ლეხ-ლეხა

თავი 12

1. და უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი მიწიდან შენი სამშობლოდან და მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაჩვენებ. 2. და გაქცევ შენ დიდ ხალხად, გაკურთხებ შენ და განვადიდებ შენს სახელს; და იყავ კურთხეული. 3. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს, ხოლო შენს დამაწყევარს დავწყევლი; და უკურთხება შენით დედამიწის ყველა გვარტომი. 4. და წავიდა აბრამი, როგორც ელაპარაკა მას უფალი, და წავიდა მასთან ერთად ლოტი; და აბრამი სამოცდათხუთმეტი წლისა იყო ხარანიდან გამოსვლისას. 5. და წაიყოლა აბრამმა თავისი ცოლი სარაი და თავისი ძმისშვილი ლოტი, აგრეთვე მთელი თავიანთი ქონება, რაც მოიპოვეს, და ცოცხალი არსება, რომელიც შეიძინეს ხარანში; და გამოვიდნენ ქენაანის ქვეყანაში წასასვლელად; და მივიდნენ ქენაანის ქვეყანაში. 6. და შემოიარა აბრამმა ეს ქვეყანა შეხემის მიდამომდე, მორეს მოდრანამდე; და ქენაანელი იყო მაშინ ამ ქვეყანაში. 7. და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას; და აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. 8. და გადაინაცვლა იქიდან მთისკენ, ბეთ-ელის აღმოსავლეთით, და გაშალა კარავი – დასავლეთით იყო ბეთ-ელი და აღმოსავლეთით – ჰაი; და აუგო იქ უფალს სამსხვერპლო; და წარმოთქვა უფლის სახელი. 9. და აბრამი განაგრძობდა მგზავრობას სამხრეთისაკენ. 10. და იყო შიმშილი ქვეყანაში; და ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში იქ საცხოვრებლად, რადგამ მძიმე შიმშილი სუფევდა ქვეყანაში. 11. და იყო, როდესაც მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა თავის ცოლს სარაის: აი, მე ვიცი, რომ შენ შესახედავად ლამაზი ქალი ხარ. 12. და როცა დაგინახავენ ეგვიპტელები, იტყვიან: ეს მისი ცოლიაო, და მე მომკლავენ, შენ კი გაცოცხლებენ. 13. თქვი, გეთაყვა, რომ ჩემი და ხარ, რათა კეთილს ვეწიო შენი წყალობით და იცოცხლოს ჩემმა სულმა შენი მეოხებით. 14. და იყო აბრამის ეგვიპტეში შესვლისას ნახეს ეგვიპტელებმა, რომ ეს ქალი ძალიან ლამაზია. 15. და დაინახეს ფარაონის დიდებულებმა და ხოტბა შეასხეს მას ფარაონთან; და მიყვანილ იქნა ქალი ფარაონის სახლში. 16. და აბრამს სიკეთე ეწია მისი წყალობით; და ჰყავდა მას წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, სახედრები, მონები, მხევლები, ხრდალები და აქლემები. 17. და დიდი სასჯელი მიუზღო უფალმა ფარაონს და მის სახლეულს აბრამის ცოლის სარაის გამო. 18. და მოუხმო ფარაონმა აბრამს და უთხრა: ეს რა გამიკეთე, რატომ არ განმიცხადე, რომ შენი ცოლია იგი. 19. რატომ მითხარი, ჩემი და არისო, და ცოდად უნდა ამეყვანა იგი; ახლა კი, აჰა შენი ცოლი, წაიყვანე და წადი. 20. და მიუჩინა მას ფარაონმა ხალხი; და გაისტუმრეს ის, მისი ცოლი და ყველა ვინც მასთან იყო.

თავი 13

1. და გამოვიდა აბრამი ეგვიპტიდან, ის და მისი ცოლი და ყოველივე მისი, და ლოტიც მასთან ერთად, სამხრეთისაკენ. 2. და აბრამი ძალიან მდიდარი იყო ჯოგით, ვერცხლით და ოქროთი. 3. და დაიწყო მოგზაურობა სამხრეთიდან ბეთ-ელამდე, იმ ადგილამდე, სადაც მისი კარავი იყო თავდაპირველად, ბეთ-ელსა და ჰაის შუა. 4. იმ სამსხვერპლოს ადგილას, რომელიც ააგო იქ სულ პირველად, და წარმოსთქვა იქ აბრამმა უფლის სახელი. 5. ლოტსაც, აბრამთან ერთად რომ დადიოდა, ჰყავდა წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი და ჰქონდა კარვები. 6. და ვერ დაიტია ისინი ქვეყანამ, რომ ერთად დასახლებულიყვნენ, რადგან მათი ქონება აუარებელი იყო, და ვერ შეძლეს ერთად დასახლება. 7. და ატყდა დავა აბრამის ჯოგის მწყებსა და ლოტის ჯოგის მწყემსებს შორის. და ქვეყანაში, მაშინ ქენაანელები და ფერიზელები მოსახლეობდნენ. 8. და უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება დავა ჩემსა და შენს შორის, და ჩემს მწყემსებსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ნათესავები ვართ ჩვენ. 9. მთელი ქვეყანა ხომ შენს წინაშეა; გთხოვ გამეყარო; თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, და თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ. 10. და აღაპყრო ლოტმა თვალი და დაინახა მთელი იარდენის ხეობა ცოარის მისადგომამდე, რომ მთლიანად სარწყავია; ვიდრე მოსპობდა უფალი სედომს და ამორას, უფლის ბაღივით იყო, ვითარცა ეგვიპტის ქვეყანა. 11.და აირჩია ლოტმა თავისთვის მთელი იარდენის ხეობა; და გაემგზავრა ლოტი აღმოსავლეთით; და დაშორდნენ ერთმანეთს. 12. აბრამი დასახლდა ქენაანის ქვეყანაში, ლოტი კი დასახლდა ხეობის ქალაქებში, და გაშალა კარვები სედომამდე. 13. ხოლო სედომის ხალხი ძალზე ცუდი და ცოდვილი იყო უფლის მიმართ. 14. და უფალმა უთხრა აბრამს ლოტთან განშორების შემდეგ: აღაპყრე თვალი და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც შენ ხარ, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით. 15. რამეთუ მთელ ამ მიწას, რომელსაც შენ ხედავ, შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ საუკუნოდ. 16. და ვაქცევ შენს შთამომავლობას ქვიშასავით მრავლად: ისე, რომ თუ ვინმე დაითვლის ქვიშას, მაშინ შენი შთამომავლობაც დაითვლება. 17. ადექ, იარე ამ მიწაზე მის სიგრძე-სიგანეზე, რადგან შენ მოგცემ მას. 18. და დასძრა კარავი აბრამმა, მივიდა და დასახლდა მამრეს მუხრანში, რომელიც ხებრონთანაა; და ააგო იქ სამსხვერპლო უფლისათვის.

თავი 14

1. და იყო შინეარის მეფე ამრაფელის ელასარის მეფე არიოხის, ეილამის მეფე ქედორლაომერის და გოიმის მეფე თიდეალის დღეებში. 2. ისინი ეომებოდნენ სედომის მეფე ბერას, ამორის მეფე ბირშას, ადმის მეფე შინაბს, ცებოიმის მეფე შემებერს და ბელას ანუ ცოარის მეფეს. 3. ყველა ესენი გაერთიანდნენ სიდიმის, იგივე მარილოვანი ზღვის ველზე. 4. თორმეტ წელიწადს ემსახურებოდნენ ქედორლაომერს და მეცამეტე წელიწადს აუჯანყდნენ. 5. მეთოთხმეტე წელიწადს კი მოვიდნენ ქედორლაომერი და მასთან მყოფი მეფეები და გაანადგურეს რეფაიმები აშთეროთ – კარნაიმში, ზუზიმები – ჰამში და ემიმები -შავეკირიათაიმში. 6. და ხორელები – საკუთარ სეირის მთებში, ელ-ფარანამდის, რომელიც უდაბნოშია. 7. და დაბრუნდნენ და მივიდნენ ეინ-მიშფატში, იგივე კადეშში, და გაანადგურეს  ამალეკის მთელი ველი და აგრეთვე ემორელი, რომელიც ხაცეცონ-თამარში იყო დასახლებული. 8. და გავიდნენ სედომის მეფე, ამორის მეფე, ადმის მეფე, ცებოიმის მეფე და ბელას ანუ ცოარის მეფე, და გააჩაღეს ომი სიდიმის ველზე; 9. ეილამის მეფე ქედორლაომერთან, გოიმის მეფე თიდეალთან, შინეარის მეფე ამრაფელთან და ელასარის მეფე არიოხთან; ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ. 10. ხოლო სიდიმის ველი სავსე იყო ფისის ორმოებით; და გარბოდნენ სედომის და ამორის მეფეები, და ჩაცვივდნენ შიგ; დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ. 11. და წაიღეს სედომის და ამორას მთელი ქონება და მთელი საკვები და წავიდნენ. 12. და წაიყვანეს ლოტი, აბრამის ძმისშვილი, წაიღეს მისი ქონებაც და წავიდნენ; ის კი სედომში ცხოვრობდა. 13. და მოვიდა ლტოლვილი და აუწყა ეს ებრაელ აბრამს, ის კი ცხოვრობდა ემორელი მამრეს – ეშქოლის ძმისა და ანერის ძმის – მუხრანში; ხოლო ისინი აბრამის მოკავსირენი იყვნენ. 14. და მოისმინა აბრამმა, რომ მისი ნათესავი დატყვევებულია; და გამოიყვანა მის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი თავისი აღზრდილი და სდია დანამდის. 15. და განაწილდნენ მათ წინააღმდეგ ღამით ის და მისი მსახურები; და მიაყენეს მათ დარტყმა და სდიეს ხობამდის, რომელიც დამასკის მარცხნივ არის. 16. და დააბრუნა მთელი ქონება; თავისი ნათესავი და ლოტი და მისი ქონებაც დააბრუნა, აგრეთვე ქალები და ხალხი. 17. და გამოვიდა სედომის მეფე მის შესახვედრად, როცა დაბრუნდა იმის შემდეგ, რაც დარტყმა მიაყენა ქედორლაომერს და მასთან მყოფ მეფეებს – შავეს ველზე, იგივე მეფის ველზე. 18. და მალქი- ცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო; ხოლო ის იყო ქურუმი უზენაესი ღმერთისა; 19. და დალოცა იგი და თქვა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის გამჩენის მიერ. 20. და კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელთ ჩაგაბარა შენი შემვიწროებელნი; და მისცა მას აბრამმა მეათედი ყველაფრიდან. 21. და უთხრა სედომის მეფემ აბრამს: მომეცი სულიერნი, ქონება კი შენ წაიღე. 22. და უთხრა აბრამმა სედომის მეფეს: ხელს ვიშვერ უფლის, უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის გამჩენის წინაშე. 23. ძაფსა და ფეხსაცმლის ზონარსაც კი არ ავიღებ ყოველივე იმიდან, რაც შენია, რათა არ თქვა მე გავამდიდრეო აბრამი. 24. მე არაფერი, მარტო, რაც ყმაწვილებმა ჭამეს, და იმ ადამიანების წილი, ვინც ჩემთან იარებოდნენ: ანერმა, ეშქოლმა და მამრემ აიღონ თავ-თავიანთი წილი.

თავი 15

1. ამ ამბების შემდეგ იყო უფლის სიტყვები აბრამისადმი, ზმანების დროს, და უთხრა ასე: ნუ გეშინია, აბრამ, მე შენი მფარველი ვარ; შენი გასამრჯელო ძალიან დიდია. 2. და უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რას მომცემ? მე უშვილოდ დავდივარ, ჩემი სახლის გამგებელი დამასკელი ელიეზერია. 3. და უთხრა აბრამმა: რაკი არ მომეცი შთამომავლობა, აი, ჩემი სახლიკაცი გახდება ჩემი მემკვიდრე. 4. და აი, უფლის სიტყვა, მის მიმართ ნათქვამი: ეს კი არ გახდება შენი მემკვიდრე, არამედ ის, ვინც შენი წელიდან ჩამოვა, ის იქნება შენი მემკვიდრე. 5. და გამოიყვანა იგი გარეთ და უთხრა: აიხედე ცაში და დათვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა; და უთხრა მას: ასე იქნება შენი შთამომავლობა. 6. და დაუჯერა უფალს, მან კი ეს ალალმართლობაში ჩაუთვალა. 7. და უთხრა მას: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ურ-ქასდიმიდან, რათა მოგცე ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. 8. და მან უთხრა: უფალო ღმერთო, რით შევიტყობ რომ დავიმკვიდრებ? 9. და უთხრა მას: მომგვარე სამი წლის დეკეული, სამი წლის თხა, სამი წლის ერკემალი, გვრიტი და მტრედის ბარტყი. 10. და მოჰგვარა მას ყველა ესენი, დაჭრა შუა-შუა და ნაჭრები დაალაგა ერთმანეთის პირდაპირ, ფრინველები კი არ დაუჭრია. 11. და დაეშვნენ ძერები მძორებზე, მაგრამ აბრამმა გააბრუნა ისინი. 12. მზე ჩასვლაზე იყო და ღრმა ძილი მოერია აბრამს; და აი, საშინელება! უკუნი წყვდიადი დაატყდა მას თავს. 13. და მან უთხრა აბრამს: მტკიცედ იცოდე, რომ ხიზნად იქნება შენი შთამომავლობა უცხო ქვეყანაში, დაიმონებენ და აწამებენ მათ ოთხას წელიწადს. 14. და იმ ერსაც გავასამართლებ, რომელიც მათ დაიმონებს, და ამის შემდეგ გამოვლენ დიდი ქონებით.  15. ხოლო შენ მიხვალ შენს წინაპრებთან მშვიდობით, დასაფლავდები ღრმად მოხუცებული. 16. და მეოთხე თაობა დაბრუნდება აქ, რადგან აქამდის არ დასრულებულა ემორელის ცოდო-ბრალი. 17. და ჩავიდა მზე, და წყვდიადი ჩამოწვა; და აი, მბოლავი ღუმელი და ცეცხლის ალი, რომელმაც გაიარა იმ ნახევრებს შუა. 18. და იმ დღეს დადო უფალმა აბრამთან აღთქმა ამ სიტყვებით: შენს შთამომავლობას მივეცი ეს მიწა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდის, მდინარე ფერათამდის. 19. კენელი, კენიზელი და კადმონელი. 20. ხეთელი, ფერიზელი და რეფაიმი. 21. ემორელი, ქენაანელი, გირგაშელი და იებუსელი.

თავი 16

1. ხოლო სარაი, აბრამის ცოლი, არ შობდა მისთვის; და მას ჰყავდა ეგვიპტელი მოახლე, სახელად ჰაგარი. 2. და უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, უშვილო მქმნა უფალმა; გთხოვ, მიხვიდე ჩემს მოახლესთან, გავშვილიანდე იქნებ მისგან; და ისმინა აბრამმა სარაის ხმა. 3. და აიყვანა სარაიმ, აბრამის ცოლმა, ეგვიპტელი ჰაგარი, თავისი მოახლე, ქენაანის მიწაზე აბრამის დასახლებიდან ათი წლის შემდეგ, და მისცა იგი აბრამს, თავის ქმარს, ცოლად. 4. და მივიდა ჰაგართან, და ის დაორსულდა; როცა დაინახა, რომ დაორსულდა, პატივი დაკარგა მისმა ქალბატონმა, მის თვალში. 5. და უთხრა სარაიმ აბრამს: შენზე ვარ ნაწყენი; მოგიწვინე ჩემი მოახლე, და ნახა, რომ დაორსულდა, და პატივი დავკარგე მის თვალში. 6. და უთხრა აბრამმა სარაის: აი, შენი მოახლე შენს ხელშია, მოექეცი მას, როგორც გენებოს; და შეავიწროვა სარაიმ, და ის გაექცა მას. 7. და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა წყაროს წყალთან უდაბნოში, შურის გზის წყაროსთან. 8. და უთხრა: ჰაგარ, სარაის მოახლევ, საიდან მოსულხარ და საით მიდიხარ? და უთხრა: ჩემს ქალბატონ სარაისგან გავრბივარ. 9. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დაბრუნდი შენს ქალბატონთან და აიტანე შევიწროვება მის ხელქვეით. 10. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გამრავლებით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ დაითვლება იგი სიმრავლის გამო. 11. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აი, შენ დაორსულდი და შობ ვაჟს, და უწოდებ მას იშმაელს, რადგან მოისმინა უფალმა შენი ტანჯვა. 12. და იგი იქნება ველური ადამიანი – მისი ხელი იქნება ყველაზე და ყველას ხელი იქნება მასზე; და დასახლდება ყველა თავის ძმის პირისპირ. 13. და უწოდა მასთან მოლაპარაკე უფალს სახელი: შენ მხედველი ღმერთი ხარ, რადგან თქვა: მე ხომ ჩემი მხედველის კვალი მაინც ვნახე. 14. ამიტომ უწოდა ჭას ლახაი როის ჭა – ის კადეშსა და ბერედს შუაა. 15. და შვა ჰაგარმა აბრამისათვის ვაჟი; და უწოდა აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც ჰაგარმა შვა, იშმაელი. 16. და აბრამი ოთხმოცდაექვი წლისა იყო, როცა  ჰაგარმა შვა აბრამისათვის იშმაელი.

თავი 17

1. აბრამი იყო ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა მას: მე ვარ ღმერთი, ყოვლისშემძლე; იარე ჩემს წინაშე და იყავ უმწიკვლო. 2. და შევკრავ კავშირს ჩემსა და შენს შორის, და გაგამრავლებ მეტისმეტად. 3. და დაემხო აბრამი პირქვე და ელაპარაკა მას ღმერთი ასე: 4. აი, მე ვამყარებ შენთან კავშირს: შენ იქნები უამრავ ხალხთა მამა. 5. და შენ აღარ გერქმევა აბრამი, არამედ შენი სახელი იქნება აბრაჰამი, რამეთუ უამრავ ხალხთა მამად გაქცევ შენ. 6. და მოგაშენებ მეტისმეტად და შენგან წარმოვშობ ხალხებს, და მეფეები წარმოიშობიან შენგან. 7. და დავამყარებ კავშირს ჩემსა და შენს შორის, და შენ შემდეგ შენს შთამომავლობას შორის მათ თაობებში, მარადიულს კავშირს, რათა ვიყო ღმერთი შენთვის და შენი შთამომავლობისთვის შენს შემდეგ. 8. და მოგცემ შენ და შენს შემდეგ შენს შთამომავლობას ქვეყანას, სადაც შენ იცხოვრებ, მთელ ქენაანის მიწა-წყალს, სამუდამო სამფლობელოდ, და ვიქნები მათი ღმერთი. 9. და უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: ხოლო შენ დაიცავი ჩემი აღთქმა, შენ და შენმა შთამომავლობამ შენ შემდეგ, მათს თაობებში. 10. ესაა აღთქმა ჩემი, რომელიც უნდა დაიცვათ ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის, შენ შემდეგ; წინდაცვეთილ იქნას თქვენში ყოველი მამრი. 11. წინდაიცვითეთ კიდური ხორცი, და ეს იყოს ნიშანი ჩემსა და თქვენს შორის კავშირისა. 12. და რვა დღისა წინდაცვეთილ იქნას ყოველი მამრი თქვენში, თქვენს თაობებში, სახლში დაბადებული , თუ ვერცხლით ნაყიდი ნებისმიერი უცხო ტომისაგან, რომელიც შენი შთამომავალი არ არის. 13. წინდაცვეთილი უნდა იყოს ყოველი შენს სახლში დაბადებული და შენი ვერცხლით ნაყიდი, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს სხეულებზე, სამარადისო კავშირად. 14. წინდაუცვეთელი მამრი, რომელიც არ დაიცვეთს თავის კიდურ ხორცს, დაე, მოიკვეთოს ის სულიერი თავისი ხალხისაგან; ჩემი აღთქმა დაარღვია. 15. და უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ დაუძახო სახელად სარაი, არამედ მისი სახელი იქნება სარა. 16. და მე ვაკურთხებ მას და აგრეთვე მოგცემ მისგან ვაჟიშვილს და ვაკურთხებ მას, და მისგან წარმოიშობიან ხალხები, ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან. 17. და დაემხო აბრაჰამი პირქვე და გაიცინა, და თქვა თავის გულში: ნუთუ ასი წლისას შეეძინება, ან სარა ოთხმოცდაათი წლისა შობს? 18. და უთხრა აბრაჰამმა ღმერთს: ნეტა იშმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე. 19. ხოლო ღმერთმა უთხრა: მაგრამ შენი ცოლი სარა შობს შენთვის ვაჟიშვილს და დაარქმევ მას იცხაკს, და დავდებ ჩემს აღთქმას მასთან სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისათვის მის შემდეგ. 20. იშმაელის შესახებაც მოგისმინე: აი, მე ვაკურთხებ მას, და მოვაშენებ და მეტისმეტად გავამრავლებ მას, თორმეტ თავადს წარმოშობს იგი; და ვაქცევ მას დიდ ხალხად. 21. და აღთქმას დავდებ იცხაკთან, რომელსაც შობს შენთვის სარა სწორედ ამ დროს, მეორე წელიწადს. 22. და დაამთავრა მასთან ლაპარაკი, და ავიდა ღმერთი აბრაჰამისგან. 23. და წაიყვანა აბრაჰამმა თავისი ვაჟი იშმაელი და ყველა, ვინც მის სახლში იყო დაბადებული, და ყველა, ვინც მის სახლში იყო ვერცხლით ნაყიდი, და ყოველი მამრი აბრაჰამის სახლეულიდან, და წინდაუცვითა მათ კიდური ხორცი სწორედ იმ დღეს, როგორც ღმერთი ელაპარაკა მას. 24. ხოლო აბრაჰამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო თავისი კიდური ხორცის წინდაცვეთისას. 25. იშმაელი კი, მისი ვაჟი, ცამეტი წლისა იყო თავისი კიდური ხორცის წინდაცვეთისას. 26. სწორედ იმ დღეს წინდაცვეთილ იქნენ აბრაჰამი და იშმაელი, მისი ვაჟი. 27. და ყველა შინაური, სახლში დაბადებული და ვერცხლით ნაყიდი უცხო ტომისაგან, წინდაცვეთილ იქნა მასთან ერთად.

წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოცემა (გამომცემლობა ,,შუქურა” იერუშალაიმი)

Blog at WordPress.com.

ზედა ↑