19. და აი წარმომავლობა აბრაჰამის ძის იცხაკისა; აბრაჰამს ეყოლა იცხაკი. 20. და იცხაკი ორმოცი წლისა იყო, როცა ცოლად შეირთო რიბკა, ბეთუელ არამელის ასული ფადან-არამიდან, ლაბან არამელის და. 21. და შეევედრა იცხაკი უფალს თავისი ცოლისათვის, რამეთუ უშვილო იყო იგი, და მოუსმინა უფალმა, და დაორსულდა მისი ცოლი რიბკა. 22. და იწყეს ერთმანეთთან დაჯახება ბიჭებმა მის მუცელში: და თქვა მან: თუ ასეა, მაშ, რაღად ვარ მე? და წავიდა უფლის შესაკითხავად. 23. და უთხრა უფალმა მას: ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი განაყოფიერდება შენი წელიდან; და ერი ერთზე ძლიერი იქნება, და უფროსი ემსახურება უმცროსს. 24. და დადგა მისი მშობიარობის დრო, და აი, ტყუპია მის მუცელში. 25. და გამოვიდა პირველად წითური, მთლად ბეწვის მოსასხამის მსგავსი; და უწოდეს სახელად ესავი. 26. ხოლო შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, და მას ხელი ჩაჭიდებული ჰქონდა ესავის ქუსლზე, და მას უწოდეს სახელად იააკობი; ხოლო იცხაკი სამოცი წლისა იყო, როცა ისინი დაიბადნენ. 27. და წამოიზარდნენ ყმაწვილები; და იყო ესავი ნადირობის მცოდნე კაცი,მინდვრი კაცი, ხოლო იააკობი – წყნარი კაცი, კარვებში მოსახლე. 28. და შეიყვარა იცხაკმა ესავი, რამეთუ ნანადირევი ეგემრიელებოდა, ხოლო ესავი მოვიდა მინდვრიდან დაღლილი. 30.და უთხრა ესავმა იააკობს: მაჭამე, რა, წუთელი, ეს წითელი, რამეთუ დაღლილი ვარ; ამის გამო შეარქვეს სახელად ედომი. 31. და უთხრა იააკობმა: მომყიდე ახლა შენი პირმშოობა. 32. და უთხრა ესავმა: აგერ, მე სიკვდილის პირისპირ დავდივარ, და რისთვის მჭირდება პირმშოობა? 33. და უთხრა იააკობმა: შემომფიცე ახლავე: და მან შეჰფიცა და მიჰყიდა თავისი პირმშოობა იააკობს. 34. და იააკობმა მისცა ესავს პური და ოსპის შეჭამადი; და ჭამა და სვა, წამოდგა და წავიდა; და არად მიიჩნია ესავმა პირმშოობა.
თავი 26
1.და იყო შიმშილობა ქვეყანაში, აბრაჰამის დროს მომხდარი პირველი შიმშილობის მერე: და წავიდა იცხაკი ფელიშთიმელთა მეფე აბიმელეხთან გერარში. 2. და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: არ ჩახვიდე ეგვიპტეში; დასახლდი იმ მიწაზე, რომელსაც მე გეტვი. 3. იცხოვრე ამ ქვეყანაში და მე ვიქნები შენთან, და გაკურთხებ შენ, რამეთუ შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ მთელ ამ მიწებს, და შევასრულებ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე მამაშენ აბრაჰამს. 4. და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც ცის ვარკსვლავებს, და მივცემ შენს შთამომავლობას მთელ ამ მიწებს; და შენი თესლით იკურთხება ქვეყნიერების ყველა ხალხი. 5. იმისათვის, რომ მოისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი წესდებანი და ჩემი კანონები. 6. და დასახლდა იცხაკი გერარში. 7. და ჰკითხეს იმ ადგილის კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა: ჩემი და არის; რამეთუ შეეშინდა ეთქვა, ჩემი ცოლიაო – ,,ვაითუ მომკლან ამ ადგილის კაცებმა რიბკას გამო, ვინაიდან კარგი შესახედავია იგი“. 8. და მოხდა, რომ გაუხანგრძლივდა იქ ყოფნა, და გაიხედა ფელიშთიმელთა მეფემ აბიმელეხმა ფანჯრიდან, და დაინახა, რომ იცხაკი ერთობა რიბკასთან, თავის ცოლთან. 9. და მოუხმო აბიმელეხმა იცხაკს და უთხრა: აი, თურმე შენი ცოლი ყოფილა; და როგორ თქვი, ჩემი და არისო? და უთხრა მას იცხაკმა: რამეთუ ვიფიქრე, ვაითუ მოვმკვდარიყავი მის გამო. 10. და უთხრა აბიმელეხმა: ეს რა გაგვიკეთე? კინაღამ დაწვა ერთი ჩვენ ხალხთაგანი შენს ცოლთან, და ცოდვას მოგვახვევდი თავზე. 11. და უბრძანა აბიმელეხმა მთელ ხალხს ასე: ვინც შეეხება ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილით მოკვდინდება. 12. და დათესა იცხაკმა იმ მიწაზე, და მოიწია იმ წელს ასმაგად; და აკურთხა იგი უფალმა.13. და გადნიდდა ეს კაცი; სულ უფრო და უფრო დიდდებოდა, იქამდის, რომ ძალიან დიდი გახდა. 14. და ჰყავდა მას წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯოგი და ურიცხვი მსახურნი: და შეშურდათ მისი ფელიშთიმელებს. 15. და ყველა ჭა, რომელიც მისი მამის მონებმა ამოთხარეს მამამის აბრაჰამის დროს, დააუქმეს ფელისშთიმელებმა და მიწით ამოავსეს. 16. და უთხრა აბიმელეხმა იცხაკს: წადი ჩვენგან, რამეთუ ჩვენზე ბევრად ძლიერი გახდი. 17. და წავიდა იქიდან იცხაკი, დაიბანაკა გერარის ველზე და დასახლდა იქ. 18. და იცხაკმა კვლავ ამოთხარა ის წყლის ჭები, რომლებიც მამამის აბჰრამის დროს იყო ამოთხრილი და ფელიშთიმელებმა დააუქმეს აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ, და უწოდა მათ სახელები, როგორი სახელებიც უწოდა მათ მამამისმა. 19. და დაიწყეს თხრა იცხაკის მონებმა ველზე, და აღმოაჩინეს ცოცხალი წყლის ჭა. 20. და წაეჩხუბნენ გერარელი მწყემსები იცხაკის მწყემსებს, და ამბობდნენ: ჩვენი წყალი: და მან დაარქვა ამ ჭას სახელად ესეკი, რამეთუ იდავეს მასთან. 21. და ამოთხარეს სხვა ჭა, და იმაზეც წაიჩხუბეს, და დაარქვეს სახელად სიტნა. 22. და გადაბარგდა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და აღარ უჩხუბიათ მასზე: და უწოდა მას რეხოვოთი და თქვა: ახლა კი გაგვაფართოვა უფალმა, და ჩვენ გავმრავლდებით ამ ქვეყანაში. 23. და ავიდა იქიდან ბეერ-შევაში. 24. და გამოეცადა მას უფალი იმ ღამეს, და უთხრა: მე ვარ ღმერთი მამაშენი აბრაჰამისა; ნუ გეშინია, ვინაიდან მე ვარ შენთან; და გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას ჩემი მონის აბრაჰამის გულისათვის. 25. და ააგო იქ სამსხვერპლო, და წარმოთქვა უფლის სახელი; და გადასჭიმა იქ თავისი კარავი; და ამოთხარეს იქ იცხაკის მონეხმა ჭა. 26. ხოლო აბიმელეხი წავიდა მასთან გერარიდან, აგრეთვე ახუზათი, მისი მხედართუფროსი. 27. და უთხრა მას იცხაკმა: რატომ მოხვედით ჩემთან, როცა გძულდით და გამომაძევეთ თქვენგან? 28. მათ კი უთხრეს: თვალნათლივ დავინახეთ, რომ უფალი იყო შენთან, და ვთქვით: დაე, იყოს ურთიერთფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და შევკრათ კავშირი შენთან. 29. რათა არ მოიმოქმედო ჩვენს მიმართ ბოროტება, ისევე როგორც ჩვენ ხელი არ გვიხლია შენთვის, და როგორც მხოლოდ სიკეთე გაგიწიეთ და გამოგიშვით მშვიდობიანად; შენ ახლა ნაკურთხი ხარ უფლისაგან. 30. და გაუმართა მათ ნადამი; ჭამეს და სვეს. 31. და ადრე ადგნენ დილით და შეჰფიცეს ერთმანეთს, და გაუშვა ისინი იცხაკმა, და წავიდნენ მისგან მშვიდობით. 32. და იყო იმავე დღეს, მოვიდნენ იცხაკის მონები და აუწყეს მას ჭის შესახებ, რომელიც ამოთხარეს, და უთხრეს მას: აღმოვაჩინეთ წყალი. 33. და უწოდა მას შივა; ამის გამოა ამ ქალაქის სახელი ბეერ-შევა დღევანდლამდის. 34. ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა შეირთო ხეთელ ბეერის ასული იეჰუდითი და ხეთელ ეილონის ასული ბასემათი. 35. და მათ სულიერი ტკივილი მიაყენეს იცხაკს და რიბკას.
თავი 27
1.და იყო, როცა მოხუცდა იცხაკი და თვალის ჩინი დააკლდა, მოუხმო თავის უფროს შვილს ესავს და უთხრა მას: შვილო ჩემო! და მან უთხრა: აჰა, უკვე დავბერდი, არ ვიცი ჩემი სიკვდილის დღე. 3. ახლა კი აიღე შენი იარაღი, შენი კაპარჭი და შენი მშვილდი, გადი ველად და მოინადირე ჩემთვის გარეული ფრინველი. 4. და მომიმზადე გემრიელი კერძი, როგორიც მიყვარს, მომიტანე და ვჭამო, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა, ვიდრე მოვკვდებოდე. 5. რიბკა ისმენდა, როცა იცხაკი ელაპარაკებოდა მის შვილს ესავს; და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, რომ ნანადირევი მოეტანა. 6. და რიბკამ უთხრა თავის შვილს იააკობს ასე: აგერ, მოვისმინე, მამაშენი ელაპარაკებოდა შენს ძმას ესავს ასე: 7. ,,მომიტანე ნანადირევი და მომიზადე გემრიელი კერძი, და ვჭამ, და გაკურთხებ უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ“. 8. ახლა კი, შვილო ჩემო, ყური დამიგდე, რას გავალებ შენ. 9. წადი, გეთაყვა, ჯოგში და მომიყვანე იქიდან ორი კარგი თიკანი, და მოვამზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენისათვის, როგორიც უყვარს. 10. მიუტანე მამაშენს და ჭამოს, რათა გაკურთხოს თავისი სიკვდილის წინ. 11. და უთხრა იააკობმა რიბკმა, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი ხომ ბანჯგვლიანი კაცია, მე კი გლუვი კანი მაქვს. 12. ეგების მომსინჯოს მამაჩემმა, და მის თვალში მატყუარა გამოვალ, და ჩემს თავს კურთხევას კი არა, წყევლას მოვუტან. 13. და უთხრა მას დედამ: ჩემს თავზე იყოს შენი წყევლა, შვილო ჩემო, ოღონდ ისმინე ჩემი ხმა, წადი და მომიყვანე. 14. წავიდა, წამოიყვანა და მოჰგვარა თავის დედას; და მოამზადა დედამისმა გემრიელი კერძი, როგორის მამამისს უყვარდა. 15. და აიღო რიბკამ თავისი უფროსი შვილის ესავის საყვარელი ტანსაცმელი, რომელიც მასთან იყო სახლში, და ჩააცვა თავის უმცორს შვილს იააკობს. 16. ხოლო თიკნის ტყავები წამოაცვა ხელებზე და გლუვ კისერზე. 17. ნუგბარი კერძი და პური,რომელიც მოუმზადა, ხელში მისცა თავის შვილს იააკობს. 18. და მივიდა მამასთან და უთხრა: მამა! და უთხრა მან: აგერ ვარ; შენ ვინა ხარ, შვილო ჩემო? 19. და უთხრა იააკობმა მამამისს: მე ვარ ესავი, შენი პირმშო; გავაკეთე, რაც მითხარი; აბა, წამოჯექი და ჭამე ჩემი ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა. 20. და უთხრა იცხაკმა თავის შვილს: ეს რა ჩქარა გიპოვია, შვილო? და უთხრა: რამეთუ უფალმა, შენმა ღმერთმა მიბოძა ეს შემთხვევა. 21. და უთხრა იცხაკმა იააკობს: მოიწიე, აბა, და შეგეხო, შვილო, ეს შენა ხარ ჩემი შვილი ესავი თუ არა? 22. და მოუახლოვდა იააკობი თავის მამა იცხაკს, და მან მოსინჯა და უთხრა: ხმა – იააკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია. 23. და ვერ იცნო იგი, რამეთუ მისი ხელები ისეთივე იყო, როგორიც მისი ძმის ესავის ხელები, ბანჯგვლიანი: და აკურთხა იგი. 24. და უთხრა: ეს შენა ხარ ჩემი შვილი ესავი? და მან უთხრა: მე ვარ. 25. და უთხრა: მომიტანე და ვჭამო ჩემი შვილის ნანადირევი, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა; და მიუტანა მას, და ჭამა; მიუტანა მას ღვინო, და დალია. 26. და უთხრა მას მამამისმა იცხაკმა: მოიწიე და მაკოცე, შვილო. 27. და მიიწია, და აკოცა მას: ხოლო მან შეიყნოსა მისი ტანსაცმლის სუნი და აკურთხა იგი; და თქვა: შეხედე, ჩემი შვილის სურნელი იმ მინდვრის სურნელივითაა, რომელიც აკურთხა უფალმა. 28. და მოგცეს შენ ღმერთმა ცის ცვარი და დედამიწის ცხიმები, და უხვად პური და ღვინო. 29. გემსახურონ შენ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა: იბატონე შენს ძმებზე და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა: შენი დამაწყევარნი წყეულიმც იყვნენ, ხოლო შენი მაკურთხებელნი კურთხეულ იყვნენ. 30. და იყო, როცა დაასრულა იცხაკმა იააკობის კურთხევა და როგორც კი იააკობი გავიდა თავისი მამის იცხაკისაგან, მისი ძმა ესავი მოვიდა ნადირობიდან. 31. და მანაც მოამზადა გემრიელი კერძი, და მიუტანა თავის მამას; და უთხრა თავის მამას: წამოდგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა. 32. და უთხრა მას მამამისმა იცხაკმა: ვინ ხარ შენ? და მან უთხრა: მე ვარ, შენი შვილი, შენი პირმშო ესავი. 33. და შეწუხდა იცხაკი მეტისმეტად ძლიერი წუხილით, და თქვა: მაშ, ვინ იყო ის, რომელმაც ნადირებს სდია და მომიტანა ნანადირევი, და ვჭამე ყველაფერი, ვიდრე შენ მოხვიდოდი, და ვაკურთხე იგი? დაე, კურთხეულ იყოს! 34. როგორც კი მოისმინა ესავმა მამამისის სიტყვები, დაიღრიალა მეტისმეტად ძლიერი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო. 35. ხოლო მან უთხრა: მოვიდა შენი ძმა მოტყუებით და წაიღო შენი კურთხევა. 36. და მან თქვა: ნუთუ იმიტომ დაერქვა სახელად იააკობი, რომ უკვე ორჯერ მომატყუა? ჩემი პირმშოობა წაიღო და აი, ახლა წაიღო ჩემი კურთხევა: და თქვა: ნუთუ არ შემოინახე ჩემთვის კურთხევა? 37. უპასუხა იცხაკმა და უთხრა ესავს: მე ხომ შენს ბატონად დავაყენე იგი, და ყოველი ძმა მონებად მივეცი მას, პურით და ღვინით გავამაგრე იგი, და შენ რაღა გაგიკეთო, შვილო ჩემო?38. და უთხრა ესავმა მამამისს: ნუთუ მარტო ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამა! აიმაღლა ესავმა ხმა და ატირდა. 39. და უპასუხა მამამისმა იცხაკმა, და უთხრა მას: აჰა, ნაყოფიერი მიწისაგან და მაღლით გარდმოსული ცის ცვრისაგან იქნება შენი არსებობა. 40. და შენი მახვილით იცოცხლებ, და ემსახურები შენს ძმას; ხოლო დადგება დრო, როცა ამბოხდები, მოიშორებ მის უღელს შენი კისრიდან. 41. და შეიძულა ესავმა იააკობი კურთხევისათვის, რომლითაც აკურთხა მამამისმა, და თქვა ესავმა თავის გულში: ახლოვდება მამაჩემის გლოვის დღეები, და მე მოვკლავ ჩემს ძმას იააკობს. 42. და ეუწყა რიბკას თავისი უფროსი შვილის ესავის სიტყვები, და მან გაუგზავნა და მოიხმო თავისი უმცროსი შვილი იააკობი, და უთხრა მას: აი, შენი ძმა ესავი თავს ინუგეშებს შენს მოკვლაზე ფიქრით. 43. ახლა კი, შვილო ჩემო, ყურად იღე ჩემი ხმა, და ადექი; გაიქეცი ჩემს ძმა ლაბანთან ხარანში. 44. და დარჩი იმასთან რამდენიმე ხანს, ვიდრე შენი ძმის რისხვა გაივლიდეს. 45. ვიდრე მიყუჩდებოდეს შენი ძმის გულისწყრომა შენს მიმართ და დაივიწყებდეს, რაც გაუკეთე მას; მაშინ გამოგიგზავნი და წამოგიყვან იქიდან; რატომ დაგკარგოთ ორივენი ერთ დღეს? 46. და უთხრა რიბკამ იცხაკს: მომწყინდა სიცოცხლე ხეთელი ქალიშვილები გამო: იააკობმა რომ ხეთელ ქალიშვილთაგან მოიყვანოს ცოლი, ამითი მსგავსი, ამ ქვეყნის ქალიშვილთაგან – რაღად მინდა სიცოცხლე?
თავი 28
1.და მოიხმო იცხაკმა იააკობი, აკურთხა იგი, და უანდერძა და უთხრა: არ შეირთო ცოლად ქენაანის ქალიშვილთაგანი. 2. ადექი, წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის ბეთუელის სახლში, და წამოიყვანე იქიდან ცოლი დედაშენის ძმის ლაბანის ასულთაგან. 3. და ყოვლისშემძლე ღმერთმა გაკურთხოს შენ, გაგანაყოფიეროს და გაგამრავლოს, რათა გადაიქცე ხალხთა კრებულად. 4. და მოგცეს შენ კურთხევა აბრაჰამისა, შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი საცხოვრებელი მიწა-წყალი, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაჰამს. 5. და გაგზავნა იცხაკმა იააკობი, და ის წავიდა ფადან-არამში, ლაბანთან – ბეთუელ არამელის შვილთან, იაკობისა და ესავის დედის – რიბკას ძმასთან. 6. და დაინახა ესავმა, რომ იცხაკმა აკურთხა იააკობი და გაგზავნა ფადან-არამში იქიდან ცოლის მოსაყვანად; კურთხევისას უბრძანა ასე: არ მოიყვანო ცოლი ქენაანელ ქალიშვილთაგან. 7. და მოუსმინა იააკობმა მამამისს და დედამისს, და წავიდა ფადან-არამში. 8. და დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონს მამამის იცხაკს ქენაანელი ქალიშვილები. 22. და წავიდა ესავი იშმაელთან და ცოლად შეირთო მახალათი -აბრაჰამის შვილის იშმაელის ასული, ნებაიოთის და, თავისი ცოლების დამატებით.
წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოცემა