თავი 37
1.და დასახლდა იააკობი ქვეყანაში, სადაც მამამისი ცხოვრობდა, ქენაანის ქვეყანაში. 2. აი, იააკობის შთამომავლობა; იოსეფი ჩვიდმეტი წლისა ცხვარს მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად, და იგი უთვალთვალებდა თავისი მამის ცოლების ბილჰას და ზილფას შვილებს; და მიჰქონდა მათი ცუდი ამბები მათ მამასთან. 3. ხოლო ისრაელს ყველა შვილზე მეტად უყვარდა იოსეფი, ვინაიდან მისი სიბერის შვილი იყო, და შეუკერა მას ზოლიანი პერანგი. 4. დაინახეს ძმებმა, რომ ის უყვარს მათ მამას ყველა ძმაზე მეტად, და შეიძულეს იგი, და არ შეეძლოთ მშვიდობიანი ლაპარაკი მასთან. 5. და ესიზმრა იოსეფს სიზმარი, და უამბო ძმებს, და უფრო მეტად შეიძულეს იგი. 6. და უთხრა მათ: მომისმინეთ, რა, ეს სისზმარი, რომელიც მე მესიზმრა. 7. აი, ჩვენ ძნებს ვკრავთ შუა მინდორში და აი, წამოიმართა ჩემი ძნა და დადგა; და აი, გარს შემოერტყნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს ჩემს ძნას. 8. და უთხრეს მას ძმებმა: ნუთუ გამეფდები ჩვენზე? ან თუ იბატონებ ჩვენზე? და უფრო მეტად შეიძულეს მისი სიზმრებისა და მისი სიტყვების გამო. 9. და ესიზმრა კვლავ სხვა სიზმარი და უამბო ძმებს, და უთხრა: აი მესიზმრა კიდევ სიზმარი, და აი, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი თაყვანს მცემდნენ მე. 10. და უამბო თავის მამას და თავის ძმებს; და უსაყვედურა მამამისმა და უთხრა მას: ეს რა სიზმარი დაგსიზმრებია? ნუთუ მოვალთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, რომ თავი დაგიკრათ მიწამდის? 11. და შეშურდათ ძმებს მისი, ხოლო მამამ გულში შეინახა ეს ამბავი. 12. და წავიდნენ მისი ძმები თავიანთი მამის ცხვრის სამწყემსად შეხემში. 13. და უთხრა ისრაელმა იოსეფს: შენი ძმები ხომ შეხემში მწყემსობენ; წადი, მათთან გაგგზავნი; და მან უთხრა: აგერ ვარ მე. 14. და უთხრა მას: წადი, ნახე, ხომ კარგად არიან შენი ძმები, და ხომ უაზიანოდ არის ცხვარი, და ამბავი მომიტანე; და გაგზავნა ხებრონის ველიდან, და მივიდა შეხემში. 15. და ვიღაცამ შეამჩნია იგი მინდორში მოხეტიალე და ჰკითხა ამ კაცმა ასე: რას ეძებ? 16. და უთხრა: ჩემს ძმებს ვეძებ, მითხარი, გეთაყვა, სად მწყემსავენ ისინი? 17. და უთხრა იმ კაცმა: გაემგზავრნენ აქედან, რამეთუ მოვისმინე, რომ ამბობდნენ: წავიდეთ დოთანში; და წავიდა ძმების საძებრად და მიაგნო მათ დოთანში. 18. და დაინახეს იგი შორიდან, და ვიდრე მოუახლოვდებოდა მათ განიზრახეს მისი მოკვლა. 19. და უთხრეს ერთმანეთს, აი, ის მესიზმრე მოდის. 20. ახლა კი, მოდი, მოვკლათ და ჩავაგდოთ ერთ-ერთ ორმოში, და ვთქვათ: მტაცებელმა ნადირმა შეჭამა იგი; ვნახავთ, რა იქნება მისი სიზმრები. 21. მოისმინა რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან, და უთხრა: ნუ მოვკლავთ! 22. და უთხრა მათ რეუბენმა: სისხლს ნუ დაღვრით, ჩააგდეთ ამ ორმოში, რომელიც უდაბნოშია, ხელს კი ნუ აღმართავთ მასზე – რომ ეხსნა მათი ხელიდან, რათა დაებრუნებინა იგი თავის მამასთან. 23. და იყო, როცა იოსეფი მივიდა თავის ძმებთან, გააძრეს იოსეფს პერანგი, ზოლიანი პერანგი, რომელიც ეცვა. 24. და აიყვანეს, და ჩააგდეს იგი ორმოში, ხოლო ორმო ცარიელი გამოდგა, არ იყო შიგ წყალი. 25. და დასხდნენ პურის საჭმელად; და აღაპყრეს თვალი და დაინახეს: აგერ, იშმაელთა ქარავანი მოდის გილადიდან და მათ აქლებეს ჰკიდიათ სანელებლები, ბალზამი და ნელსაცხებელი; მიდიან. რათა ჩაიტანონ ეგვიპტეში. 26. და უთხრა იეჰუდამ ძმებს: რა სასარგებლოა, რომ მოვკლათ ჩვენი ძმა და დავფაროთ მისი სისხლი? 27. მოდით, მივყიდოთ იშმაელებს, ხოლო ჩვენი ხელი ნუ შეეხება მას, რამეთუ ჩვენი ძმაა იგი,ჩვენი ხორცია; და გაუგონეს ძმებმა. 28. და გამოიარეს მიდიელმა კაცებმა, ვაჭრებმა; ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსეფი ორმოდან, და მიჰყიდეს იოსეფი იშმაელებს ოც ვერცხლად; ხოლო მათ წაიყვანეს იოსეფი ეგვიპტეში. 29. და დაბრუნდა რეუბენი ორმოსთან, და აი, აღარ არის იოსეფი ორმოში; და შემოიფხრიწა ტანისამოსი. 30. და დაბრუნდა ძმებთან, და უთხრა: ბიჭი აღარ არის და მე, სად წავიდე მე? 31. და აიღეს მათ იოსეფის პერანგი, დაკლეს ვაცი და ამოავლეს პერანგი სისხლში. 32. და გაგზავნეს ზოლიანი პერანგი, და მიუტანეს იმათ მამას, და უთხრეს: ეს ვიპოვეთ; აბა, ამოიცანი, ეს პერანგი შენი შვილისაა თუ არა? 33. და იცნო იგი, და თქვა: ჩემი შვილის პერანგია, ნადირს შეუჭამია იგი, ნამდვილად დაგლეჯილია იოსეფი! 34. და შემოიფხრიწა იააკობმა ტანისამოსი, და შემოიდო ძაძა წელზე, და იგლოვა თავისი შვილი მრავალი დღის განმავლობაში. 35. და ერთად წამოდგნენ მისი ვაჟები და ქალიშვილები ნუგეშის საცემად, მაგრამ არ მიიღო ნუგეშისცემა და თქვა: დამწუხრებული ჩავალ სამარეში ჩემს შვილთან; და დაიტირა იგი მამამ. 36. ხოლო მიდიელებმა მიჰყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთუხუცესს.
თავი 38
1.და მოხდა იმ დროს – გაერიდა იეჰუდა თავის ძმებს, და გადასჭიმა კარავი ერთი ადულამელის, სახელად ხირას, მახლობლად. 2. და იხილა იქ იეჰუდამ ერთი ქენაანელის, სახელად შუას, ასული, და წაიყვანა იგი, და მივიდა მასთან. 3. და დაორსულდა, და შვა ვაჟი და დაარქვა სახელად ეირი. 4. და დაორსულდა კვლავ, და შვა ვაჟი, და დაარქვა სახელად ონანი. 5. და კიდევ შვა ვაჟი, და დაარქვა სახელად შელა; და იმყოფებოდა ქეზიბში, როცა ის შვა. 6. და მოუყვანა იეჰუდამ ცოლი ეირს, თავის პირმშოს, სახელად თამარი. 7. მაგრამ ეირი, იეჰუდას პირმშო, არასასურველი იყო უფლის თვალში, და მოკლა იგი უფალმა. 8. და უთხრა იეჰუდამ ონანს: მიდი შენი ძმის ცოლთან, შეირთე, როგორც მაზლის წესია, და აღუდგინე თესლი შენს ძმას. 9. ხოლო ონანმა იცოდა, რომ თესლი მისი არ იქნებოდა, და როცა მიდიოდა თავისი ძმის ცოლთან, ძირს აქცევდა, რათა შთამომავლობა არ მიეცა ძმისთვის. 10. და არ მოეწონა უფალს, რასაც ის აკეთებდა, და ისიც მოკლა. 11. და უთხრა იეჰუდამ თავის რძალ თამარს: იჯექი ქვრივად მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი შვილი შელა გაიზრდებოდეს; რამეთუ იფიქრა: ვაითუ ისიც მოკვდეს ძმების მსგავსად; და წავიდა თამარი, და ცხოვრობდა თავისი მამის სახლში. 12. გავიდა დიდი დრო და გარდაიცვალა შუას სული, იეჰუდას ცოლი; გლოვის დამთავრების შემდეგ იეჰუდა ავიდა თავისი ცხვრის მპარსავებთან თიმნაში, ის და მისი ადულამელი მეგობარი ხირა. 13. და ეუწყა თამარს ასე: აგერ, შენი მამამთილი ამოსულა თიმნაში თავისი ცხვრის გასაპარსად. 14. და გაიხადა ქვრივობის ტანისამოსი, დაიფარა სახე პირბადით, შეიფუთნა და ჩამოჯდა ენაიმის ჭიშკართან, რომელიც თიმნის გზაზეა; რამეთუ ხედავდა, რომ წამოიზარდა შელა, და იგი არ მიათხოვეს მას. 15. და დაინახა იეჰუდამ, და ჩათვალა იგი მეძავად, ვინაიდან დაფარული ჰქონდა სახე. 16. და მისკენ გადაუხვია გზაზე, და უთხრა: მოდი, რა, მოვალ შენთან; რადგან არ იცოდა, რომ მისი რძალი იყო; მან უთხრა: რას მომცემ, ჩემთან, რომ მოხვიდე? 17. და უთხრა: თიკანს გამოგიგზავნი წვრილფეხის ფარიდან: და უთხრა ქალმა: გირაოს თუ მომცემ, ვიდრე გამოგზავნიდე. 18. და უთხრა მან: რა გირაო უნდა მოგცე შენ? და უთხრა ქალმა: შენი ბეჭედი, შენი ზონარი და შენი ჯოხი, რომელიც ხელში გიჭირავს; და მისცა, და მივიდა მასთან, და ის დაორსულდა მისგან. 19. და წამოდგა ქალი, წავიდა, მოიხსნა პირბადე და ჩაიცვა თავისი ქვრივობის ტანისამოსი. 20. და გაუგზავნა იეჰუდან თიკანი თავისი ადულამელი მეგობრის ხელით, რათა წამოეღო გირაო ქალის ხელიდან, მაგრამ მან ვერ მიაგნო. 21. და ჰკითხა იქაურ ხალხს ასე: სადაა მეძავი, რომელიც ენაიმში იყო გზაზე? და უთხრეს: არ ყოფილა აქ მეძავი. 22. და დაბრუნდა იეჰუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე იგი და იქაურმა ხალხმაც მითხრა: არ ყოფილა აქ მეძავი. 23. და უთხრა იეჰუდამ: დაე, აიღოს თავისთვის, რომ არ შევრხვეთ; აგერ გაუგზავნე მას ეს თიკანი და შენ ვერ მიაგენი. 24. და იყო, სამიოდე თვის შემდეგ ეუწყა იეჰუდას ასე: იმრუშა თამარმა, შენმა რძალმა, და აჰა, დაორსულდა კიდეც მრუშობით; და თქვა იეჰუდამ: გამოიყვანეთ იგი და დაიწვას! 25. გამოიყვანეს თუ არა, მან გაგზავნა მამამთილთან სათქმელად: მე ორსულად ვარ იმ კაცისაგან, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის: და უთხრა: აბა, გამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, ზონარი და ჯოხი? 26. და ამოიცნო იეჰუდამ, და თქვა: ,,ის ჩემზე უფრო მართალია, რამეთუ არ მივეცი იგი ჩემს ვაჟს შელას, და აღარ მიჰკარებია მას. 27. და როცა დადგა მისი მშობიარობის დრო, აი ტყუპია მის მუცელში. 28. და მისი მშობიარობისას გამოიშვირა ერთმა ხელი, და აიყვანა იგი ბებიაქალმა, შეაბა ხელზე ჭიაფერი ძაფი, და თქვა: ეს გამოვიდა წინ. 29. და როგორც კი უკან წაიღო ხელი, აგერ გამოვიდა მისი ძმა, და ბებიაქალმა თქვა: რას გამოიჭერი ზვავივით? და დაარქვეს სახელად ფერეცი. 30. შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ჭიაფერი ძაფი ჰქონდა და დაარქვეს მას სახელად ზერახი.
თავი 39
1.და იოსეფი ჩაყვანილ იქნა ეგვიპტეში; და იყიდა იგი ეგვიპტელმა ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, მცველთუხუცესმა იშმაელთაგან, რომელთაც ჩაიყვანეს იგი იქ. 2. და იყო უფალი იოსეფთან, და გახდა იგი წარმატებული, და ცხოვრობდა თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში. 3. და ნახა მისმა ბატონმა, რომ უფალი მასთან არის და ყოველივეს, რასაც ის აკეთებს, უფალი წარმატებას აძლევს მის ხელში. 4. და ჰპოვა იოსეფმა კეთილგანწყობა მის თვალში, და ემსახურებოდა მას; და დანიშნა იგი თავისი სახლის გამგებლად, და ყოველივე, რაც გააჩნდა, მის ხელთ გადასცა. 5. და იყო მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლისა და მთელი თავისი ქონების გამგებლად, უფალმა აკურთხა ეგვიპტელის სახლი იოსეფის გამო, და იყო უფლის კურთხევა ყოველივეზე, რაც ჰქონდა მას სახლში თუ მინდორში. 6. და მიატოვა ყოველივე, რაც ჰქონდა, იოსეფის ხელში, და არ იცოდა მასთან მეტი არაფერი, გარდა პურისა, რომელსაც ჭამდა; ხოლო იოსეფი ლამაზი და ეშხიანი იყო. 7. და მოხდა ამ ამბების შემდეგ: მისი ბატონის ცოლმა თვალი დაადგა იოსეფს და უთხრა: დაწექი ჩემთან. 8. და იუარა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: ჩემმა ბატონმა ხომ არ იცის ჩემთან, რა არის სახლში, და ყოველივე, რაც გააჩნია, მე გადმომცა ხელში. 9. არავინ არის ამ სახლში ჩემზე დიდი; და არაფერი დაუკავებია ჩემთვის, შენს გარდა, რამეთუ ცოლი ხარ მისი, და როგორ ჩავიდინო ეს უდიდესი ბოროტება და შევცოდო ღმერთს? 10. და იყო, რომ ქალი ელაპარაკებოდა იოსეფს ყოველდღე, ის კი არ უსმენდა, რომ ყოფილიყო მასთან. 11. და მოხდა ერთ ასეთ დღეს: მოვიდა სახლში თავისი საქმის გასაკეთებლად და შინაურებიდან არავინ იყო სახლში. 12. და ქალმა ხელი სტაცა ტანისამოსზე და უთხრა: დაწექი ჩემთან! მაგრამ მან შეატოვა ტანისამოსი და გაიქცა, და გავიდა გარეთ. 13. და იყო, როცა დაინახა ქალმა, რომ შეატოვა ტანისამოსი ხელში და გარეთ გაიქცა. 14. დაუძახა თავის შინაურებს და უთხრა მათ ასე: შეხედეთ მოგვიყვანა ვიღაც ებრაელი ჩვენს დასაცინად; მოვიდა, რომ დაწოლილიყო ჩემთან, მაგრამ ხმამაღლა ყვირილი მოვრთე. 15. როგორც კი მოისმინა, რომ ხმა ავიმაღლე და დავიყვირე, ტანისამოსი შემომატოვა და გაიქცა, და გავიდა გარეთ. 16. და ქალმა თავისთან დაიტოვა ტანისამოსი მისი ბატონის შინ მოსვლამდე. 17. და ელაპარაკა მას იმავე სიტყვებით ასე: მოვიდა ჩემთან ებრაელი მონა, რომეიც ჩვენთან მოიყვანე ჩემს დასაცინად. 18. მაგრამ როცა ხმა ავიმაღლე და ვიყვირე, შემომატოვა თავისი ტანისამოსი და გარეთ გაიქცა. და როცა მოისმინა მისმა ბატონმა ცოლის სიტყვები, რაც მას უთხრა ასე: ასეთი რამეები გამიკეთა შენმა მონამ“ , რისხვით აენთო. 20. და წაიყვანა იოსეფის ბატონმა იგი და გადასცა საპყრობილეში, იმ ადგილას, სადაც მეფის ტუსაღები არიან დაპატიმრებულნი; და იყო იგი იქ საპყრობილეში. 21. და იყო უფალი იოსეფთან, და მიაგო მას კეთილგანწყობა საპყრობილის უფროსის თვალში. 22. და გადასცა საპყრობილის უფროსმა იოსეფის ხელში საპყრობილის ყველა ტუსაღი, და ყოველივეს, რაც იქ კეთდებოდა, ის აწესრიგებდა. 23. არც უყურებდა საპყრობილის უფროსი არაფერს, რაც მის ხელში იყო, ვინაიდან უფალი იყო მასთან; და რასაც ის აკეთებდა, უფალი უმარჯვებდა.
თავი 40
1.და იყო ამ ამბების შემდეგ: დანაშაული ჩაიდინეს ეგვიპტის მეფის ღვინის მწდემ და პურის მცხობელმა თავიანთი ბატონის – ეგვიპტის მეფის წინაშე. 2. და განრისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცზე – მეღვინეთ უხუცესსა და ხაბაზთ-უხუცესზე. 3. და გადასცა ისინი დასაპატიმრებლად მცველთ-უხუცესის სალხში, საპყრობილეში, იმ ადგილას, სადაც იოსეფი იყო დაპატიმრებული. 4. და მიუჩინა მცველთ-უხუცესმა იოსეფი მათ, და ემსახურებოდა მათ; და გაატარეს მრავალი დღე პატიმრობაში. 5. და ესიზმრა სიზმარი ორივეს, თითოეულს თავისი სიზმარი ერთ ღამეს, თითოეულს თავისებური მნიშვნელობის სიზმარი – ეგვიპტის მეფის ღვინის მწდესა და პურის მცხობელს, რომელნიც საპყრობილეში იყვნენ დაპატიმრებულნი. 6. და მივიდა მათთან იოსეფი დილით, და დაინახა ისინი მოღუშულები. 7. და ჰკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ დაპატიმრებულნი მისი ბატონის სახლში, და უთხრა: რატომ ხართ დღეს სახემოღუშულნი? 8. და უთხრეს მას: სიზმარი გვესიზმრა, ამხსნელი კი არ არის; და უთხრა მათ იოსეფმა: განა ღმერთისაგან არ არის ახსნა-განმარტება? აბა, მიამბეთ. 9. და უამბო მეღვინეთ-უხუცესმა იოსეფს თავისი სიზმარი და უთხრა მას: ჩემს სიზმარში, აი ვაზია ჩემს წინაშე. 10. და ვაზს სამი ყლორტი აქვს: და როგორც კი აყვავდა, გამოჩნდა კვირტები მასზე და მის მტევნებში დამწიფდა ყურძენი. 11. და ფარაონის თავი ჩემს ხელშია; და ავიღე ყურძენი, და ჩავწურე ფარაონის თასში, და ხელში გადავეცი ფარაონს. 12. და უთხრა იოსეფმა: აი, მისი ახსნა: სამი ყლორტი – ეს სამი დღეა. 13. სამი დღის შემდეგ განგადიდებს ფარაონი და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე; და გადასცემ თასს ხელში ფარაონს ადრინდელი წესით, როცა მისი ღვინის მწდე იყავი. 14. ოღონდ გამიხსენე, როცა მოგეფონება შენ, მიქენ წყალობა და შეახსენე ჩემი თავი ფარაონს, და გამიყვანე ამ სახლიდან. 15. რამეთუ ქურდულად მომიპარეს ებრაელთა მიწიდან; აქაც არაფერი გამიკეთებია, თუმცა ჯურღმულში ჩამაგდეს. 16. და ნახა ხაბაზთ-უხუცესმა, რომ კარგად ახსნა, და უთხრა იოსეფს: მეც ჩემს სიზმარში ვარ; და აი, სამი დაწნული კალათია ჩემს თავზე. 17. ზედა კალათში არის ფარაონის ყველანაირი საჭმელი, მცხობლის ნახელავი, და ფრინველი ჭამს მას კალათიდან ჩემს თავს ზემოთ. 18. და უპასუხა იოსეფმა, და უთხრა: ეს არის მისი ახსნა: სამი კალათი სამი დღეა. 19. სამი დღის შემდეგ ფარაონი თავს წაგაცლის და ჩამოგკიდებს ხეზე და შენს ხორცს ფრინველი დაკორტნის შენს თავს ზემოთ. 20. და იყო მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე; და მოაწყო ნადიმი ყველა თავისი მონისთვის; და ჩათვალა მეღვინეთ-უხუცესის თავი და ხაბაზთ-უხუცესის თავი თავის მონებს შორის. 21. და დააბრუნა მეღვინეთ-უხუცესი ღვინის მწდედ, და მან გადასცა თასი ფარაონს ხელში. 22. ხოლო ხაბაზთ-უხუცესი ჩამოახრჩო, როგორც აუხსნა მათ იოსეფმა. 23. და არ გახსენებია მეღვინეთ-უხუცესს იოსეფი, და დაივიწყა იგი.
წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოშვება (გამომცემლობა ,,შუქურა”)