ვაიეცე

10. და გამოვიდა იააკობი ბეერ-შევიდან, და წავიდა ხარანში. 11. და მიაღწია ერთ ადგილას, და გაათია იქ, რამეთუ ჩავიდა მზე; და აიღო იმ ადგილის ქვები და დაიდო სასთუმალთან, და დაწვა იმ ადგილზე. 12. და ესიზმრა: აი, კიბეა დადგმული მიწაზე, მისი წვერო კი ცას აღწევს; და, აი, ღმერთის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან მასზე. 13. და აი, უფალი წამოსდგომია თავს და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი მამაშენის აბრაჰამისა და ღმერთი იცხაკისა; მიწას, რომელზეც შენ წევხარ, შენ მოგცემ და შენს შთამომავლობას. 14. და იქნება შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავლად, და განივრცობი შენ დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით; და იკურთხება შენით და შენი შთამომავლობით დედამიწის ყველა გვარტომი. 15. და აი, მე შენთან ვარ, და დაგიცავ შენ ყველასგან, სადაც კი წახვალ და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, ვინაიდან არ მიგატოვებ შენ, ვიდრე არ გაგიკეთებ იმას, რაც გელაპარაკე. 16. და გამოეღვიძა იააკობს ძილის შემდეგ და თქვა: ჭეშმარიტად არსებობს უფალი ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი. 17. და შეშინდა, და თქვა: რა საშიშია ეს ადგილი! სხვა არაფერია ეს, თუ არა სახლი ღმერთისა, და ეს ზეცის ჭიშკარია! 18. და ადრიან წამოდგა იააკობი დილით, და აიღო ქვა, რომელიც სასთუმალად ედო, და დადგა იგი ძეგლად, და დაასხა ზეთი თავზე. 19. და უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთ-ელი, თუმცა ლუზი იყო ამ ქალაქის პირვლანდელი სახელი. 20. და დადო იააკობმა აღთქმა და თქვა: თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიცავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პირს საჭმელად და ტანსაცმელს შესამოსად. 21. და მშვიდობით დავბრუნდები მამაჩემის სახლში – უფალი იქნება ჩემთვის ღმერთი. 22. ხოლო ეს ქვა, რომელიც დავდგი ძეგლად, იქნება სახლი ღმერთისა და ყოველივედან, რასაც კი მომცემ, მეათედ წილს მოგცემ შენ.

თავი 29

1. და წამოდგა იააკობი ფეხზე და წავიდა აღმოსავლეთის შვილთა ქვეყნისაკენ. 2. და დაინახა: აგერ, ჭა მინდორში და აგერ, წვრილფეხა პირუტყვის სამი ჯოგი გაწოლილა მის გვერდით, რამეთუ იმ ჭიდან აწყურვებენ ჯოგებს, და დიდი ქვაა ჭის პირზე. 3. და როცა გროვდებოდნენ იქ მთელი ჯოგები, გადასწვდნენ ქვას ჭის პირიდან და აწყურვებდნენ ცხვარს; და ისევ აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე თავის ადგილას. 4. და უთხრა მათ იააკობმა: სადაურები ხართ, ძმებო? და უთხრეს: ხარანიდან ვართ ჩვენ. 5. და უთხრა მათ: ლაბანს თუ იცნობთ, ნახორის შვილს? და უთხრეს: ვიცნობთ. 6. და უთხრა მათ: ხომ მშვიდობით არის? და უთხრეს: მშვიდობით არის: და აი, რახელი მისი ასული, მოდის ცხვართან ერთად. 7. და თქვა მან: ხომ კიდევ დიდია დღე, ჯოგის მოგროვების დრო არ არის; ასვით ცხვარს და წადით, აძოვეთ. 8. და უთხრეს: არ შეგვიძლია, ვიდრე ყველა ჯოგი არ მოგროვდება და არ გადასწევენ ქვას ჭის პირიდან; მაშინ დავაწყურვებთ ცხვარს. 9. ჯერ კიდევ მათთან ლაპარაკობდა, რახელი რომ მოვიდა თავის მამის ცხვართან ერთად, რამეთუ მწყემსი იყო იგი. 10. და იყო, როდესაც იააკობმა დაინახა თავისი დედის ძმის-ლაბანის ასული რახელი და თავისი დედის ძმის – ლაბანის ცხვარი, მიუახლოვდა იააკობი და გადასწია ქვა ჭის პირიდან, და ასვა თავისი დედის ძმის – ლაბანის ცხვარს. 11. და აკოცა იააკობმა რახელს, და აიმაღლა ხმა, და ატირდა. 12. და უამბო იააკობმა რახელს, რომ ის მამამისის ნათესავია, რომ რიბკას ვაჟია; ხოლო ქალიშვილი გაიქცა და უამბო თავის მამას. 13. და იყო, როგორც კი მოისმინა ლაბანმა თავისი დისწულის – იააკობის ამბავი, გაიქცა მის შესახვედრად და გადაეხვა მას, გადაჰკოცნა და უამბო ლაბანს ყველაფერი. 14. და უთხრა მას ლაბანმა: ჭეშმარიტად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ შენ; და ცხოვრობდა მასთან ერთად ერთი თვის განმავლობაში. 15. და უთხრა ლაბანმა იააკობს: განა ჩემი ნათესავი არა ხარ შენ, მუქთად, რომ მემსახურები? მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ? 16. ხოლო ლაბანს ორი ასული ჰყავდა; უფროსს ერქვა ლეა, უმცროსს კი – რახელი. 17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი ლამაზი და ეშხიანი იყო. 18. და შეუყვარდა იააკობს რახელი, და უთხრა: გემსახურები შვიდ წელიწადს რახელში, შენს უმცროსს ასულში. 19. და უთხრა ლაბანმა: მიჯობს შენ მოგცე იგი, ვიდრე სხვა კაცს მივცე; იცხოვრე ჩემთან. 20. და ემსახურა იააკობი რახელისათვის შვიდ წელიწადს, და იყო ეს მის თვალში, ვითარცა რამდენიმე დღე, მისადმი სიყვარულის გამო. 21. და უთხრა იააკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რამეთუ შესრულდა ჩემი დრო, და მივალ მასთან. 22. და შეკრიბა ლაბანმა იმ ადგილას მთელი ხალხი, და მოაწყო ნადიმი. 23. ხოლო საღამოთი აიყვანა მან თავისი ასული ლეა და მიჰგავარა მას; და ის მივიდა მასთან. 24. და მისცა ლაბანმა მას თავისი მხევალი ზილფა – თავის ქალიშვილ ლეას მხევლად. 25. და აღმოჩნდა დილით, რომ ეს ლეაა და უთხრა ლაბანს: ეს რა გამიკეთე? განა რახელში არ გემსახურე? რატომ მომატყუე? 26. და უთხრა ლაბანმა: ასე არ ხდება ჩვენს ადგილებში, რომ უმცროსი გაათხოვონ უფროსზე ადრე. 27. დაამთავრე ამის კვირა; და მოგცემთ შენ იმასაც სამსახურისთვის, რომელსაც შენ იმსახურებ ჩემთან კიდევ სხვა შვიდ წელიწადს. 28. და გააკეთა იააკობმა ასე: დაამთავრა ამის კვირა; და მისცა მას თავისი ასული რახელი ცოლად. 29. და მისცა ლაბანმა თავის ქალიშვილ რახელს თავისი მხევალი ბილჰა მხევლად. 30. და მივიდა ის რახელთანაც, და შეიყვარა რახელი ლეაზე მეტად; და იმსახურა მასთან კიდევ სხვა შვიდ წელიწადს. 31. და დაინახა უფალმა, რომ ათვალწუნებულია ლეა, და გახსნა მისი საშო, ხოლო რახელი უშვილო იყო. 32. და დაორსულდა ლეა, და შვა ვაჟი, და დაარქვა სახელად რეუბენი, ვინაიდან თქვა: რამეთუ ნახა უფალმა ჩემი მწუხარება, ახლა კი შემიყვარებს ჩემი ქმარი. 33. დაორსულდა კიდევ და შვა ვაჟი, და თქვა: რამეთუ მოისმინა უფალმა, რომ ათვალწუნებული ვარ, და მომცა ესეც; და დაარქვა მას სახელად შიმონი. 34. დაორსულდა კიდევ და შვა ვაჟი, და თქვა: ამჯერად კი მომეკვირს ჩემი ქმარი: ვინაიდან სამი ვაჟი ვშობე მისთვის: ამიტომ დაარქვა სახელად ლევი. 35. და დაორსულდა კიდევ და შვა ვაჟი, და თქვა: ამჯერად მადლს შევწირავ უფალს; ამიტომ დაარქვა მას სახელად იეჰუდა; და შეწყვიტა შობა.

თავი 30

1.და ნახა რახელმა, რომ ვერ შობს იააკობისათვის, და შეშურდა რახელს დისა; და უთხრა იააკობს: მომიყვანე შვილები, თუ არადა მკვდარი ვარ. 2. და განრისხდა იააკობი რახელზე, და უთხრა: განა ღმერთის ადგილზე ვარ, რომელმაც მუცლის ნაყოფი მოგისპო? 3. და ქალმა უთხრა: აგერ, ჩემი მხევალი ბილჰა, მიდი მასთან და შვას ჩემს მუხლებზე, რომ მეც მეყოლოს შვილები მისი გზით. 4. და მისცა მას თავისი მხევალი ბილჰა ცოლად, და მივიდა მასთან იააკობი. 5. დაორსულდა ბილჰა და შვა იააკობისათვის ვაჟი. 6. და თქვა რახელმა: განმიკითხა ღმერთმა და მოისმინა კიდეც ჩემი ხმა, და მომცა ვაჟი; ამიტომ დაარქვა სახელად დანი. 7. და დაორსულდა კიდევ, და შვა რახელის მხევალმა ბილჰამ მეორე ვაჟი იააკობისათვის. 8. და თქვა რახელმა: ღვთაებრივი ბრძოლით ვებრძოდი ჩემს დას და დავძლიე კიდეც: და დაარქვა სახელად ნაფთალი. 9. და ნახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა, და აიყვანა თავისი მხევალი ზილფა და მისცა იგი იააკობს ცოლად. 10. და შვა ლეას მხევალმა ზილფამ ვაჟი იააკობისათვის. 11. და თქვა ლეამ: მოვიდა ბედნიერება! და დაარქვა სახელად გადი. 12. და შვა ლეას მხევალმა ზილფამ მეორე ვაჟი იააკობისათვის. 13. და თქვა ლეამ: სანეტაროა ჩემთვის, რამეთუ ნეტარად მცნობენ ქალები; და დაარქვა მას სახელად აშერი. 14. და წავიდა რეუბენი პურის მკის დროს და იპოვა მანდრაგორები მინდორში, და მოუტანა ლეას: მიწილადე რა, შენი შვილის მანდრაგორები; 15. და უთხრა მას: არ გეყო, რომ ქმარი წამართვი, და ჩემი შვილის მანდრაგორებიც გინდა წამართვა? და უთხრა რახელმა: სამაგიეროდ შენთან დაწვება ის ამაღამ შენი შვილის მანდრაგორების სანაცვლოდ. 16. და მოვიდა იააკობი მინდვრიდან, და გამოვიდა ლეა მის შესაგებებლად, და უთხრა: ჩემთან მოხვალ, რამეთუ დაქირავებით დაგიქირავე ჩემი შვილის მანდრაგორებით; და დაწვა მასთან იმ ღამეს. 17. და უსმინა ღმერთმა ლეას, და დაორსულდა, და შვა იააკობისათვის მეხუთე ვაჟი. 18. და თქვა ლეამ: მომცა ღმერთმა ჩემი საზღაური იმისათვის, რომ ჩემი მხევალი მივეცი ჩემს ქმარს: და დაარქვა სახელად ისახარი. 19. დაორსულდა კიდევ ლეა და შვა მეექვსე ვაჟი იააკობისათვის. 20. და თქვა ლეამ: დამასაჩუქრა ღმერთმა კარგი საჩუქრით; ამჯერად ჩემთან დამკვიდრდება ჩემი ქმარი, რამეთუ ექვსი შვილი ვშვი მისთვის; და უწოდა მას სახელად ზებულონი. 21. ამის შემდეგ შვა ქალიშვილი და დაარქვა მას სახელად დინა. 22. და გაიხსენა ღმერთმა რახელი, და უსმინა მას ღმერთმა და გახსნა მისი საშო. 23. და დაორსულდა და შვა ვაჟი, და თქვა: ამაცილა ღმერთმა ჩემი სირცხვილი. 24. და უწოდა მას სახელად იოსეფი და თქვა: დაე, მომიმატოს უფალმა სხვა ვაჟი. 25. და იყო, როცა რახელმა შვა იოსეფი, უთხრა იააკობმა ლაბანს: გამიშვი – წავიდე ჩემს ადგილზე, ჩემს ქვეყანაში. 26. მომეცი ჩემი ცოლები, რომლებშიც გემსახურე, და ჩემი შვილები, და წავალ, ვინაიდან შენ იცი ჩემი სამსახური, რაც გემსახურე. 27. და უთხრა მას ლაბანმა: ნეტავ კი კეთილგანწყობა მომეპოვებინა შენს თვალში; მივხვდი, რომ შენი გულისთვის მაკურთხა უფალმა. 28. და უთხრა: დამირქვი შენი გასამრჯელო და მოგცემ. 29. და უთხრა მას: შენ იცი, რაც გემსახურე, და როგორი გახდა შენი ჯოგი ჩემთან. 30. რამეთუ მცირე გყავდა ჩემამდის, და მეტისმეტად მომრავლდა, და გაკურთხა უფალმა ჩემს ფეხზე; და ახლა, როდისღა გავაკეთო რამე ჩემი სახლისათვისაც? 31. და მან უთხრა: რა მოგცე შენ? და უთხრა იააკობმა: არაფერი არ მომცე; აი, ამას თუ გამიკეთებ, კვლავ ვმწყემსავ და შევინახავ შენს ცხვარს; 32. ჩამოვუვლი დღეს მთელ შენს წვრილფეხა პირუტყვს; გამოჰყავი იქიდან ყველა წინწკლებიანი და ლაქებიანი პირუტყვი, და ყველა წაბლისფერი პირუტყვი – ცხვრებიდან, ლაქებიანი და წინწკლებიანი – თხებიდან; და ეს იყოს ჩემი გასამრჯელო. 33. და დამიმოწმებს მე ჩემი სიმართლე ხვალინდელ დღეს, როცა მოხვალ ჩემი გასამრჯელოს დასათვალიერებლად; რომელიც კი არ იქნება წინწკლებიანი და ლაქებიანი თხებიდან და წაბლისფერი ცხვრებში, მოპარული ყოფილა ჩემს მიერ. 34. და თქვა ლაბანმა: კეთილი, იყოს შენი სიტყვისამებრ. 35. და გამოჰყო იმ დღეს ჭრელ-ჭრელი და ლაქებიანი ვაცები და ყველა წინწკლებიანი და ლაქებიანი თხა, ყველა, რომელსაც სითეთრე ჰქონდა, და ყველა წაბლისფერი -ცხვრებში, და გადასცა თავისი შვილების ხელში. 36. და მონიშნა მან სამი დღის გზა მასსა და იააკობს შორის, ხოლო იააკობი მწყემსავდა ლაბანის დანარჩენ პირუტყვს. 37. და აიღო იააკობმა ნორჩი ჩინარის, ნუშისა და ნეკერჩხლის წნელები, წაასხეპა მათ თეთრი ბოლოები და გამოჩნდა სითეთრე, რომელიც წნელებს ჰქონდა. 38. და ჩააწყო გასხეპილი წნელები სარწყულებელ გეჯებში, სადაც ცხვრები მოდიოდნენ დასალევად, სხვა ცხვრების პირისპირ, რათა ახურებულიყვნენ დასალევად მოსვლისას. 39. ხურდებოდნენ ცხვრები წნელების წინ და იგებდნენ ცხვრები ჭრელ-ჭრელებს, წინწკლებიანებსა და ლაქიანებს. 40. ხოლო ბატკნები გამოჰყო იააკობმა და აყენებდა ცხვარს სახით ჭრელ-ჭრელებისაკენ და ყველა წაბლისფერისაკენ ლაბანის ცხვრიდან; ხოლო თავისი ჯოგები ცალკე დატოვა, და არ ტოვებდა მათ ლაბანის პირუტყვთან. 41. და ძლიერი ცხვრების ყოველი ახურებისას იააკობი აწყობდა წნელებს გეჯებში ცხვრების თვალწინ, რათა ახურებულიყვნენ წნელების წინ. 42.და თუ სუსტი იყო ცხვარი, არ აწყობდა; და სუსტები ლაბანს ხვდებოდა, ხოლო ძლიერები – იააკობს. 43. და გამდიდრდა ეს კაცი მეტისმეტად, და ჰყავდა მას უამრავი წვრილფეხა პირუტყვი, მხევლები და მონები, აქლემები და სახედრები.

თავი 31

1.და გაიგონა მან ლაბანის შვილთა სიტყვები, რომელთაც თქვეს: წაიღო იააკობმა ყოველივე, რაც მამაჩვენს ჰქონდა და  მამაჩვენის ნაქონით შეადგინა მთელი ეს სიმდიდრე. 2. და დაინახა იააკობმა ლაბანის სახე და აი, არ არის მის მიმართ, როგორც გუშინ – გუშინწინ. 3. და უთხრა უფალმა იააკობს: დაბრუნდი შენი წინაპრების მიწაზე და შენს სამშობლოში, და მე ვიქნები შენთან. 4. და გაგზავნა იააკობმა რახელისა და ლეას დასაძახებლად მინდორში, თავის ცხვართან.  5. და უთხრა მათ: ვამჩნევ მამათქვენის სახეზე, რომ აღარ არის ჩემს მიმართ, როგორც გუშინ-გუშინწინ: მაგრამ მამაჩემის ღმერთი იყო ჩემთან. 6. იცით თქვენ, რომ მთელი ჩემი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს. 7. მამათქვენი კი აბუჩად მიგდებდა და ათჯერ ცვლიდა ჩემს ჯამაგირს; მაგრამ ღმერთმა არ გააკეთებინა ჩემთვის ბოროტი. 8. თუ იტყოდა: ,,წინწკლებიანნი იქნებიან შენდა გასამრჯელოდ“, მთელი წვრილფეხა პირუტყვი წინწკლებიან მოიგებდა, ხოლო თუ იტყოდა: ,,ჭრელ-ჭრელნი იქნებიან შენდა გასამრჯელოდ“, მთელი წვრილფეხა საქონელი ჭრელ-ჭრელს მოიგებდა. 9. და აკლებდა ღმერთი მამათქვენის ჯოგს და მაძლევდა მე. 10. და იყო პირუტყვის მაკეობის დროს – თვალი აღვაპყარი და ვნახე სიზმარში ყოჩები, რომლებიც ადიოდნენ წვრილფეხა პირუტყვზე, ჭრელ-ჭრელნი, წინწკლებიანნი და ხალიანნი. 11. და მითხრა ღმერთის ანგელოზმა სიზმარში: იააკობ! და ვუთხარი: აგერ ვარ. 12. და მითხრა: ,,აღაპყარ თვალი და დაინახე ყველა ყოჩ, წვრილფეხა პირუტყვზე, რომ ადიან, ჭრელ-ჭრელნი, წინწკლებიანნი და ხალიანნი, რამეთუ მე ვხედავ ყოველივეს, რასაც ლაბანი გიკეთებს. 13. მე ვარ ღმერთი, რომლისთვისაც ბეთ-ელში სცხე ძეგლს, აღთქმა, რომ დამიდე იქ; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაბრუნდი შენს მშობლიურ მიწაზე. 14. და უპასუხეს რახელმა და ლეამ, და უთხრეს მას: კიდევ გვაქვს წილი და მემკვიდრეობა მამაჩვენის სახლში? 15. განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის, რამეთუ გაგვყიდა ჩვენ და შეჭამა კიდეც ჩვენი ფული. 16. ამიტომ მთელი სიმდიდრე, რაც წაართვა ღმერთმა მამაჩვენს, ჩვენია და ჩვენი შვილებისა; ახლა კი ყოველივე, რაც გითხრა ღმერთმა, გააკეთე. 17. და ადგა იააკობი, და შესხა თავისი შვილები და თავისი ცოლები აქლემებზე. 18. და წაიყოლია მთელი თავისი ჯოგი და მთელი თავისი ქონება, რაც შეიძინა, და ფადან-არამში შეძენი ჯოგი, რათა წასულიყო თავის მამა იცხაკთან ქენაანის ქვეყანაში. 19. და ლაბანი წავიდა თავისი ცხვრის გასაპარსად, ხოლო რახელმა მოიპარა თავისი მამის თერაფიმები. 20. და მოინადირა  იააკობმა, ლაბან არამელის გული, რაკი არ უთქვამს, რომ გარბის. 21. და გაიქცა იგი ყოველივესთან ერთად, რაც გააჩნდა; და წამოდგა, და გადალახა მდინარე, და პირი ჰქნა გილადის მთისაკენ. 22. და ეცნობა ლაბანს მესამე დღეს, რომ იააკობი გაიქცა. 23. და წაიყვანა თან თავისი ნათესავები, და დაედევნა შივიდ დღის გზაზე, და წამოეწია გილადის მთასთან. 24. და მივიდა ღმერთი ლაბან არამელთან სიზმარში იმ ღამეს და უთხრა მას: გაფრთხილდი შენ, რომ არ ილაპარაკო იააკობთან არც კარგი, არც ავი. 25. და წამოეწია ლაბანი იააკობს: ხოლო იააკობმა კარავი დასცა მთაში, და ლაბანმაც დააბანაკა თავისი ნათესავები გილადის მთაში. 26. და უთხრა ლაბანმა იააკობს: ეს რა მიყავი, თვალთმაქცურად რომ მომექეცი და წამოიყვანე ჩემი ქალიშვილები, ვითარცა ომში დატყვევებულნი? 27. რატომ გამოიქეცი მალულად, მიეშმაკე და არ განმიცხადე, თორემ სიხარულით და სიმღერებით, დაირითა და ქნარით გამოგიშვებდით! 28. და არ მომეცი იმის საშუალება, რომ დამეკოცნა ჩემი შვილიშვილები და ჩემი ქალიშვილები; შენ ახლა უგუნურად მოიქეცი. 29. ხელთ შემწევს ძალა, გაგიკეთო ცუდი, მაგრამ მამათქვენის ღმერთმა წუხელ ასე მითხრა: გაფრთხილდი, არაფერი უთხრა იააკობს არც კარგი, არც ავი. 30. ახლა კი, თუ წახვედი, ვინაიდან ძალიან მოგენატრა მამაშენის სახლი, რატომ მოიპარე ჩემი კერპები? 31. და უპასუხა იააკობმა და უთრა ლაბანს: მართლაც მეშინოდა, რამეთუ ვფიქრობდი, ვაითუ წაგერთმია ჩემთვის შენი ქალიშვილები. 32. ვისაც უპოვი შენს კერპებს, ნუ იცოცხლებს! ჩვენს ნათესავთა წინაშე ამოიცანი, რა მაქვს მე, და წაიღე შენთვის; ხოლო იააკობმა არ იცოდა, თუ რახელმა მოიპარა ისინი. 33. და შევიდა ლაბანი იააკობის კარავში და ლეას კარავში, და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერ იპოვა; და გამოვიდა ლეას კარვიდან და შევიდა რახელის კარავში. 34. ხოლო რახელმა აიღო თერაფიმი და ჩამო აქლემის უნაგირში და დაჯდა ზედ; და გასინჯა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერ იპოვა. 35. და უთხრა მამას: ნუ ეწყინება ჩემს ბატონს, რომ არ შემიძლია წამოვდგე შენს წინაშე, რამეთუ დედათწესი მაქვს; და მოძებნა და ვერ იპოვა თერაფიმი. 36. და განრისხდა იააკობი და წაეჩხუბა ლაბანს; რა დავაშავე, რა ცოდვა მიმიძღვის, რომ უკან დამედევნე? 37. რომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ნივთები, რა იპოვე შენი სახლის ნივთებიდან? დაულაგე აქ ჩემს ნათესავებსა და შენს ნათესავებს; დაე, მათ განვგსაჯონ ორივე. 38. ეს ოცი წელიწადია შენთან ვარ; შენი ცხვრები და შენი თხები არ გაბერწებულან, ხოლო შენი წვრილფეხა პირუტყვების ვერძები არ შემიჭამია. 39. დაგლეჯილი არ მომიყვანია შენთან; ჩემი იყო ზარალი, ჩემი ხელიდან მოითხოვდი დღისით მოპარულს თუ ღამით მოპარულს. 40. მომხდენია, დღისით პაპანაქება მკლავდა, ღამით – ყინვა, და ძილი გამკრთომია თვალთაგან. 41. ეს იყო ჩემი ოცი წელიწადი შენს სახლში; თოთხმეტი წელიწადი ორ ქალიშვილში გემსახურე და ექვსი წელიწადი – შენს წვრილფეხა პირუტყვში; შენ კი მიცვლიდი ხელფასს ათჯერ. 42. მამაჩემის ღმერთი, აბრაჰამისა და იცხაკის შიშის, ღმერთი რომ არ ყოფილიყო ჩემთან, ახლა ხელცარიელს გამომიშვებდი; ჩემი გაჭირვება და ჩემი ხელის ნაჯაფარი იხილა ღმერთმა და განსაჯა წუხელ. 43. და უპასუხა ლაბანმა და უთხრა იააკობს: ქალიშვილები ჩემი ქალიშვილებია და ვაჟები – ჩემი ვაჟები; ხოლო წვრილფეხა პირუტყვი ჩემი წვრილფეხა პირუტყვია და ყოველივე, რასაც შენ ხედავ, მე მეკუთვნის; ხოლო ჩემი ქალიშვილების მიმართ რის გაკეთება შემიძლია დღეს ან მათ შვილებთან, რომელნიც მათ შვეს? 44.ახლა კი წამოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ, და ეს იყოს მოწმობად ჩემსა და შენს შორის. 45. და აიღო იააკობმა ქვა და აღმართა იგი ძეგლად. 46. და უთხრა იააკობმა თავის ნათესავებს: აკრიფეთ ქვები; და აიღეს ქვები და წარმოქმნეს გროვა, და ჭამეს იქ, გროვაზე. 47. და უწოდა მას ლაბანმა იეგარ საჰადუთა, ხოლო იააკობმა უწოდა გალედი. 48. და თქვა ლაბანმა: ეს გროვა მოწმეა ჩემსა და შენს შორის დღეს; ამიტომ ეწოდა სახელად გალედი. 49. და მიცფაც, რამეთუ თქვეს: მეთვალყურე იყოს უფალი ჩემსა და შენს შორის, როცა ერთიმეორეს ვეღარ ვიხილავთ. 50. თუ დაჩაგრავ ჩემს ქალიშვილებს და თუ შეირთავ ცოლებს ჩემი ქალიშვილების გარდა, არ არს კაცი ჩვენთან; უყურე, ღმერთია მოწმე ჩემსა და შენს შორის. 51. და უთხრა ლაბანმა იააკობს: აი, ეს გროვა, და აი, ძეგლი, რომელიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის. 52. მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს ძეგლი, რომ არ გადმოვლახავ შენსკენ ამ გროვას და რომ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გროვას და ამ ძეგლს ბოროტგანზრახვით. 53. აბრაჰამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენს შორის, მათუ მამების ღმერთმა; და დაიფიცა იააკობმა თავისი მამის იცხაკის შიში. 54. და დაკლა იააკობმა შესაწირავი მთაში და მოიწვია თავისი ნათესავები პურის საჭმელად; და ჭამეს პური და ღამე გაათიეს მთაში.

თავი 32

1.დილაადრიან წამოდგა ლაბანი და დაკოცნა თავისი შვილიშვილები და თავისი ქალიშვილები, დალოცა ისინი და წავიდა და დაბრუნდა ლაბანი თავის ადგილზე. 2. და იააკობი წავიდა თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები. 3. და თქვა იააკობმა, როცა დაინახა ისინი ღმერთის ბანაკია ეს: და უწოდა იმ ადგილს მახანაიმი.

წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოშვება (გამომცემლობა ,,შუქურა”)

Blog at WordPress.com.

ზედა ↑