: ადრე ჩვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლის გამო მოგვიყვანეს, ჩვენს, რათა შარი მოგვდონ და თავს დაგვესხან, და მონებად აგვიყვანონ ჩვენ, და ჩვენი სახედრებიც. 19. და მივიდნენ კარისკაცთან და გამოელაპარაკნენ მას სახლის შესასვლელთან. 20. და უთხრეს: ყური დაგვიგდე, ბატონო ჩემო! ჩვენ ჩამოვედით ადრე სურსათის შესაძენად. 21. და მოხდა, როცა მივედით ფუნდუკში და გავხსენით ჩვენი ტომრები, და აი, თითოელის ვერცხლი მისი ტომრის პირთან არის, ჩვენი ვერცხლი მისივე წონით, და დავაბრუნეთ იგი ჩვენივე ხელით. 22. სხვა ვერცხლი კი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით სურსათის შესაძენად; არ ვიცით, ვინ ჩადო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში. 23. მან კი უთხრა: მშვიდობა თქვენ! ნუ გეშინიათ, თქვენმა ღმერთმა და მამათქვენის ღმერთმა მოგცათ თქვენ განძი თქვენს ტომრებში; თქვენმა ვერცხლმა მოაღწია ჩემამდის; და მან გამოიყვანა მათთან შიმონი. 24. და შეიყვანა ამ კაცმა ეს ხალხი იოსეფის სახლში, და მისცა წყალი, და მათ ფეხები დაიბანეს, ხოლო მან საკვები მისცა მათ სახედრებს. 25. და მოამზადეს ძღვენი იოსეფის მოსვლამდის შუადღისას, რამეთუ მოისმინეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური. 26. და მოვიდა იოსეფი შინ, და მიართვეს მას სახლში ძღვენი, რომელიც ხელში ეჭირათ, და თავი დაუკრეს მიწამდის. 27. და ჰკითხა მათ ჯანმრთელობის შესახებ, და უთხრა: ჯანმრთელად არის თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც მელაპარაკეთ? ხომ ცოცხალია კიდევ? 28. და უთხრეს: ჯანმრთელადაა შენი მონა, მამაჩვენი კიდევ ცოცხალია; და თაყვანი სცეს მუხლის მოყრით. 29. და აღაპყრო თვალი, და დაინახა ბინიამინი, თავისი ძმა, თავისი დედის შვილი, და თქვა: ეს არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მელაპარაკებოდით? და თქვა: ღმერთმა შეგიწყალოს, შვილო ჩემო! 30. და აჩქარდა იოსეფი, ვინაიდან სიბრალული გაუღვივდა ძმის მიმართ და ტირილი მოუნდა; შევიდა ოთახში და იქ ატირდა. 31. და დაიბანა პირი და გამოვიდა; თავი შეიმაგრა და თქვა: მოიტანეთ პური! 32. და მოუტანეს მას ცალკე და მათ ცალ-ცალკე, ხოლო ეგვიპტელებს, რომლებიც მასთან ჭამდნენ, ასევე ცალკე, ვინაიდან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან, რამეთუ საზიზღრობაა ეს ეგვიპტელთათვის. 33. და დასხდნენ მის წინ – უფროსი, როგორც უფროსს შეეფერებოდა, და გაოცებულნი შეჰყურებდნენ კაცები ერთმანეთს. 34. და გადასცა მათ საჩუქრები, რაც მის წინ იყო, ხოლო ბინიამინის საჩუქარი ხუთჯერ მეტი იყო თითოეულის საჩუქარზე: და ისინი სვამდნენ და ნადიმობდნენ მასთან ერთად.
თავი 44
1.და უბრძანა თავის სახლის გამგებელს ასე: გაავსე ამ კაცების ტომრები სურსათით, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, და თითოეულის ვერცხლი ჩადე მისი ტომრის პირთან. 2. ხოლო ჩემი თასი, ვერცხლის თასი უმცროსს ჩაუდე ტომრის პირთან, და მისი ნაყიდი სურსათის, ვერცხლიც; და ის მოიქცა იოსეფის სიტყვისამებრ, როგორც ელაპარაკა. 3. დილით, როგორც კი ინათა, გაუშვეს ეს კაცები, ისინი და მათი სახედრები. 4. გავიდნენ ისინი ქალაქიდან: შორს არ იყვნენ წასულები, რომ იოსეფმა უთხრა თავის სახლის გამგებელს: ადექი, დაედევნე იმ კაცებს და როცა დაეწევი, უთხარი მათ: რატომ გადაუხადე სიკეთე ბოროტებით? 5. ეს განა ის არ არის, რომლითაც ჩემი ბატონი სვამს? და ის მკითხაობს მასზე: ცუდად მოიმოქმედეთ ეს. 6. და ის წამოეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები. 7. და უთხრეს მას: რატომ ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? შეუფერებელია შენი მონებისათვის ასეთი რამის გაკეთება. 8. ვერცხლი, რომელიც ჩვენი ტომრების პირთან ვიპოვეთ, ხომ დაგიბრუნეთ ქენაანის ქვეყნიდან, და როგორ მოვიპარავთ შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროსს? 9. და თუ რომელიმე შენს მონათაგანს აღმოაჩნდება, დაე, მოკვდეს, და ჩვენც მონებად დავუდგებით ჩვენს ბატონს. 10. და მან თქვა: ახლაც, როგორც თქვენ თქვით, ისე იყოს: ვისაც აღმოაჩნდება, ჩემი მონა გახდეს, თქვენ კი უმწიკვლონი იქნებით. 11. თითოეულმა აჩქარებით გადმოიღო მიწაზე თავისი ტომარა, და გახსნეს თავ-თავიანთი ტომარები. 12. და მან გაჩხრიკა. უფროსიდან დაიწყო და უმცროსით დაამთავრა, და თასი აღმოჩნდა ბენიამინის ტომარაში. 13. და ჩამოიხიეს ტანისამოსი, დატვირთეს თავიანთი სახედრები და დაბრუნდნენ ქალაქში. 14. და მივიდა იეჰუდა ძმებთან ერთად იოსეფის სახლში, ხოლო ის ისევ იქ იყო, და განერთხნენ მის წინაშე მიწას. 15. და უთხრა მათ იოსეფმა: რას ჰგავს ეს საქმე? ნუთუ არ იცოდით, რომ ნამდვილად მიხვდებოდა ისეთი კაცი, როგორიც მე ვარ? 16. და უთხრა იეჰუდამ: რა ვუთხრათ ჩემს ბატონს? რა ვილაპარაკოთ და რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენი მონების ცოდნა; აჰა, ჩემი ბატონის მონები ვართ ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც თასი აღმოჩნდა. 17. ხოლო მან თქვა: შეუფერებელი იქნება ჩემთვის ამის გაკეთება; კაცი, რომლის ხელშიც თასი აღმოჩნდა, ის იქნება ჩემი მონა, თქვენი კი ადით მშვიდობით მამათქვენთან.
წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოშვება (გამომცემლობა ,,შუქურა”)