4. და გაგზავნა იააკობმა თავის წინ მოციქულები თავის ძმა ესავთან, სეირის ქვეყანაში, ედომის ველზე. 5. და დაავალა მათ სათქმელად: ასე უთხარით ჩემს ბატონს ესავს: ასე თქვა შენმა მონამ იააკობმა: ,,ლაბანთან ვცხოვრობდი და აქამდის შემაგვიანდა. 6. და მერგო ხარები, სახედრები, წვრილფეხა პირუტყვი, მონები და მხევლები; და ვგზავნი საუწყებლად ჩემი ბატონისათვის, რათა ვპოვო კეთილგანწყობა შენს თვალში. 7. როცა დაბრუნდნენ მოციქულები იააკობთან, უთხრეს: მივედით შენს ძმა ესავთან, მაგრამ ისიც შენს შესახვედრად მოდის და ოთხასი კაცია მასთან. 8. და შეეშინდა იააკობს ძალიან, შეწუხდა, და ორ ბანაკად გაჰყო მასთან მყოფი ხალხი და წვრილფეხა პირუტყვი, და მსხვილფეხა პირუტყვი, და აქლემები. 9. და თქვა: თუ წამოვა ესავი ერთ ბანაკზე და დარტყმას მიაყენებს მას, დარჩენილი ბანაკი გადარჩება. 10. და თქვა იააკობმა: მამაჩემის – აბრაჰამის ღმერთო და მამაჩემის იცხაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი მე: ,,დაბრუნდი შენს ქვეყანაში და შენს სამშობლოში, და მე კეთილს მოვიმოქმედებ შენთვის.“ 11. არა ვარ ღირსი მთელი იმ მოწყალებისა და მთელი იმ ჭეშმარიტებისა, რაც გაუწიე შენს მონას; რამეთუ ჩემი ჯოხით გადავლახე ეს იარდენი და ახლა ორი ბანაკი ვარ. 12. გევედრები, მიხსენი ჩემი ძმის ხელიდან, ესავის ხელიდან, ვინაიდან მეშინია მისი; ვაიდა მოვიდეს და ამოგვხოცოს მეც და დედებიც შვილებთან ერთად. 13. შენ კი მითხარი: ,,კეთილს მოვიმოქმედებ შენთვის და ვაქცევ შენს შთამომავლობას, ვითარცა ზღვის ქვიშას, რომელიც არ დაითვლება სიმრავლის გამო.“ 14. და გაათია იქ ის ღამე; რაც ხელთ მოხვდა, აიღო იქიდან ძღვენი თავის ძმა ესავისთვის. 15. ორასი თხა და ოცი ბოტი, ორასი ცხვარი და ოცი ერკემალი; 16. მეწველი აქლემები და მათი კოზაკები – ოცდაათი, ორმოცი ძროხა და ათი ხარი, ოცი ხრდალი და ათი ჩოჩორი. 17. და გადასცა მონების ხელში თითოეული ჯოგი ცალ-ცალკე, და უთხრა მონებს: იარეთ ჩემს წინ და დაიცავით მანძილი ჯოგსა და ჯოგს შორის. 18. და უბრძანა პირველს ასე: თუ შეგხვდეთ ჩემი ძმა ესავი და გკითხოს ასე: ვისი ხარ და სად მიდიხარ, და ვისია ესენი, რაც შენს წინაა? 19. შენ უთხარი: შენი მონის იააკობისა; ეს არის ძღვენი, რომელიც გამოუგზავნა ჩემს ბატონს, ესავს, და აი, ისიც ჩვენს უკანაა. 20. და უბრძანა ასევე მეორეს და მესამეს, აგრეთვე ყველას – ჯოგების უკან მიმავალთ ასე: ასეთი სიტყვით ელაპარაკეთ ესავს, როცა შეხვდებით მას. 21. და უთხარით: აი, შენი მონა იააკობიც ჩვენს უკანაა; რამეთუ თქვა: დავაცხრობ მის რისხვას ძღვენით, რომელიც ჩემს წინ გაივლის, ხოლო მერე ვიხილავ მის სახეს, იქნებ მაპატიოს. 22. და გაიარა ძღვენმა მის წინ, ხოლო მან ის ღამე გაათია ბანაკში. 23. და წამოდგა იმ ღამეს, და წაიყვანა თავისი ორი ცოლი, და თავისი ორი მხევალი, და თავისი თერთმეტი შვილი, და გადალახა იაბოკის ფონი. 24. და აიყვანა ისინი, გადაიყვანა ლელეზე და გადაიტანა ყოველივე, რაც ჰქონდა. 25. და დარჩა იააკობი მარტოდმარტო; და ებრძოდა მას კაცი რიჟრაჟის დადგომამდის. 26. და ნახა, რომ ვერ დაძლია იგი, და შეეხო მის ბარძაყს, და ეღრძო იააკობს ბარძაყის სახსარი მასთან ბრძოლის დროს. 27. და უთხრა: გამიშვი, რამეთუ გარიჟრაჟი დადგა; მაგრამ მან უთხრა: არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ. 28. და უთხრა მას: რა გქვია? და უთხრა: იააკობი. 29. და უთხრა: იააკობი აღარ ითქმება ამიერიდან შენი სახელი, არამედ ისრაელი, რამეთუ ებრძოდი ანგელოზსა და ადამიანებს , და გაიმარჯვე. 30. და ჰკითხა იააკობმა და უთხრა: მითხარი, გეთაყვა, შენი სახელი: მან კი უთხრა: რატომ მეკითხები ჩემს სახელს? და აკურთხა იგი იქ. 31. და უწოდა იააკობმა იმ ადგილს ფენიელი, ვინაიდან ,,ანგელოზი ვიხილე პირისპირ და სული შემრჩა.“ 32. და ამოუბრწყინდა მას მზე, როცა ფენუელი გადაიარა, და იგი კოჭლობდა ბარძაყით. 33. ამის გამო არ ჭამენ ისრაელის შვილები დღემდის საჯდომის ძარღვს, რომელიც ბარძაყის სახსარზეა, რამეთუ ის შეეხო იააკობის ბარძაყის სახსარს საჯდომის ძარღვთან.
თავი 33
1.აღაპყრო იააკობმა თვალი და დაინახა: აგერ, ესავი მოდის და მასთან ოთხასი კაცია; და დაანაწილა ბავშვები ლეასთან და რახელთან, და ორ მხევალთან. 2. და დააყენა მხევალნი და მათი შვილები წინ, ლეა და მისი შვილები – უკან, და რახელი და იოსეფი – უკან. 3. ხოლო თვითონ გაიარა მათ წინ და დაემხო მიწაზე შვიდჯერ, ვიდრე მიაღწევდა ძმასთან. 4. და გამოექანა ესავი მის შესაგებებლად, და მოეხვია, და ემხო მის კისერზე და გადაჰკოცნა, და ატირდნენ. 5. და აღაპყრო თვალი, და დაინახა ქალები და ბავშვები, და ჰკითხა: რანი არიან ესენი შენთვის? და უთხრა: შვილებო, რომლებიც უწყალობა ღმერთმა შენს მონას. 6. და მიუახლოვდნენ მხევლები, ისინი და მათი შვილები, და თაყვანი სცეს. 7. და ლეახ მიუახლოვდა, და მისი შვილებიც, და თაყვანი სცეს; და შემდეგ მიუახლოვდნენ იოსეფი და რახელი, და თაყვანი სცეს. 8. და უთხრა: რა არის შენი მთელი ეს კრებული, რომელსაც შევხვდი? და უთხრა: რათა კეთილგანწყობა მეპოვა ჩემი ბატონის თვალში. 9. და უთხრა ესავმა: მე ბევრი მაქვს, ჩემო ძმაო; დაე, შენ გქონდეს, რაც შენია. 10. და უთხრა იააკობმა: ო, არა, თუ კეთილგანწყობა ვპოვე შენს თვალში, მიიღე ძღვენი ჩემგან, რამეთუ ისე ვიხილე შენი სახე, თითქოს ანგელოზის სახე მეხილოს, და შენც კეთილგანეწყე ჩემდამი. 11. მიიღე, გთხოვ, ჩემი საჩუქარი, რომელიც მოგერთვა შენ, რამეთუ ღმერთმა მიწყალობა და მაქვს მე ყოველივე; და ეხვეწა მას, და მან მიიღო. 12. და უთხრა: მოდი, გავემგზავროთ, და შენს გვერდით ვივლი. 13. და უთხრა მას: ჩემმა ბატონმა იცის, რომ ბავშვები ჩვილები არიან, ხოლო წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი მეწველია; და ერთი დღეც რომ ვარბენინოთ, მთელი პირუტყვი დაიხოცება. 14. დაე, იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მონის წინ, და მე წამოვალ ნელ-ნელა, პირუტყვის სვლის მიხედვით, რომელიც ჩემს წინაა, და ბავშვების სვლის მიხედვით, ვიდრე მოვიდოდე ჩემს ბატონთან სეირში. 15. და უთხრა ესავმა: მოგიჩენ კაცებს, რომლებიც ჩემთან არიან; მან კი უთხრა: რა საჭიროა ეს? მხოლოდ კეთილგანწყობა ვპოვო ჩემი ბატონის თვალში. 16. და დაბრუნდა იმ დღეს ესავი თავისი გზით სეირში. 17. იააკობი კი გაემგზავრა სუქოთს და აიშენა სახლი, ხოლო თავისი ჯოგისათვის მოაწყო კარვები; ამიტომ უწოდა ამ ადგილს სუქოთი. 18. და მივიდა იააკობი მშვიდობიანად ქალაქ შეხემში, რომელიც ქენაანის ქვეყანაშია, ფადან-არამიდან გამოსვლისას, და დაიბანაკა ქალაქის წინ. 19. და იყიდა მან მინდვრის ნაკვეთი, სადაც თავისი კარავი გადაჭიმა, შეხემის მამის ხამორის შვილებისაგან ას კესიტად. 20. და აღმართა იქ სამსხვერპლო, და უწოდა მას ელ-ელოჰე-ისრაელ.
თავი 34
1.და გამოვიდა დინა, ლეას ქალიშვილი, რომელიც მან შვა იააკობისათვის, იმ ქვეყნის ქალიშვილების სანახავად. 2. და დაინახა იგი შეხემმა, ხიველი ხამორის – იმ ქვეყნის თავადის ვაჟმა; წაიყვანა იგი და დაწვა მასთან, და გააუპატიურა იგი. 3. და მიეკრა მისი სული დინას, იააკობის ასულს, შეუყვარდა ქალიშვილი და ლაპარაკობდა ქალიშვილის გულის მოსაგებად. 4. და უთხრა შეხემმა თავის მამას ხამორს ასე: მომიყვანე ეს გოგო ცოლად. 5. და იააკობმა მოისმინა, რომ მან ნამუსი ახადა მის ქალიშვილ დინას; ხოლო მისი შვილები ჯოგთან იყვნენ მინდორში, და იყუჩა იააკობმა მათ მოსვლამდის. 6. და გამოვიდა შეხემის მამა ხამორი იააკობთან მოსაპარაკებლად. 7. იააკობის შვილები კი დაბრუნდნენ მინდვრიდან, როგორც კი მოისმინეს; ეწყინათ ამ კაცებს და ძალიან განრისხდნენ, რამეთუ სისაძაგლე ჩაიდინა ისრაელის მიმართ, როცა იააკობის ქალიშვილთან დაწვა; და ასე არ უნდა მომხდარიყო; 8. და ელაპარაკა მათ ხამორი ასე: შეხემს, ჩემს შვილს, ძალიან შეუყვარდა თქვენი ქალიშვილი; გთხოვთ მისცეთ იგი ცოლად. 9. და დაგვიმძახლდით ჩვენ: მოგვეცით თქვენი ქალიშვილები და ჩვენი ქალიშვილები თქვენ წამოიყვანეთ. 10. და ჩვენთან დასახლდით, და ეს ქვეყანა იქნება თქვენს წინაშე, დასახლდით და იმოძრავეთ, და დამკვიდრდით აქ. 11. და უთხრა შეხემმა ქალიშვილის მამას და ძმებს: თქვენი კეთილგანწყობა მოვიპოვო და რასაც მეტყვით, მოგცემთ. 12. და მინიშნეთ ყველაზე დიდი ურვადი და საჩუქრები, და მოგცემთ, როგორც კი მეტყვით, ოღონდაც მომეცით ქალიშვილი ცოლად. 13. და უპასუხეს იააკობის შვილებმა შეხემს და მის მამას ხამორს ეშმაკურად; და ელაპარაკნენ ასე იმიტომ, რომ მან ნამუსი ახადა მათ დას – დინას. 14. და უთხრეს მათ: არ შეგვიძლია ამის გაკეთება – ჩვენი დის მითხოვება იმ კაცისათვის, ვინც წინდაცვეთილი არაა, რამეთუ სამარცხვინოა ეს ჩვენთვის. 15. მხოლოდ ამით დაგთანხმდებით, თუ იქნებით ჩვენსავით: თუ წინდაცვეთილი იქნება თქვენთან ყველა მამრი. 16. მაშინ მოგცემთ ჩვენს ქალიშვილებს და თქვენს ქალიშვილებს წამოვიყვანთ, და დავსხდებით თქვენთან, და გავხდებით ერთი ხალხი. 17. და თუ არ მოგვისმენთ წინდაცვეთაზე, მაშინ წამოვიყვანთ ჩვენს ქალიშვილს და წავალთ. 18. და მოეწონათ მათი სიტყვები ხამორს და შეხემს, ხამორის ვაჟს. 19. და არ დააყოვნა ჭაბუკმა ამის გაკეთება, ვინაიდან ეწადა იააკობის ასული; და ის ყველაზე მეტად პატივდებული იყო მამამისის მთელი სახლეულიდან. 20. და მივიდნენ ხამორი და მისი ვაჟი შეხემი თავიანთი ქალაქის ჭიშკართან, და ელაპარაკნენ თავიანთი ქალაქის ხალხს ასე: 21. ეს ხალხი მშვიდობიანია ჩვენს მიმართ და, დაე, დასახლდნენ ამ ქვეყანაში და იმოძრაონ აქ; ხოლო ეს მიწა, აჰა, ვრცლად არის გადაჭიმული მათ წინაშე; მათ ქალიშვილებს წამოვიყვანთ ცოლებად და ჩვენს ქალიშვილებს მივცემთ მათ. 22. მხოლოდ ამით დაგვთანხმდებიან ეს კაცები – დასახლდნენ ჩვენთან და ვიყოთ ერთი ხალხი, თუ ჩვენში ყველა მამრი წინადაიცვეთს, ვითარცა ისინი არიან წინადაცვეთილნი. 23. მათი ჯოგი და მათი ქონება, და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ იქნება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დასახლდებიან. 24. და მოუსმინა ხამორს და მის ვაჟს შეხემს ყველამ – მისი ქალაქის ჭიშკარში გამომავალმა, და წინადაცვეთილ იქნა ყველა მამრი, ვინც მისი ქალაქის ჭიშკარში გამოდიოდა. 25. და მოხდა მესამე დღეს, როცა ტკივილი აწუხებდათ, იააკობის ორმა შვილმა – შიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს თავ-თავისი მახვილი და წავიდნენ ქალაქზე გულდაგულ, და დახოცეს ყველა მამრი. 26. ხამორი და მისი ვაჟი შეხემიც დახოცეს მახვილით, და წამოიყვანეს დინა შეხემის სახლიდან, და გამოვიდნენ. 27. იააკობის შვილები მივიდნენ დახოცილებთან და გაძარცვეს ქალაქი იმისათვის, რომ ნამუსი ახადეს მის დას. 28. წაიყვანეს მათი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, და მათი სახედრები, და წაიღეს ყოველივე, რაც მინდორში იყო. 29. და მთელი მათი ქონება; და ყველა მათი ბავშვი და მათი ცოლები დაატყვევეს, და დაარბიეს ყოველივე, რაც სახლში იყო. 30. და უთხრა იააკობმა შიმონსა და ლევის: შემარცხვინეთ, საძულველი გამხადეთ ამ ქვეყნის მცხოვრებლებისთვის; ხოლო მე მცირე ხალხი მყავს, შეიკრიბებიან, და მომსპობენ – მე და ჩემს სახლეულს. 31. და უთხრეს: მაშ, როგორც მეძავს, ისე უნდა მოქცეოდა ჩვენს დას?
თავი 35
1.და უთხრა ღმერთმა იააკობს: წამოდექი, ადი ბეთ-ელში და დასახლში იქ; და გაუმართე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა,როცა გაექეცი შენს ძმა ესავს. 2. და უთხრა იააკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც მასთან იმყოფებოდა: მოიშორეთ უცხო კერპები, რომლებიც თქვენს შორისაა, და გასუფთავდით, და გამოიცვალეთ თქვენი ტანისამოსი. 3. და წამოვდგეთ და ავიდეთ ბეთ-ელში, და სამსხვერპლოს გავუმართავ უფალს, რომელმაც მიპასუხა ჩემი გაჭირვების დღეს და ჩემთან იყო გზაში, რომლითაც ვიარებოდი. 4. და გადასცეს იააკობს ყველა უცხო კერპი, რომლებიც მათ ხელში იყო, და რგოლები, რომლებიც ყურებზე ჰქონდათ, და დამალა იააკობმა ფისტის ხის ქვეშ შეხემის მახლობლად. 5. და გაემგზავრნენ; და იყო შიში ღმერთისა მათ ირგვლივ ქალაქებზე, და არ სდევდნენ იააკობის შვილებს. 6. და მივიდა იააკობი ლუზში, რომელიც ქენაანის მიწაზეა, იგივე ბეთ-ელში, ის და მთელი მასთან მყოფი ხალხი. 7. და ააგო იქ სამსხვერპლო, და უწოდა ამ ადგილს ელ-ბეთ-ელი, ვინაიდან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა თავის ძმას გაექცა. 8. და გარდაიცვალა რიბკას ძიძა დებორა, და დაასაფლავეს ბეთ-ელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, და უწოდეს მას სახელად ალონ-ბახუთი; 9. და კიდევ გამოეცხადა ღმერთი იააკობს ფადან-არამიდან დაბრუნებისას, და აკურთხა იგი. 10. და უთხრა მას ღმერთმა: შენი სახელია იააკობი; აღარ გერქმევა სახელად იააკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი; და უწოდა მას სახელად ისრაელი. 11. და უთხრა მას ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლისშემძლე; განაყოფიერდი და გამრავლდი; ხალხი და ხალხთა კრებული იქნება შენგან, და მეფენი შენი წელიდან გამოვლენ. 12. და მიწას, რომელიც მივეცი აბრაჰამსა და იცხაკს, შენ მოგცემ, და შენ შემდეგ შენს შთამომავლობას მივცემ ამ მიწას. 13. და აღვიდა მისგან ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც მასთან ლაპარაკობდა. 14. და აღმართა იააკობმა ძეგლი იმ ადგილას, სადაც მას ელაპარაკებოდა, ქვის ძეგლი, და აპკურა მას სამსხვერლო ღვინო, და სცხო მას ზეთი. 15. და უწოდა იააკობმა იმ ადგილს, სადაც ელაპარაკა მას ღმერთი, სახელად ბეთ-ელი. 16. და გაემგზავრნენ ბეთ-ელიდან, და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდის, რომ იმშობიარა რახელმა; და მძიმე იყო მისი მშობიარობა. 17. და იყო, როცა გაუძნელდა მშობიარობა, უთხრა მას ბებია ქალმა: ნუ გეშინია, რამეთუ ესეც გყავს. 18. და იყო სულის ამოსვლისას, რამეთუ კვდებოდა, უწოდა მას სახელად ბენ-ონი, ხოლო მამამ დაარქვა მას ბინიამინი. 19. და გარდაიცვალა რახელი, და დასაფლავდა ეფრათის, იგივე ბეთ-ლეხემის, გზაზე. 20. და აღმართა იააკობმა ძეგლი მის საფლავზე; ეს არის რახელის საფლავის ძეგლი დღევანდლამდის. 21. და გაემგზავრა ისრაელი, და გადასჭიმა კარავი მიგდალ-ედერის მოშორებით. 22. და იყო ამ ქვეყანაში ისრაელის ყოფნის დროს, წავიდა რეუბენი და დაწვა ბილჰასთან, თავისი მამის ხარჭასთან; და მოისმინა ისრაელმა. 23. და იყვნენ იააკობის შვილები თორმეტნი: ლეას შვილები: რეუბენი, შიმონი, ლევი, ისახარი და ზებულონი. 24. რახელის შვილები: იოსეფი და ბინიამინი. 25. რახელის მხევლის ბილჰას შვილები: დანი და ნაფთალი. 26. ლეას მხევლის ზილფას შვილები: გადი და აშერი; ესენი არიან იააკობის შვილები, რომლებიც შეეძინა მას ფადან-არამში. 27. და მივიდა იააკობი კირიათ-არბას, იგივე ხებრონის, მამრეში, სადაც ცხოვრობდა აბრაჰამი, აგრეთვე იცხაკი. 28. და იყო იცხაკის დღეები ად ოთხმოცი წელი.29. და დალია სული იცხაკმა, და გარდაიცვალა, და შეეძინა თავის ხალხს მოხუცებული და დღეებით გულნაჯერი; და დაკრძალეს იგი მისმა შვილებმა ესავმა და იააკობმა.
თავი 36
1.და აი, ესავის, იგივე ედომის, შთამომავლობა. 2. ესავმა ცოლებად მოუყვანა ქენაანელი ქალები: ადა, ეილონ ხეთელის ასული, და აჰოლიბამა, ანას ასული, ციბეონ ხიველის ასული. 3. და ბასემათი, იშმაელის ასული, ნებაიოთის და. 4. და ადამ შვა ესავისათვის ელიფაზი და ბასემათმა შვა რეული. 5. და აჰოლიბამამ შვა იეუში, იალამი და კორახი; ესენი არიან ესავის შვილები, რომლებიც ეყოლა მას ქენაანის მიწაზე. 6. და წამოიყვანა ესავმა თავისი ცოლები, თავისი ვაჟები და ქალიშვილები, ყველა წევრი თავისი სახლისა, თავისი ჯოგი, მთელი თავისი პირუტყვი, და წაიღო მთელი თავისი ქონება, რაც შეიძინა ქენაანის ქვეყანაში, და წავიდა სხვა ქვეყანაში თავის ძმა იააკობის პირისაგან. 7. რამეთუ მათი ქონება აურაცხელი იყო და ერთად ცხოვრებისას არ შეეძლოთ მათ საცხოვრებელ მიწაზე დატევა, მათი ჯოგების გამო. 8. და დასახლდა ესავის სეირის მთაში; ესავი, იგივე ედომი. 9. და აი, შთამომავლობა ესავისა, ედომელთა მამისა, სეირის მთაში. 10. აი, ესავის შვილთა სახელები: ელიფაზი – ესავის ცოლის ადას შვილი, რეუელი – ესავის ცოლის ბასემათის შვილი. 11. და იყვნენ ელიფაზის შვილები: თემანი, ომარი, ცეფო, გათამი და კენაზი. 12. ხოლო თიმნა იყო ესავის შვილის ელიფაზის ხარჭა, და მან შვა ელიფაზისთვის ამალეკი; ესენია ესავის ცოლის ადას შვილები. 13.და აი, რეუელის შვილები: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა: ესენი იყვნენ ესავის ცოლის ბასემათის შვილები. 14. ხოლო ესენი იყვნენ აჰოლიბამას – ესავის ცოლის, ანას ასულის, ციბეონის ასულის – შვილები; მან შვა ესავისათვის იეუში, იალამი და კორახი. 15. აი, ესავის შვილთა თავადები; ესავის პირმშოს ელიფაზის შვილები: თავადი თემანი, თავადი ომარი, თავადი ცეფო, თავადი კენაზი. 16. თავადი კორახი, თავადი გათამი, თავადი ამალეკი; ესენი არიან ელიფაზის თავადები ედომის მიწაზე; ესენი არიან ადას შვილები. 17. და აი, ესავის შვილის რეუელის შვილები: თავადი ნახათი, თავადი ზერახი, თავადი შამა, თავადი მიზა; ესენი არიან რეუელის თავადები ედომის მიწაზე; ესენი არიან ესევის ცოლის ბასემათის შვილები. 18. და აი, ესავის ცოლის აჰოლიბამას შვილები: თავადი იეუში, თავადი იალამი, თავადი კორახი; ესენი არიან ანას ასულის, ესავის ცოლის, აჰოლიბამას თავადები. 19. და აი, ესავის შვილები და აი, მათი თავადები; ეს არის ედომი. 20. აი, სეირ ხორელის შვილები, იმ ქვეყნის მცხოვრებნი: ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა. 21. დიშონი, ეცერი და დიშანი; ესენი არიან ხორელთა, სეირის შვილთა თავადები ედომის მიწაზე. 22. და იყვნენ ლოტანის შვილები: ხორი და ჰეიმამი, ხოლო ლოტანის და – თიმნა. 23. და აი, შობალის შვილები: ალვანი, მანახათი, ებალი, შეფო და ონამი. 24. და აი ციბეონის შვილები: აია და ანა; ეს აის ანაა, რომელმაც აღმოაჩინა ცხელი წყაროები უდაბნოში, როცა თავისი მამის ციბეონის სახედრებს მწყემსავდა. 25. და აი, ანას შვილები: დიშონი და აჰოლიბამა, ანას ასული. 26. და აი, დიშანის შვილები: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი. 27. ესენია ეცერის შვილები: ბილჰანი, ზაავანი და აკანი. 28. ესენია დიშანის შვილები: უცი და არანი. 29. ესენია ხორელთა თავადები: თავადი ლოტანი, თავადი შობალი, თავადი ციბეონი, თავადი ანა. 30. თავადი დიშონი, თავადი ეცერი, თავადი დიშანი; ესენი არიან ხორელთა თავადები, მათი უფროს-უმცროსობის მიხედვით სეირის მთაზე. 31. და აი, მეფენი, რომელნიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე მეფე ეყოლებოდათ ისრაელის შვილებს. 32. და გამეფდა ედომში ბელა, ძე ბეორისა, და მის ქალაქს, ერქვა დინჰაბა. 33. და გარდაიცვალა ბელა, და გამეფდა მის ადგილზე ბაცრელ ზერახის შვილი იობაბი. 34. და გარდაიცვალა იობაბი, და გამეფდა მის ადგილზე ხუშამი თეიმანელთა ქვეყნიდან. 35. და გარდაიცვალა ხუშამი, და გამეფდა მის ადგილზე ჰადადი, ძე ბედადისა, რომელმაც დაამარცხა მიდიელები მოაბის ველზე, და მის ქალაქს ერქვა ავითი. 36. და გარდაიცვალა ჰადადი, და გამეფდა მის ადგილზე სამლა მასრეკიდან. 37. და გარდაიცვალა სამლა, და გამეფდა მის ადგილზე შაული რეხოვოთიდან, რომელიც მდინარეს სანაპიროზეა. 38. და გარდაიცვალა შაული, და გამეფდა მის ადგილზე ბაალხანანი, ძე ახბორისა. 39. და გარდაიცვალა ბაალ-ხანანი, ძე ახბორისა, და გამეფდა მის ადგილზე ჰადარი, და მის ქალაქს ერქვა ფაუ, ხოლო მის ცოლს ერქვა მეჰეტაბელი, ასული მატრედისა, მე-ზაავის ასულისა. 40. ესენია ესავის თავადთა სახელები მათი მოდგმის, მათი ადგილებისა და სახელების მიხედვით: თავადი თიმნა, თავადი ალვა, თავადი იეთეთი. 41. თავადი აჰოლიბამა, თავადი ელა, თავადი ფონონი. 42. თავადი კენაზი, თავადი თეიმანი, თავადი მიბცარი. 43. თავადი მაგდიელი, თავადი ირამი; ესენია ედომის თავადები მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით თავიანთ სამფლობელო ქვეყანაში.
წყარო: ,,თორა”1995 წლის გამოშვება (გამომცემლობა ,,შუქურა”)