ვაიერა

თავი 18

1. და გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხრანში, და ის ზის კარვის შესასვლელთან, დღის პაპანაქებაში. 2. თვალი აღაპყრო და დაინახა: აი, სამი კაცი დგას მის პირდაპირ: დანახვისთანავე გაეშურა მათ შესახვედრად კარვის შესასვლელიდან, და თაყვანი სცა მათ მიწამდის. 3. და უთხრა: ჩემო მეუფევ! თუ ვპოვე კეთილგანწყობა შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მონას. 4. მოგერთმევათ ცოტაოდენი წყალი, დაიბანეთ ფეხები და მოისვენეთ ამ ხის ქვეშ. 5. ხოლო მე ავიღებ პურის ნაჭერს, დაინაყრეთ გულები, და მერე წადით – ხომ სწორედ ამიტომ გამოიარეთ თქვენი მონისაკენ; და მათ უთხრეს: გააკეთე ისე, როგორც თქვი. 6. და აჩქარებით შევიდა აბრაჰამი კარავში სარასთან და უთხრა: იჩქარე, სამი სეა საუკეთესო ფქვილი მოზილე და გააკეთე კვერები. 7. და გაიქცა აბრაჰამი მსხვილფეხა პირუტყვისაკენ და აიყვანა ჩვილი და კარგი ხბო, და მისცა მსახურს, მან კი სწრაფად მოამზადა იგი. 8. და აიღო კარაქი და რძემ და ხბო რომელიც მოამზადა, და დააწყო მათ წინ; ხოლო თვითონ დადგა ხის ქვეშ, და მათ ჭამეს. 9. და უთხრეს მას: სად არის სარა, შენი ცოლი? და მან უთხრა: აგერ კარავშია. 10. და უთხრა იმან: აი, მე დავბრუნდები შენთან ამ დროს და ეყოლება ვაჟიშვილი სარას, შენს ცოლს; და სარამ გაიგონა კარვის შესასვლელთან, რომელიც სტუმრის უკან იყო. 11. და აბრაჰამი და სარა მოხუცები იყვნენ, ხანში შესულები; აღარ ჰქონდა სარას დედათწესი. 12. და სარას გაეცინა თავის გულში, და თქვა: მას შემდეგ, რაც დავბერდი, მექნება სიამოვნება? ჩემი ბატონი მოხუცია. 13. და უთხრა უფალმა აბრაჰამს: რად იცინოდა სარა და თან ამბობდა: ,, ნუთუ მართლა ვშობ, მე ხომ დავბერდი?“ 14. განა უფალს გაუჭირდება რამე? მომავალი წლის ამავე დროს დავბრუნდები შენთან და სარას ეყოლება ვაჟიშვილი. 15. სარამ კი იუარა და თქვა: მე არ გამიცინია – ვინაიდან ეშინოდა: ხოლო მან უთხრა: არა, იცინოდი. 16. და ადგნენ იქიდან ის კაცები და გაიხედეს სედომისაკენ; და აბრაჰამი გაჰყვა მათ გასაცილებლად. 17. და თქვა უფალმა: განა დავუმალავ მე აბრაჰამს, რასაც მოვიმოქმედებ? 18. აბრაჰამი ხომ უნდა იქცეს დიდ და ძლიერ ხალხად, და მისით იკურთხება ქვეყნიერების ყველა ხალხი. 19. რამეთუ მე ვცანი იგი, რათა უანდერძოს თავის შვილებს და თავის სახლეულს თავის შემდეგ, რომ მათ დაიცვან უფლის გზა, ქმნან სიკეთე და მართლმსაჯულება, რათა აუსრულოს უფალმა აბრაჰამს, რაც კი თქვა მასზე. 20. და თქვა უფალმა: დიდია კივილი სედომისა და ამორისა და მათი ცოდვები მძიმეა ძალიან. 21. აბა, ჩავალ და ვნახავ, თუ ჩემამდის მოსული კივილის მიხედვით იქცეოდნენ ისინი, მაშინ ბოლო მოეღებათ; და თუ არა, მე მეცოდინება. 22. და გაემართნენ იქიდან ის კაცები და წავიდნენ სედომისკენ; ხოლო აბრაჰამი ისევ უფლის წინაშე დგას. 23. და მიეახლა აბრაჰამი, და უთხრა: ნუთუ მოსპობ ალალმართალს უკეთურთან ერთად? 24. იქნებ იყოს ორმოცდაათი ალალმართალი ქალაქში, ნუთუ მაინც მოსპობ და არ შეუნდობ იმ ადგილს იმ ორმოცდაათი ალალმართლისთვის, რომლებიც იქ არიან? 25. არ შეგფერის შენ ასეთი რამის ქმნა, რომ მოაკვდინო ალალმართალი უკეთურთან ერთად და რომ ალალმართალი გაუთანაბრო უკეთურს; არ შეგფერის შენ! ნუთუ მთელი ქვეყნიერების მსაჯული არ იქმს მართლმსაჯულებას? 26. და თქვა უფალმა: თუ ვპოვებ სედომში ორმოცდაათ ალალმართალს, მაშინ შევუნდობ იმ ადგილს მათი გულისათვის. 27. და უპასუხა აბრაჰამმა და უთხრა: აი, განკადნიერდი ველაპარაკო ჩემს მეუფეს: მე ხომ მტვერი და ფერფლი ვარ. 28. იქნებ ორმოცდაათ ალალმართალს ხუთი აკლდეს, ნუთუ გაჟლეტ იმ ხუთისათვის მთელ ქალაქს? და თქვა: არ გავჟლეტ. 29. და კვლავ განაგრძო მასთან ლაპარაკი და უთხრა: იქნებ მოინახოს იქ ორმოცი: და უთხრა: არ მოვიმოქმედებ ორმოცის გულისათვის. 30. და უთხრა: ნუ განმირისხდება ჩემი მეუფე, თუ კიდევ ველაპარაკები: იქნებ მოინახოს იქ ოცდაათი: და თქვა: არ მოვიმოქმედებ, თუ ვპოვებ იქ ოცდაათს. 31. და უთხრა: აი, გავკადნიერდი ველაპარაკო ჩემს მეუფეს: იქნებ მოინახოს იქ ოცი; და თქვა: არ გავჟლეტ იმ ოცის გულისთვის. 32. და უთხრა: ნუ განმირისხდება ჩემი მეუფე, თუ დაველაპარაკები ერთხელ კიდევ: იქნებ მოინახოს იქ ათი; და თქვა: არ გავჟლეტ იმ ათის გულისთვის. 33. და წავიდა უფალი, როცა დაასრულა აბრაჰამთან ლაპარაკი; ხოლო აბრაჰამი დაბრუნდა თავის ადგილას.

თავი 19

1. და მივიდა ის ორი ანგელოზი სედომში საღამო ხანს, და ლოტი იჯდა სედომის ჭიშკართან; და დაინახა ლოტმა და წამოდგა მათ შესაგეგებლად, და მიწაზე დაემხო პირქვე მათ წინაშე. 2. და უთხრა: აი, ჩემო ბატონებო! შემოიარეთ თქვენი მონის სახლში და გაათიეთ ღამე; დაიბანეთ ფეხები და ადექით დილაადრიან, და გაუდექით გზას; მაგრამ მათ უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ. 3. ის კი ძალიან ეხვეწებოდა, და მათ შეიარეს მასთან, და შევიდნენ მის სახლში; და გაუმართა მათ ნადიმი და გამოაცხო ხმიადები, და მათ ჭამეს. 4. ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ამ ქალაქის მცხოვრებლებმა, სედომელებმა, ალყა შემოარტყეს სახლს, ყველამ – ახალგაზრდიდან მოხუცამდის, მთელმა ხალხმა კიდით-კიდემდის. 5. და დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, რომლებიც მოვიდნენ შენთან ამაღამ? გამოიყვანე ჩვენთან და შევიცნოთ ისინი. 6. და გამოვიდა მათთან ლოტი შესასვლელთან და კარი გამოკეტა. 7. და უთხრა: ჩემო ძმებო! ნუ მოიმოქმედებთ ბოროტებას. 8. აი, მე მყავს ორი ქალიშვილი, რომელთაც ჯერ არ იციან მამაკაცი; იმათ გამოგიყვანთ და მოექეცით, როგორც გენებოთ; ოღონდ ამ ადამიანებს არაფერი გაუკეთოთ, რამეთუ ამიტომ შემოვიდნენ ჩემს ჭერქვეშ. 9. მაგრამ მათ უთხრეს: განზე გაიწიე! და თქვეს: ერთი ვიღაც მოსულა საცხოვრებლად და გასამართლება არ დაგვიწყო? ახლა შენ იმათზე მეტს გიზამთ; და არ მოეშვნენ იმ კაცს, ლოტს, და მივიდნენ კარის შესამტვრევად. 10. მაგრამ იმ კაცებმა ხელები გამოიშვირეს, ლოტი შინ შეიყვანეს თავიანთთან და კარი დაკეტეს. 11. ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელში, რომ იყვნენ, სიბრმავე დამართეს დიდიდან პატარამდის, ისე, რომ ისინი დაიტანჯნენ შესასვლელის ძებნაში. 12. და უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: ვინ გყავს კიდევ აქ? სიძე, შენი ვაჟიშვილები, შენი ქალიშვილები, და ყველა, ვინც კი ქალაქში გყავს, გაიყვანე ამ ადგილიდან. 13. რამეთუ ჩვენ ვსპობთ ამ ადგილს, ვინაიდან დიდია კივილი უფლის წინაშე მათ გამო, და უფალმა გამოგვზავნა მის მოსასპობად. 14. და გამოვიდა ლოტი, და ელაპარაკა თავის სიძეებს, რომელთან მისი ქალიშვილები ჰყავდათ შერთული, და უთხრა: ადექით და გადით ამ ქალაქიდან, რადგან უფალი სპობს ამ ქალაქს; მაგრამ სასაცილოდ ეჩვენათ ეს სიძეებს. 15. როგორც კი ინათა, ანგელოზებმა ააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ იმყოფებიან, რათა არ დაიღუპო ქალაქის ცოდო-ბრალის გამო. 16. ის კი აყოვნებდა; და იმ კაცებმა ხელი მოჰკიდეს მას, მის ცოლს, მის ორ ქალიშვილს, მისადმი უფლის წყალობის გამო, და გამოიყვანეს და დატოვეს ქალაქგარეთ. 17. და იყო, როცა ისინი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთ-ერთმა: თავს უშველე, უკან არ მოიხედო, და არსად შეჩერდე მთელს ამ მიდამოებში; თავი შეაფარე მთას, რომ არ დაიღუპო. 18. მაგრამ ლოტმა უთხრა მათ: ო, არა, მეუფევ ჩემო! 19. აი, ხომ მოგეწონა შენი მონა და დიდია შენი მოწყალება, რომელიც მოიღე ჩემდამი და სიცოცხლე შემინარჩუნე, მაგრამ მე არ შემიძლია მთაში თავის შეფარება; ვაითუ უბედურებას გადავეყარო და მოვკვდე. 20. აი, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა იქ გასაქცევად, და თან პატარაა; იქ შევაფასებ თავს, ხომ პატარაა- და შევინარჩუნებ სიცოცხლეს. 21. და უთხრა მას: აი, ამაშიც გასიამოვნებ და არ გავაპარტახებ იმ ქალაქს, რომელზეც მელაპარაკები.22. საჩქაროდ შეაფარე თავი იქ, ვინაიდან არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ვიდრე იქ მიხვიდოდე; იმიტომაც ეწოდება ქალაქს ცოარი. 23. მზე ამოვიდა დედამიწაზე, და ლოტი მივიდა ცოარში. 24. და უფალმა აწვიმა სედომსა და ამორაზე გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან. 25. და გააპარტახა ეს ქალაქები და მთელი ხეობა, და ამ ქალაქების ყველა მცხოვრები და მიწის მცენარეულობა. 26. და მიიხედა მისმა ცოლმა უკან და იქცა მარილის სვეტად. 27. ხოლო აბრაჰამი წამოდგა დილაადრიან იმ ადგილას, სადაც იდგა უფლის წინაშე. 28. და გახედა სედომსა და ამორას და მთელი ხეობის მიწა-წყალს, და დაინახა: აი, ავარდა კვამლი. 29. და იყო, როცა უფალი სპობდა იმ ხეობის ქალაქებს, გაიხსენა უფალმა აბრაჰამი, და გაიყვანა ლოტი ნაპარტახევიდან, ის ქალაქები, რომ გააპარტახა, სადაც ლოტი ცხოვრობდა. 30. და გამოვიდა ლოტი ცოარიდან, და დაიწყო მთაში ცხოვრება. და თან ჰყავდა თავისი ორი ქალიშვილი, რამეთუ ცოარში ცხოვრებისა ეშინოდა; და ცხოვრობდა გამოქვაბულში, ის და მისი ორი ქალიშვილი. 31. და უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: მამაჩვენი მოხუცია, და არ არის კაცი ამქვეყნად, რომ მოვიდეს ჩვენთან, როგორც მთელი ქვეყნიერების წესია. 32. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ მას, და შევიძენთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობას. 33. და მათ დაალევინეს თავიანთ მამას იმ ღამეს ღვინო, და მივიდა უფროსი ქალიშვილი და დაწვა მამასთან, მან კი ვერ გაიგო მისი დაწოლა და ადგომა. 34. და იყო, მეორე დღეს უფროსმა უთხრა უმცროსს: აი, წუხელ მე ვიწექი მამაჩემთან; ამაღამაც დავალევინოთ ღვინო, და შენ მიდი და მიუწექი, და შევიძენთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობას. 35. და დაალევინეს იმ ღამესაც თავიანთ მამას, და ადგა უმცროსი და დაწვა მასთან; და მან ვერ გაიგო მისი დაწოლა და ადგომა. 36. და დაორსულდა ლოტის ორივე ქალიშვილი თავიანთი მამისაგან. 37. და შვა უფროსმა ვაჟი და დაარქვა მოაბი; იგი დღემდის ითვლება მოაბელთა მამამთავრად. 38. და უმცროსმაც შვა ვაჟი, და დაარქვა სახელად ბენ-ამი; იგი ამონის ძეთა მამამთავარია დღემდის.

თავი 20

1. და გაემგზავრა იქიდან აბრაჰამი ქვეყნის სამხრეთით და დასახლდა კადეშსა და შურს შუა, და ცხოვრობდა გერარში. 2. და თქვა აბრაჰამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი დაა იგი; და გაგზავნა აბიმელეხმა, გერარის მეფემ, და წამოიყვანა სარა. 3. და მივიდა ღმერთი აბიმელეხთან სიზმარში იმ ღამეს და უთხრა: აი, შენ მოკვდები იმ ქალის გამო, რომელიც წამოიყვანე, რამეთუ იგი ქმრიანია. 4. აბიმელეხი კი ჯერ არ მიჰკარებოდა მას, და თქვა: ჩემო მეუფევ! ნუთუ უდანაშაულო ხალხსაც ხოცავ? 5. განა იმან არ მითხრა, ჩემი და არისო, და თვითონ მანაც თქვა, ჩემი ძმა არისო; გულუბრყვილობით და უეშმაკობით მოვიმოქმედე ეს. 6. და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცი, რომ გულუბრყვილობით გააკეთე ეს: ამიტომაც შეგაჩერე, რომ არ შემოგეცოდა ჩემთვის; ამიტომაც არ გაგიშვი, რომ შეხებოდი მას. 7. ახლა კი, დაუბრუნე ცოლი იმ კაცს, რამეთუ წინასწარმეტყველია იგი, და ილოცებს შენთვის, და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ მოკვდები შენ, და ყველა შენიანიც. 8. და ადგა აბიმელეხი დილაადრიან, და მოიხმო ყველა თავისი მონა, და გადასცა მათ ყველა ეს სიტყვა ყურადსაღებად; და ეს ხალხი, ძალიან შეშინდა. 9. და მოიხმო აბრაჰამმა აბიმელეხი და უთხრა: რა გაგვიკეთე? ისეთი რა შეგცოდე, რომ კინაღამ თავს დაგვატეხე მე და ჩემს სამეფოს დიდი ცოდვა? შენ მე ისეთი საქმე გამიკეთე, რაც არ მომხდარა. 10. და უთხრა აბიმელეხმა აბრაჰამს: რას ფიქრობდი, როცა ამას აკეთებდი? 11. და უთხრა აბრაჰამმა: მე ვფიქრობდი, რომ არ არსებობს ამ ადგილას ღვთისმოშიშობა, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო. 12. თანაც ის ხომ ნამდვილად და არის ჩემი: მამაჩემის ასულია, თუმცა დედაჩემის ასული არ არის; და ჩემი ცოლი გახდა. 13. და აი, როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან წამიყვანა სახეტიალოდ, ვუთხარი მას: მიყავ ეს სიკეთე, ყოველ ადგილას, სადაც კი მივალთ, თქვი ჩემზე: ჩემი ძმაა იგი.14. და აიყვანა აბიმელეხმა წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, მონები და მხევლები, და უბოძა აბრაჰამს, და დაუბრუნა მას მისი ცოლი სარა. 15. და უთხრა აბიმელეხმა: აი, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა; დასახლდი, სადაც მოგეწონება. 16. ხოლო სარას უთხრა: აი, მივეცი შენს ძმას ათასი ვერცხლი; დაე, გექნეს საფარად შენთან მყოფთა თვალში, და ყველას წინაშე გამართლებული ხარ. 17. და ილოცა აბრაჰამმა ღმერთის მიმართ, და განკურნა ღმერთმა აბიმელეხი და მისი ცოლი, და მისი მხევლები, და გაუჩნდათ შვილები. 18. რამეთუ დაკეტა უფალმა ყველა საშო აბიმელეხის სახლში აბრაჰამის ცოლის სარას ამბის გამო.

თავი 21

1.  და უფალმა გაიხსენა სარა, როგორც თქვა, და მოიმოქმედა უფალმა სარას მიმართ, როგორც ილაპარაკა. 2. დაორსულდა სარა და შვა აბრაჰამისათვის ვაჟიშვილი მის სიბერეში, იმ ვადაზე, რომელზეც ელაპარაკა ღმერთი. 3. და დაარქვა აბრაჰამმა სახელად იცხაკი თავის შვილს, რომელიც მას შეეძინა, რომელიც შვა მისთვის სარამ. 4. და წინდაუცვითა აბრაჰამმა თავის ვაჟიშვილ იცხაკს რვა დღისას, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. 5. ხოლო აბრაჰამი ასი წლისა იყო, როცა ეყოლა იცხაკი, თავისი ვაჟიშვილი. 6. და თქვა სარამ: სასაცილო რამ დამმართა ღმერთმა: ყველა, ვინც მოისმენს, გაიცინებს ჩემზე. 7. და თქვა: ვინ ეტყოდა აბრაჰამს, სარა ძუძუს აწოვებსო ვაჟიშვილებს, რამეთუ მის სიბერეში დავბადე ვაჟი. 8. და გაიზარდა ბავშვი და ძუძუზე ხელი ააღებინეს; და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა იცხაკს ძუძუს წოვება მიატოვებინეს. 9. და შეამჩნია სარამ, რომ ეგვიპტელი მხევლის – ჰაგარის ვაჟი, რომელიც მან აბრაჰამს გაუჩინა, დასცინოდა. 10. და უთხრა სარამ აბრაჰამს: გააძევე ეს მხევალი და ამ მხევლის ვაჟიშვილი, რამეთუ ვერ მიიღებს ამ მხევლის ვაჟიშვილი მემკვიდრეობას ჩემს შვილთან, იცხაკთან ერთად. 11. ამ ამბავმა ძალიან დაანაღვლიანა აბრაჰამი, თავისი ვაჟიშვილის გამო. 12. და უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: ნუ წუხხარ ყრმისა და შენი მხევლის გამო; რაც კი გითხრა სარამ, ისმინე მისი ხმა, რამეთუ იცხაკისაგან დაირქმევა შენი შთამომავლობა. 13. მაგრამ მხევლის ვაჟსაც ხალხად მოვაშენებ, რამეთუ შენი თესლია იგი. 14. და ადგა აბრაჰამი დილით ადრე, აიღო პური და წყლის თულუხი, მხარზე დაუდო ჰაგარს, ბავშვთან ერთად, და გაუშვა: და წავიდა იგი და გზა აებნა ბეერ- შევის უდაბნოში. 15. და გამოილია წყალი თულუხში, და მიაგდო მან ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას. 16. და წავიდა და დაჯდა მოპირდაპირე მხარეს მშვილდის გასროლის მანძილზე, ვინაიდან თქვა: არ ვუყურო ბავშვის სიკვდილს; დაჯდა მოპირდაპირე მხარეს და ხმამაღლა ატირდა. 17. და გაიგონა ღმერთმა ხმა ყრმისა: და ღმერთის ანგელოზმა ზეციდან გადმოსძახა ჰაგარს და უთხრა: რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რამეთუ გაიგონა ღმერთმა ყმაწვილის ხმა იქიდან, სადაც იგი იმყოფება. 18. ადექი, ააყენე ყმაწვილი და ხელი მოჰკიდე, რადგამ მე მას დიდ ხალხად ვაქცევ. 19. და აუხილა ღმერთმა თვალი – და დაინახა წყლის ჭა, წავიდა და აავსო წყლით თულუხი და დაალევინა ყრმას. 20. და ღმერთი იყო ყრმასთან და გაიზარდა და დასახლდა უდაბნოში, და გახდა მშვილდოსანი. 21. და იგი ცხოვრობდა ფარანის უდაბნოში; და მოუყვანა დედამ მას ცოლი ეგვიპტის ქვეყნიდან. 22. და იყო იმ დროს, აბიმელეხმა თავის მხედართუფროს ფიხოლთან ერთად უთხრა აბრაჰამს ასე: ღმერთი შენთანაა ყველაფერში, რასაც კი აკეთებ. 23. და ახლა შემომფიცე აქ ღმერთი, რომ არ გვიორგულებ არც მე, არც ჩემს შვილსა და შვილიშვილს; და როგორც მე გაგიწიე სიკეთე, ისევე გაგვიწევ მე და იმ ქვეყანას, სადაც შენ ცხოვრობდი. 24. და თქვა აბრაჰამმა: შემოგფიცავ! 25. და უსაყვარედურა აბრაჰამმა აბიმელეხს წყლის ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელეხის მონებმა. 26. და თქვა აბიმელეხმა: არ ვიცი, ვინ მოიმოქმედა ეს საქმე: არც შენ გითქვამს ჩემთვის და არც მე მსმენია დღეის გარდა. 27. და აიყვანა აბრაჰამმა წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, და მისცა აბიმელეხს, და შეკრა ორივემ კავშირი. 28. და დააყენა აბრაჰმმა შვიდი ნერბი წვრილფეხა პირუტყვის ჯოგიდან ცალკე. 29. და უთხრა აბიმელეხმა: რას ნიშნავს ეს შვიდი ნერბი, ცალკე რომ დააყენე? 30. და მან უთხრა: აი, ამ შვიდ ნერბს წაიყვან ჩემი ხელიდან, რაც იქნება ჩემთვის იმის მოწმობა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა. 31. სწორედ ამიტომ უწოდა იმ ადგილს ბეერ-შევა, რამეთუ იქ დაიფიცა ორივემ. 32. და შეკრეს კავშირი ბეერ-შევაში; და ადგა აბიმელეხი, და ფიხოლი – მისი მხედართუფროსი, და დაბრუნდნენ ფელიშთიმის ქვეყანაში. 33. და დარგო იალღუნი ბეერ-შევაში, და წარმოთქვა იქ უფლის, მარადიული ღმერთის სახელი.

თავი 22

1. და იყო, ამ ამბების შემდეგ ღმერთმა გამოსცადა აბრაჰამი და უთხრა მას: აბრაჰამ! და მან უთხრა: აგერ ვარ მე! 2. და უთხრა: წაიყვანე შენი ვაჟიშვილი, შენი დედისერთა, რომელიც გიყვარს – იცხაკი, და გაემართე მორიის მხარეში, და შესწირე იქ ყოვლად დასაწველ მსხვერპლად ერთ-ერთ მთაზე, რომელსაც მე გეტყვი. 3. და ადგა აბრაჰამი დილაადრიან, და შეკაზმა თავისი სახედარი, და წაიყვანა თან ორი თავისი მსახური და იცხაკი, თავისი ვაჟიშვილი, და დააპო შეშა ყოვლად დასაწველისათვის, და ადგა და წავიდა იმ ადგილისაკენ, რომელიც ღმერთმა უთხრა. 4. მესამე დღეს თვალი აღაპყრო აბრაჰამმა და დაინახა ის ადგილი შორიდან. 5. და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურებს: დასხედით აქ თქვენთვის, სახედართან, მე და ეს ყმაწვილი კი წავალთ, იქამდის, თაყვანს ვცემთ და თქვენთან დავბრუნდებით. 6. და აიღო აბრაჰამმა შეშა ყოვლად დასაწყველისათვის, და აჰკიდა იცხაკს, თავის შვილს, და აიღო ხელში ცეცხლი და საყასბო დანა, და წავიდნენ ორივენი ერთად. 7. და დაელაპარაკა იცხაკი აბრაჰამს, თავის მამას, და უთხრა: მამა! და მან უთხრა: აგერ ვარ, შვილო! და უთხრა: აგერ ცეცხლი და შეშა, მაგრამ ყოვლად დასაწველი კრავი სადღაა? 8. და თქვა აბრაჰამმა: ღმერთი მონახავს თავისთვის ყოვლად დასაწველ კრავს, შვილო; და წავიდნენ ორივენი ერთად. 9. და მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც ღმერთმა უთხრა მას, და ააგო იქ აბრაჰამმა სამსხვერპლო, და დაალაგა შეშა, და ხელ-ფეხი შეუკრა იცხაკს, თავის შვილს და მოათავსა იგი სამსხვეპლოზე შეშის ზემოთ. 10. და გაიშვირა აბრაჰამმა ხელი და აიღო დანა თავისი შვილის დასაკლავად. 11. და ჩამოსძახა მას უფლის ანგელოზმა ციდან, და უთხრა: აბრაჰამ! აბრაჰამ! და მან უთხრა: აგერ ვარ მე! 12. და უთხრა: ხელი არ აღმართო ყმაწვილზე და არაფერი გაუკეთო მას, რამეთუ ახლა გავიგე, რომ ღვთისმოშიშ ხარ შენ, და არ დაიშურე ჩემთვის შენი შვილი, შენი დედისერთა. 13. აღაპყრო აბრაჰამმა თვალი და დაინახა : აგერ ერკემალი უკან, ტევრში რქებით გახლართული; და მივიდა აბრაჰამი, და წამოიყვანა ერკემალი, და შესწირა იგი ყოვლად დასაწველად თავის შვილის მაგიერ. 14. და უწოდა აბრაჰამმა იმ ადგილს სახელად ,,უფალი მონახავს“, რაზეც დღეს ამბობენ:  უფლის მთაზე მოინახება. 15. და კვლავ ჩამოსძახა უფლის ანგელოზმა აბრაჰამს ციდან. 16. და უთხრა: ჩემს თავს ვფიცავ – ამბობს უფალი – რომ რაკი შენ ეს საქმე მოიმოქმედე და არ დაიშურე შენი შვილი, შენი დედისერთა, 17.ამიტომ გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცაში ვარსკვლავებს და ზღვის ნაპირზე ქვიშას; და დაეუფლება შენი შთამომავლობა თავის მტერთა ჭიშკარს. 18. და იკურთხება დედამიწის ყველას ხალხი შენს შთამომავლობაში იმის გამო, რომ ყურად იღე ჩემი ხმა. 19. და დაბრუნდა აბრაჰამი თავი მსახურებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შევაში; და ცხოვრობდა აბრაჰამი ბეერ-შევაში. 20. და იყო ამ ამბების შემდეგ, ეცნობა აბრაჰამს ასე: აგერ, მილქამაც შვა ვაჟიშვილები შენი ძმა ნახორისათვის. 21. უცი, მისი პირმშო, ბუზი, ამისი ძმა, კემუელი, არამის მამა; 22. და ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი. 23. ბეთუელს კი შეეძინა რიბკა; ეს რვა შვა მილქამ ნახორისათვის, აბრაჰამის ძმისათვის. 24. ხოლო მისმა ხარჭამ, სახელად რეუმამ, იმანაც შვა ტებახი, გახამი, თახაში და მაახა.

წყალო: ,,თორა” 1995 წლის გამოშვება (შუქურა)

Blog at WordPress.com.

ზედა ↑