ბერეშით

თორის ხუთწიგნეული იწყება ფარაშა ,,ბერეშით”-ით. მასში წარმოდგენილია სამყაროს ქმნადობის მთლიანი პროცესი. წარმოგიდგენთ, ფარაშათ ,,ბერეშით”-ის სრულ ვერსიას ქართულ ენაზე.

წყარო: ,,თორა” 1995 წლის გამოცემა

                                                    თავი პირველი

1. თავდაპირველად გააჩინა ღმერთმა ცა და დედამიწა. 2. და იყო დედამიწა უკაცრიელი და ქაოსით მოცული; და სიბნელე სუფევდა უფსკრულის ზედაპირზე: და სული ღმერთისა დაფრინავდა წყლის ზედაპირზე. 3. და თქვა ღმერთმა: იყოს სინათლე! და იქმნა სინათლე. 4. და ნახა ღმერთმა სინათლე, რომ კარგია: და განაცალკევა ღმერთმა სინათლე სიბნელისაგან. 5. და უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე, ხოლო სიბნელეს უწოდა ღამე: და იყო საღამო, და იყო დილა – დღე ერთი. 6. და თქვა ღმერთმა: იყოს კამარა წყლის შიგნით, და იყოს გამყოფად წყალსა და წყალს შუა. 7. და შექმნა ღმერთმა კამარა და განაცალკევა კამარისქვეშა წყალი კამარისზედა წყლისაგან; და ასეც მოხდა. 8. და უწოდა ღმერთმა კამარას ცა: და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეორე. 9. და თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ცისქვეშა წყალი ერთ ადგილას და გამოჩნდეს ხმელეთი: და ასეც მოხდა. 10. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს დედამიწა, ხოლო წყალთა კრებულს უწოდა ზღვები: და ნახა ღმერთმა, რომ კარგია. 11. და თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს დედამიწამ მცენარეულობა, თესვლოვანი ბალახი, ხეხილი თავისი სახეობის მიხედვით, ნაყოფის მომცემი, რომლის თესლიც მასშია დედამიწაზე: და ასეც მოხდა. 12. და გამოიღო დედამიწამ მცენარეულობა, თესლოვანი ბალახი მისი სახეობის მიხედვით და ნაყოფის მომცემი ხე, რომლის თესლიც მასშია, მისი სახეობის მიხედვით: და ნახა ღმერთმა, რომ კარგია. 13. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მესამე. 14. და თქვა ღმერთმა: იქნენ მნათობნი ცის კამარაში, რათა განსხვავდეს დღე ღამისაგან. და იქნენ დროთა, დღეთა და წელთა მაჩვენებლებად.  15. და იქნენ მნათობებად ცის კამარაში დედამიწის გასანათებლად; და ასეც მოხდა. 16. და შექმნა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: უფრო დიდი მნათობი დღისით მართვისათვის და მომცრო მნათობი – ღამით მართვისათვის და ვარსკვლავები. 17. და მოათავსა ისინი ღმერთმა ცის კამარაში დედამიწის გასანათებლად. 18. და სამართავად დღისით და ღამით, და სინათლისა და სიბნელის ერთმანეთისაგან განსასხვავებლად; და ნახა ღმერთმა, რომ კარგია. 19. და იყო საღამო და იყო დილა – დღე მეოთხე. 20. და თქვა ღმერთმა: აივსოს წყალი წყლის ცხოველებით; ხოლო ფრინველმა იფრინოს დედამიწის ზემოთ, ცის კამარაზე. 21. და გააჩინა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი მცოცავი ცოცხალი არსება – ქვეწარმავლები, რომლებმაც აავსეს წყალი, მათი სახეობის მიხედვით და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი სახეობის მიხედვით; და ნახა ღმერთმა, რომ კარგია. 22. და აკურთხა ღმერთმა ისინი ასე: განაყოფიერდით და გამრავლდით, და აავსეთ ზღვების წყალი, ფრინველი კი გამრავლდეს დედამიწაზე. 23. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეხუთე. 24. და თქვა ღმერთმა: წარმოშვას დედამიწამ სხვადასხვა ცოცხალი არსება: პირუტყვი, ქვეწარმავალი და დედამიწის მხეცი მისი გვარეობის მიხედვით; და ასეც მოხდა. 25. და შექმნა ღმერთმა დედამიწის მხეცი თავისი გვარეობის მიხედვით და დედამიწის ყველა ქვეწარმავალი მათი გვარეობის მიხედვით: და ნახა ღმერთმა, რომ კარგია. 26. და თქვა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენი სახის მიხედვით, ჩვენი მსგავსებით, და იბატონონ ზღვის თევზზე და ცის ფრინველზე, პირუტყვზე, მთელს დედამიწაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც კი დედამიწაზე მოძრაობს. 27. და გააჩინა ღმერთმა ადამიანი თავისი სახის მიხედვით გააჩინა იგი, მამრი და მდედრი გააჩინა ისინი. 28. და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: განაყოფიერდით და გამრავლდით, და აავსეთ დედამიწა და დაეუფლეთ მას; და იბატონეთ ზღვის თევზზე, ცის ფრინველზე და ყველა ცხოველზე, რომელიც კი დედამიწაზე მოძრაობს. 29. და თქვა ღმერთმა: აი, მოგეცით თქვენ ყველა თესვლოვანი ბალახი, რომელიც მთელი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ხე, რომელშიც თესლოვანი ხის ნაყოფია; თქვენ გქონდეთ საჭმელად. 30. ხოლო დედამიწის ყოველ ცხოველს, ცის ყოველ ფრინველს და დედამიწაზე მოძრავ ყოველ ცოცხალ არსებას – მთელი მწვანე ბალახეულობა საჭმელად; და ასეც მოხდა. 31. და ნახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და აი, კარგია ძალიან: და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეექვსე.

თავი მეორე

1. და დასრულდა ცა და დედამიწა, და მთელი მხედრიონი მათი. 2. და დაამთავრა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისაგან, რაც გააკეთა. 3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე, და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისაგან, რაც კი გააჩინა ღმერთმა სამოქმედოდ. 4. ასეთია ცისა და დედამიწის წარმომავლობა მათი გაჩენის დღეს. 5. და არავითარი მინდვრის ბუჩქი არ იყო ჯერ დედამიწაზე და არავითარი მინდვრის ბალახი არ აღმოცენებულიყო ჯერ, რადგან ჯერ არ ეწვიმებინა უფალ ღმერთს დედამიწაზე და ადამიანი არ არსებობდა მიწის დასამუშავებლად. 6. და ორთქლი ადიოდა დედამიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს. 7. და შექმნა უფალმა ღმერთმა ადამიანი მიწის მტვრისაგან და შთაჰბერა მის ნესტოებში სიცოცხლის სული; და იქცა ადამიანი ცოცხალ არსებად. 8. და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედენში აღმოსავლეთის მხრიდან და მოათავსა იქ ადამიანი, რომელიც შექმნა. 9. და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა დედამიწიდან ყოველნაირი ხე – შესახედავად სასიამოვნო და საჭმელად ვარგისილ და სიცოცხლის ხე შუა ბაღში, და კარგისა და ავის შეცნობის ხე. 10. და მდინარე გამოდის ედენიდან ბაღის მოსარწყავად, იქიდან იყოფა და იქცევა ოთხ მთავარ მდინარედ. 11. ერთის სახელია ფიშონი; იგი უვლის გარს ხავილას მთელ ქვეყანას, სადაც ოქროა. 12. ხოლო იმ ქვეყნის ოქრო კარგია; იქაა ბროლი და ონიქსის ქვა. 13. და მეორე მდინარის სახელია გიხონი. იგი გარს უვლის ქუშის მთელ ქვეყანას. 14. და მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი, იგი მოედინება აშურის აღმოსავლეთით; და მეოთხე მდინარეა ფერათი. 15. და წაიყვანა უფალმა ღმერთმა ადამიანი და დააყენა ედენის ბაღში, რათა დაემუშავებინა იგი და დაეცვა იგი. 16. და მცნებად დაუდო უფალმა ღმერთმა ადამიანს ეს: ბაღის ყველა ხიდან შეგიძლია ჭამო. 17. ხოლო კარგისა და ავის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან შეჭმის დღესვე სიკვდილით მოკვდები. 18. და თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამიანის მარტოდ ყოფნა, შევქმნი მისთვის შესაფერის შემწეს. 19. და შემქნა უფალმა ღმერთმა მიწისაგან მინდვრის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი; და მიუყვანა ადამიანს, რათა ენახა, რას დაარქმევდა, და რასაც დაარქმევდა ადამიანი ცოცხალ არსებას, ის იქნებოდა მისი სახელი. 20. და დაარქვა ადამიანმა სახელები ყველა პირუტყვს; ცის ფრინველს და ყველა გარეულ ცხოველს; ადამიანისთვის კი ვერ იპოვა შესაფერისი შემწე. 21. და მოჰგვარა ადამიანს ღმერთმა ღრმა ძილი; და როცა დაეძინა, გამოიღო ერთ-ერთი მის ნეკნთაგანი და დაფარა ის ადგილი ხორცით. 22. და გარდაქმნა ქალად უფალმა ღმერთმა ნეკნი, რომელიც ადამიანისაგან გამოიღო; და მიუყვანა იგი ადამიანს. 23. და თქვა ადამმა: ამჯერად ეს ჩემი ძვალი ძვალთაგანი და ჩემი ხორცი ხორცთაგანია; ამას დაერქმევა დედაკაცი, რამეთუ კაცისაგან იყო აღებული იგი. 24. ამიტომ ტოვებს კაცი თავის დედ – მამას და მიეკვრის თავის ცოლს, და გადაიქცევიან ერთ სხეულად. 25. და იყვნენ ორივენი შიშვლები, ადამი და მისი ცოლი, და არ რცხვენოდათ.

თავი მესამე

1. და გველი იყო ყველაზე ეშმაკი მინდვრის ყველა ცხოველს შორის, რომელიც კი შეუქმნია უფალ ღმერთს; და უთხრა ქალს: მართლა თქვა ღმერთმა, არ ჭამოთ ამ ბაღის არც ერთი ხიდანო? 2. და უთხრა ქალმა გველს: ბაღის ხის ნაყოფს შევჭამთ. 3. ხოლო იმ ხის ნაყოფს, რომელიც ბაღის შუაგულშია, თქვა ღმერთმა: არ ჭამოთ მისგან და არ მიეკაროთ მას, რათა არ დაიხოცოთო. 4. და უთხრა გველმა ქალს: სიკვდილით არ მოკვდებით; 5. ოღონდ იცის ღმერთმა, რომ იმ დღეს, როდესაც შეჭამთ მისგან, თვალი აგეხილებათ და იქნებით, ვითარცა ღმერთი, კარგისა და ავის შემცნობელნი. 6. და ნახა ქალმა, რომ ხე კარგია საჭმელად, სასიამოვნოა იგი თვალისათვის და საამოა ეს ხე შეცნობისათვის; და აიღო მისი ნაყოფი და შეჭამა; და მისცა მასთან მყოფ თავის ქმარსაც და მანაც შეჭამა. 7. და აეხილა ორივეს თვალები და გაიგეს, რომ შიშვლები არიან; და შეკერეს ლეღვის ფოთოლი და გაიკეთეს სარტყელები. 8. და მოიმინეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც ბაღში დადიოდა დღის მიწურულს; და დაემალნენ ადამი და მისი ცოლი უფალ ღმერთს ბაღის ხეებს შორის. 9. და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: სადა ხარ? 10. და უთხრა: შენი ხმა მოვისმინე ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე. 11. და უთხრა: ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხიდან ჭამე, მე რომ გითხარი, არ ჭამო – მეთქი? 12. და უთხრა ადამმა: ქალმა, რომელიც შენ მომეცი, მან მომცა იმ ხიდან და ვჭამე. 13. და უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: რა ჩაიდინე ეს? და უთხრა ქალმა: გველმა შემაცდინა და შევჭამე. 14. და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: იმისათვის, რომ ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის და მინდვრის ყველა ცხოველს შორის: მუცლით იარე და მტვერი ჭამე მთელი შენი სიცოცხლის დღეებში. 15. და მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის და შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის; იგი თავს დაგიჩეჩქავს შენ, შენ კი ქუსლში უკბენ მას. 16. ქალს უთხრა: გავამრავლებ შენს ტანჯვას შენი ფეხმძიმობისას; ტანჯვით შობ შვილებს და შენი ქმრისკენ გაგიწევს გულისთქმა, და ის იბატონებს შენზე. 17. და ადამს უთხრა: იმისათვის, რომ ისმინე შენი ცოლის ხმა და შეჭამე იმ ხიდან, რომელზეც დაგავალე ასე: არ ჭამო მისგან – წყეულიმც იყოს დედამიწა შენს გამო, ტანჯვით იკვებე მთელი შენი სიცოცხლის დღეებში. 18. ეკალი და ნარცეცხლა აღმოაცენოს შენთვის და მინდვრის ბალახი ჭამე. 19. სახიდან ოფლის ღვრით ჭამე პური, ვიდრე დაუბრუნდები დედამიწას. ვინაიდან მისგან ხან აღებული; რამეთუ მტვერი ხარ და ისევ მტვრად იქცევი. 20. და უწოდა ადამმა სახელად თავის ცოლს ხავა, რადგან იგი იყო დედა ყველა ცოცხალი არსებისა. 21. და გაუკეთა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსი და შემოსა ისინი. 22. და თქვა უფალმა ღმერთმა: აი, ადამი გახდა ვითარცა ერთი ჩვენთაგანი კარგისა და ავის შეცნობაში; ახლა კი ვაითუ გაიშვიროს ხელი და აიღოს სიცოცხლის ხიდანაც და ჭამოს, და იცოცხლოს მარადიულად. 23. და განდევნა იგი უფალმა ღმერთმა ედენის ბაღიდან იმ მიწის დასამუშავებლად, რომლიდანაც იქნა აღებული. 24. და გააძევა ადამი, და დააყენა ედენის ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები და მბრუნავი ხმლის პირი სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზის დასაცავად.

თავი მეოთხე

1. და ადამმა შეიცნო მისი ცოლი ხავა; და ის დაორსულდა და შვა კაინი; და თქვა: შევიძინე ადამიანი ღმერთის მიერ. 2. და შვა კიდევ – მისი ძმა, ჰებელი; და იყო ჰებელი ცხვრის მწყემსი, კაინი კი – მიწის მუშა. 3. და იყო, რამდენიმე ხნის შემდეგ მოიტანა კაინმა მიწის ნაყოფისაგან ძღვენი უფლისათვის. 4. და ჰებელმაც მოიყვანა თავისი ცხვრების პირველშობილნი, და მათი ცხიმეული; და უფალმა ყურადღება მიაქცია ჰებელს და მის ძღვენს. 5. ხოლო კაინსა და მის ძღვენს არ მიაქცია ყურადღება; და კაინც ეწყინა ძალიან და სახე მოეღუშა. 6. და უთხრა უფალმა კაინს: რად გეწყინა და რად მოგეღუშა სახე? 7. თუ გამოსწორდები, ხომ გეპატიება, და თუ არ გამოსწორდები, შემოსასვლელში ცოდვა დევს და შენსკენაა მომართული მისი ვნება: მაგრამ შენ იბატონებ მასზე. 8. და მოუთხრო კაინმა მის ძმას ჰებელს… და როდესაც მინდორში იყვნენ, აღდგა კაინი თავისი ძმის ჰებელის წინააღმდეგ და მოკლა იგი. 9. და უთხრა უფალმა კაინს: სად არის ჰებელი, შენი ძმა? და მან უთხრა: არ ვიცი; განა მე ჩემი ძმის ყარაული ვარ? 10. და უთხრა: რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს დედამიწიდან. 11. ახლა კი წყეულიმც იყავ დედამიწისაგან, რომელმაც გააღო პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. 12. როდესაც დაამუშავებ დედამიწას, აღარ მოგცემს თავის ძალას, უსახლკარო და მოხეტიალე იქნები დედამიწაზე. 13. და უთხრა კაინმა უფალს: იმდენად დიდია ჩემი შეცოდება, რომ ვერ ვზიდავ მას. 14. აი, გამაძევე მე დღეს დედამიწის პირისაგან, შენც დაგემალები და ვიქნები უსახლკარო და მოხეტიალე დედამიწაზე; და ყველა, ვინც კი მიპოვის, მომკლავს. 15. და უთხრა მას უფალმა: სამაგიეროდ ყველას, ვინც კაინს მოკლავს, შვიდმაგად მიეზღვება: და დაადო უფალმა კაინს ნიშანი, რათა არ მოეკლა იგი ყოველ შემხვედრს. 16. და წავიდა კაინი პირისაგან უფლისა, და დასახლდა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.17. და შეიცნო კაინმა თავისი ცოლი, და ის დაორსულდა და შვა ხანოხი; და იყო ქალაქის მშენებელი; და უწოდა ქალაქს სახელად ხანოხი, მისი შვილის სახელის მიხედვით. 18. და შეეძინა ხანოხს ირადი; ირადმა შვა მეხუიაელი, მეხუიალმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლემეხი. 19. და შეირთო ლემეხმა ორი ცოლი; ერთის სახელი იყო ადა, მეორეს სახელი კი – ცილა. 20. და ადამ შვა იაბალი; იგი იყო მეკარვეთა და მეჯოგეთა წინაპარი. 21. მისი ძმის სახელი იყო იუბალი; იგი იყო ქნარსა და ორგანზე დამკვრელთა წინაპარი. 22. ცილამაც შვა თუბალ – კაინი – ყოველნაირი სპილენძისა და რკინის მთრაშავი; ხოლო თუბალ – კაინის და იყო ნაამა. 23. და უთხრა ლემეხმა თავის ცოლებს: ადა და ცილა! ისმინეთ ჩემი ხმა, ლემეხის ცოლებო, ყური უგდეთ ჩემს სიტყვას: განა კაცი მოვკალი ჩემი ჭრილობის გამო და ბავშვი ჩემი სისხლდენის გამო? 24. თუ კაინზე შვიდმაგად მიეზღვებათ, მაშინ ლემეხზე სამოცდაჩვიდმეტჯერ. 25. და შეიცნო ადამმა კვლავ თავისი ცოლი, და შეეძინა ვაჟი, და უწოდა მას სახელად შეთი, რადგან: სხვა შთამომავლობა მომგვარა ღმერთმა ჰებელის ნაცვლად, რომელიც მოკლა კაინმა. 26. და შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა მას სახელად ენოში; მაშინ დაიწყეს უფლის სახელის დარქმევა.

თავი მეხუთე

1. ესაა ადამის წარმომავლობის წიგნი: იმ დღეს, როცა გააჩინა ღმერთმა ადამიანი, ღმერთის სახით შემქნა იგი. 2. მამრი და მდედრი გააჩინა ისინი, აკურთხა და დაარქვა მათ სახელად ადამიანი მათი გაჩენის დღესვე. 3. და იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და ეყოლა თავისი მსგავსი, თავისი სახის მიხედვით; და დაარწვა მას შეთი. 4. და იყო ადამის სიცოცხლის დღეები შეთის დაბადების შემდეგ რვაასი წელი: და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 5. და იყო ადამის ყველა დღე, რაც იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელი, და გარდაიცვალა. 6. და იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და ეყოლა ენოში. 7. და იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 8. და იყო შეთის ყველა დღე ცხრაას თორმეტი წელი, და გარდაიცვალა. 9. და იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და ეყოლა კენანი. 10. და იცოცხლა ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 11. და იყო ენოშის ყველა დღე ცხრაას ხუთი წელიმ და გარდაიცვალა. 12. და იცოცხლა კენანმა სამოცდაათი წელი და ეყოლა მაჰელალელი. 13. და იცოცხლა კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 14. და იყო კენანის ყველა დღე ცხრაას ათი წელი, და გარდაიცვალა.15. და იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი და ეყოლა იერედი. 16. და იცოცხლა მაჰალალელმა იერედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 17. და იყო მაჰალალელის ყველა დღე რვაას ოთხმოცდათხუტმეტი წელი, და გარდაიცვალა. 18. და იცოცხლა იერედმა ას სამოცდაორი წელი და ეყოლა ხანოხი. 19 და იცოცხლა იერედმა ხანოხის დაბადების შემდეგ რვაასი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 20. და იყო იერედის ყველა დღე ცხრაას სამოცდაორი წელი, და გარდაიცვალა. 21. და იცოცხლა ხანოხმა სამოცდახუთი წელი და ეყოლა მეთუშელახი. 22. და იარებოდა ხანოხი ღმერთთან მეთუშელახის დაბადების შემდეგ სამას წელს, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 23. და იყო ხანოხის ყველა დღე სამას სამოცდახუთი წელი. 24. და იარებოდა ხანოხი ღმერთთან და აღარ გამოჩნდა, რამეთუ ღმერთმა წაიყვანა იგი. 25. და იცოცხლა მეთუშელახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი და ეყოლა ლემეხი. 26. და იცოცხლა მეთუშელახმა ლემეხის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 27. და იყო მეთუშელახის ყველა დღე ცხრაას სამოცდაცხრა წელი და გარდაიცვალა. 28. და იცოცხლა ლემეხმა ას ოთხმოცდაორი წელი და ეყოლა ვაჟი. 29. და დაარქვა მას სახელად ნოახი და თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს საქმეებში და ჩვენი ხელების მძიმე შრომაში მიწაზე, რომელიც დაწყევლა უფალმა. 30.და იცოცხლა ლემეხმა ნოახის დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუტმეტი წელი, და ეყოლა ვაჟები და ქალიშვილები. 31. და იყო ლემეხის ყველა დღე შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და გარდაიცვალა. 32. და იყო ნოახი ხუთასი წლის, და ეყოლა ნოახს შემი, ხამი და იეფეთი.

თავი მეექვსე

1. და იყო, როდესაც იწყო ადამიანმა გამრავლება დედამიწის ზურგზე, და დაებადათ მათ ქალიშვილები. 2. და იხილეს ანგელოზებმა ადამიანთა ქალიშვილები, რომ კარგები არიან, და შეირთეს ცოლებად, ვინც რომელი ამოირჩია. 3. და თქვა უფალმა: არ ეპაექროს ჩემი სული ადამიანს მუდმივად, იმიტომ, რომ იგი ხორციელია; და იყოს მისი დღეები ას ოცი წელი. 4. დევგმირები იყვნენ დედამიწაზე იმ დღეებში და იმის შემდეგაც, როდესაც ანგელოზები მივიდნენ ადამიანის ქალიშვილებთან, რომლებიც შობდნენ მათთვის. ესენია ის გმირები, რომლებიც ოდითგანვე სახელოვანი ადამიანები არიან. 5. და ნახა უფალმა, რომ დიდია ადამიანის ბოროტება დედამიწაზე და მისი გულის ფიქრთა მიდრეკილება მხოლოდ ცუდია ყოველ ჟამს. 6. და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი დედამიწაზე, და გულზე ნაღველი მოაწვა. 7. და თქვა უფალმა: აღვგვი ადამიანს, რომელიც გავაჩინე, პირისაგან მიწისა, ადამიანიდან პირუტყვამდის, ქვეწარმავლამდის და ცის ფრინველამდის, რამეთუ ვნანობ, რომ შევქმენი ისინი. 8. ხოლო ნოახმა ჰპოვა კეთილგანწყობა უფლის თვალში.

Blog at WordPress.com.

ზედა ↑