ეიხა (გოდება იერემიასი)

ირმიაჰუ წინასწარმეტყველი

ელეგია პირველი

1. როგორ ეულად არის ქალაქი, – ოდეს მჩქეფარე ხალხმრავლობით – ქვრივს დაემსგავსა. ერებში ასე სახელგნათქმული და მხარეთა დედოფალი – ხარკს იხდის თავად.

2. ტირილით ათევს იგი ღამეებს, მოთქვამს ჩუმად, გულამომჯდარი. ღაწვები მისი ცრემლს დაუღარავს. ნუგეშისმცემიც აღარავინ ჰყავს მოყვარეთაგან. ყველამ გაყიდა. მეგობრები გაუხდნენ მტრებად.

3. ეუჰუდა გადაიხვეწა. ღატაკი და დამონებული გამოემწყვდა უცხოთა შორის. მოსვენება ვერ უპოვია. წამოეწია ვიწროებში ყველა მდევარი.

4. ციონის გზები დამწუხრებულან – არავინ მოდის დღესასწაულზე. დაცარიელდა მისი ჭიშკრები. მოძღვარ-ქურუმნი მისი კვნესიან, ქალწულები სევდამ შეიპყრო. გოდებს ციონი.

5. მეტოქეები თავში მოექცნენ, ზარ-ზეიმი აქვთ მტარვალებს – რადგან უფალმა დასაჯა იგი ბევრი ცოდვისთვის. მის ბავშვებს მტერი ტყვეობაში მიერეკება.

6. ჩამოაღამდა ციონის ასულს დიდება თვისი. თავადნი მისი – ვით ქურციკნი, საძოვარს რომ ვეღარ მიაგნეს – ღონემიხდილნი ეხეტებიან მდევნელთა თვალწინ.

7. ამ ტანჯვისა და გვემის დღეებში ნეტარი ჟამი ახსენდება იერუშალაიმს – რაც რომ წარსულში განუცდია – განძი ურიცხვი. ახლა კი… ხალხი მისი მტრის ხელმა დასცა. არავინ არის მშველელი მისი. მტერი უყურებს და დასცინის მის დამცირებას.

8. დიდად შესცოდა წმინდა ქალაქმა – ასე იმიტომ გაუწმინდურდა. აითვალწუნა ყველა მისმა მადიდებელმა – რაკი იხილეს მისი სიშიშვლე. თავადაც ოხრავს და უკან იხევს.

9. კალთაწაბილწულს მთლად აერთვა განსჯის უნარი; პირქვე დაემხო – უმწეო და გონარეული. ნუგეშისმცემიც არ სჩანს არავინ. ნახე, უფალო, ტანჯვა ჩემი, – მომძლავრდა მტერი!

10. ყველა საუნჯეს მომხვდურთ ხელი წაეპოტინა. ტაძარს მოვიდნენ უცხო ტომები, რომლებზეც ბრძანე – არ შესულიყვნენ მოძღვართ სამეფოს წმიდა კრებულში.

11. ოხრავს და გმინავს ერი შენი – პურის მძებნელი, საჭმელში ცვლიან ძვირფას ნივთებს – სული მოითქვან. მომხედე, ღმერთო, დამინახე – როგორ დავმცირდი!

12. აგშორდეთ ყველას, გზად მავალნო, რაც მე გადამხდა. ნახეთ, მიხილეთ: ყოფილა სადმე სატკივარი – ესოდენ დიდი – მე რომ მჭირს ახლა, უფალმა ჩემმა რომ შემყარა განრისხების ჟამს?!

13. ცეცხლი მაწვიმა ზესკნელიდან, – ძვლებში გამიჯდა; ფეხთა წინ ბადე გამიშალა, უკუმისროლა, გამასაწყლა და უსასრულო დარდად მაქცია.

14. ჩემი ცოდვების უღელი შეჰკრა, – ქედზე დამადგა; დამაოსა, დამაუძლურა. ამათ ხელთ მიმცა უფალმა და თავს ვეღარ ვიხსნი.

15. დასცა უფალმა ფალავნები ჩემი წიაღის; ურდოს მოუხმო დღესასწაულზე, რომ გაეჟლიტა მოყმენი ჩემი. ასე გათელა, არ დაინდო უფალმა ჩემმა სიქალწულე ასულისა იეჰუდასი.

16. ამას დავტირი. ცრემლად იღვრება ჩემი თვალები. გამშორდა ყველა – გონს მომყვანი და ჩემი სულის მომბრუნებელი. დანაღვლიანდნენ ჩემი შვილები. განდიდდა მტერი.

17. შველას მოითხოვს ციონი და არვინ შველის. უფლის ბრძანებით – იაკობი რკალში იხელთეს. ვაიმე, როგორ წაიბილწე, იერუშალაიმ! – მოძალეთგან. დაძალულ ქალს, ვით დაემსგავსე.

18. მართალი არის იგი უფალი – არ დავუჯერე. ისმინეთ, ხალხნო! ჩემს ტანჯვებს ხედავთ? ჩემი ქალწულნი და მოყმენი ტყვედ გაირეკეს.

19. ვეძახი მოყვასს – მან კი ზურგი შემომაქცია. მოძღვარნი ჩემნი და უხუცესნი უმოწყალოდ იხოცებიან – როს დაეძებენ ქალაქში ლუკმას მილეულ სულის მოსაბრუნებლად.

20. ნახე, უფალო, როგორ მიჭირს – მუცელი მიდუღს, მკერდში გული გადამიქანდა. გეურჩე მეტად. გარეთ მახვილმა მომაოხრა, შინ კი – სიკვდილმა!

21. ესმათ, გაიგეს – ასე რომ ვკვნესი, რომ არავინ მყავს ნუგეშისმცემი; შეიტყო მტერმა უბედურება – მე რომ მაწიე – და უხარია. როდის ინებებმ რომ ისინიც ჩემს დღეში ვნახო? – როდის ინებებ, როდის იქნება?

22. მოაწევს მათი ბოროტება წინაშე შენსა, და უზღავ ისე, ვით მე მიზღე ცოდვებისათვის, რადგან დიდია ჩემი კვნესა – გულშეღონება!

ელეგია მეორე

1. ვითარ მოქუფრა თავისი რისხვით უფალმა ჩემმა ასული წმინდა ციონისა. ზეციდან მიწას ჩამოამხო ისრაელის სიმშვენიერე. არ გაახსენდა საკუთარი ფეხრთა საყრდენი განრისხების დღეს.

2. მოსპო უფალმა დაუნდობლად იაკობის ყველა სავანე: მიწას უსწორა მრისხანებით დარბაზები ასულისა იეჰუდასი, პირქვე დაამხო სამეფო და მისი მთავრები.

3. განრისხებულმა სრულად მოკვეთა ძლიერება ისრაელისა; მტერს აარიდა თავის მარჯვენა, იაკობს ცეცხლად შემოუნთო – ყოვლის მშთანთქმელად.

4. მშვილდი მოზიდა, ვითარც დუშმანმა, მკლავი აღმართა, როგორც მტარვალმა; დახოცა ყველა – თვალით ნანატრი; რისხვა ცეცხლით დაანთხია ციონის კარავს;

5. უფალი ჩემი მტრად გადამექცა. ისრაელი დასცა, შემუსრა. შთანთქა მისი სრა-სასახლენი, ყველა სიმაგრე ჩამოაქცია. იეჰუდას ასულს მოაწია მოთქა-ვაება.

6. და მოარღვია კარავი თვისი, ვით უნაყოფო ბაღი – წაბილწა. გადაავიწყა ციონს შაბათი, დღესასწაულიც გადაავიწყა; მეფე-ქურუმნი შეიძულა განრისხების ჟამს.

7. დათმო უფალმა თავის სამსხვერპლო, წმიდა ალაგი რისხვით შერისხა. მტრის ხელს გადასცა გალავნები და ციხე-დარბაზთა. ისე ღრეობდნენ ღმერთის სახლში, როგორც ზეიმში.

8. ციონის კედელს გადუწყვიტა ღმერთმა დამხობა. ზღვარი გაავლო, არ შეწყვიტა გაპარტახება. ყოველი ზღუდე და გალავანი ერთად დასცა უბედურებამ.

9. მიწად დამარცხდნენ მისი ჭიშკრები; ურდულ-კლიტენი მოსპო, დალეწა. მეფე-ქურუმნი ჩავარდნიათ ხელში წარმართებს… აღარსად არის კანონი და აღარც ღმერთის ხმა ეზმანებათ წინასწარმეტყველთ.

10. უხუცესები ცხელ მიწაზე მდუმარედ სხედან, თავზე ნაცარი დაუყრიათ, ძაძით მოსილან. ჩაუქინდიათ თავი ქალწულებს იერუსალიმის – უტყვად, მორჩილად.

11. ცრემლმა დაშრიტა თვალისჩიინი, გულ-ღვიძლი მეწვის, ნაღველი ჩემი ეღვრება მიწას, – როცა შევყურებ ჩემი ერის უბედურებას; ქუჩებში ყრიან ბავშვები და ძუძუთა ჩვილნი, იკრუნჩხებიან საცოდავად შიმშილისაგან.

12. დედებს უხმობენ: ,,გვშია! გვწყურია! სად არის პური, სად არის ღვინო?“ ძირს ეცემიან, ვით დაკოდილნი, და სულ ღაფავენ თავიანთი მშობლების მკერდზე.

13. აბა, რა გითხრა, იერუშალაიმ! რას შეგადარო, ან – მიგავსგავსო; ვით განუგეშო? ო, შენ, ქალწულო ციონისაო! რა უსაზღვროა ტკივილი შენი, – აღუვსებელი, ვითარცა ზღვანი. ვინ გიშველოს და ვინ მოგიფონოს?

14. გიქადაგებდნენ ნათელმხილველნი ბოროტ სიცრუეს. თვალს არ გიხელდნენ შენს ცოდვებზე – მწარე დღეებს რომ გადარჩენოდი. ოდენ სიყალბე და ცდუნება იზმანეს მათმა, – გზას აგაცდინეს.

15. ბუტბუტითა და თავების ქნევით გზად მავალნი გაკვირვებით ხელებსა შლიან: ,, ნუთუ ესაა ის ქალაქი, რაზეც ამბობდნენ – მშვენიერების სრულყოფააო და სიხარული დედამიწისა?“

16. ხახა დააღეს მტრებმა შენზე, ყბად ამოგიღეს. ყიჟინას სცემენ, გულღრძოდ კბილებს აღრჭიალებენ: – გადავყლაპეთო! ამ დღეს ველოდით, მოვესწარით, ვხედავთო ამას!

17. და ჰქმნა უფალმა, რაც გადაწყვიტა, – სიტყვა თავისი აახდინა – ნათქვამი ძველად: დაგაქცია და გაგაცამტვერა, არ შეგიბრალა; ახარა მტერი, შენს დუშმანებს რქა აღუმაღლა.

18. შეჰღაღადებდა არსთაგამრიგეს მათი გულები: ,,ჰოი, კედელო ციონისაო, ნიაღვარივით ღვარე ცრემლები – დღისით და ღამით; არ შეჩერდე, არ შეისვენო, არ შეიშრო თვალთა გუგები!“

19. ადექ! იტირე გულამოკვნესით, – ღამის გუშაგთა მონაცველბის ჟამს; ღვარე წყალივით გული შენი უფლის წინაშე და სავედრებლად აღაპყარ ხელნი ყრმათა შენთა სიცოცხლისათვის, – ფოლორაცებში რომ სულს ღაფავდნენ შიმშილისაგან.

20. ნახე, უფალო, კარგად ნახე, ვის ავნე ასე: ქალი რომ ჭამდეს თავის ნაშობს, ძუძუნაწოვარს; ღმერთის ტაძარში რომ ხოცავდნენ მოძღვარსა და წინასწარმეტყველს.

21. მიწაზე ყრიან ყმაწვილები და მოხუცები. ჩემი ქალწულნი და მოყმენი მახვილმა დასცა. შენი რისხვის დღეს შენ დახოცე – ყელი გამოსჭერ; ყველა გაწირე, არ დაინდე, არ შეიბრალე.

22. შენ მოიწვიე ყოველი მხრიდან მტერი ჩემი, როგორც ზეიმზე! თავი ვერავინ დააღწია, ვერვინ გადარჩა – ვინც კი გავზარდე, ვანებრივე და ვიამაგე.

ელეგია მესამე

  1. მე ვარ ის კაცი, ვინც იხილა ტანჯვა-ვაება უფლის კვერთხის ქვეშ.
  2. წარმიძღვა იგი და წყვდიადის გზებით მატარა. სულ ბნელისაკენ მიმაქცევდა, არა ნათლისკენ.
  3. ასე მოვიწვი და მოვიდაგვი: ჩემზე მოაქცევს დღეცისმარე იგი თავის ხელს.
  4. დამილპა ხორცი, გამეხრწნა ტყავი, ძვლები დამეფშვნა;
  5. სიმწრის გოდოლი ამიშენა, შიგ ჩამამწყვდია;
  6. როგორც დიდი ხნის მიცვალებული – უკუნეთში – სადღაც- ჩამძირა.
  7. ზღუდე მომავლო, ბორკილებით ჩამომამძიმა.
  8. ზეცა დახურა, რომ არ ესმინა ჩემი ლოცვა, ჩემი ვედრება;
  9. გზა ჩამიხერგა მძიმე ლოდებით, ბილიკები გადამიხლართა.
  10. თვალსმოფარებულ დათვად მექცა, მძვინვარე ლომად;
  11. თავბრუ დამასხა, დამგლიჯა და დამაძაბუნა.
  12. ისრის სამიზნედ დამაყენა… და გამაქვავა. მშვილდი მოზიდა, –
  13. შიგ თირკმელებში გამიყარა ისრები მწველი.
  14. სასაცილო გამხადა ქვეყნის, და ასაგდები დღისით და ღამით.
  15. სიმწრით გამაძღო, მასვა აბზინდა;
  16. ხვინჭით კბილები ჩამილეწა, მტვერში გამთელა.
  17. და განაშორა სიმშვიდე ჩემს გულს, დამავიწყა სიკეთე და კეთილდღეობა.
  18. ვთქვი: წამერთვა ღონე, სასოება, ღმერთის იმედი.
  19. მხოლოდ შხამია და ნაღველი გახსენება მწარე დღეების.
  20. და მიდგას თვალწინ ტანჯვა ჩემი – სულით შეძრულს, სასოწარკვეთილს.
  21. ვეპასუხები ჩემი გულისთქმას – მაინც იმედით.
  22. ღმერთის წყალობის გამო არის, რომ არ ამოვწყდით. არ დაილევა უფლის მადლი, –
  23. დიდია რწმენა. და განახლდება ყოველ დილით მისი შეწევნა.
  24. ამად მომძახის სული ჩემი იმედიანად: ,,დიდია ღმერთი! უფალია, ჩემი წილხვედრი!”
  25. კეთილ არს ღმერთი მის მოსავისთვის – ვინც მიენდობა და მისკენ ილტვის.
  26. ნეტარ არს იგი, მოთმინებით რომ ელოდება შველას უფლისას.
  27. ნეტარ არს იგი, სიჭაბუკეში რომ ეღირსა ზიდვას უღლისას.
  28. განმარტოებით ზის მოთმინებით – რაკი უფალმა დაადო ტვირთი.
  29. მტვერში ჩაუფლავს ბაგენი თვისი:,,ეგება კიდევ არის იმედი?”
  30. ლოყას მიუშვერს თავის მაცემარს: გაძღეს, აივსოს ლანძღვა-გინებით.
  31. რამეთუ ღმერთი არ გასწირავს უკუნისამდე.
  32. ვისაც დაჩაგრავს, ითნავს კიდეც დიდი წყალობით.
  33. რამეთუ გულით, როდი სტანჯავს; არ დათრგუნავს კაცსა უფალი.
  34. როცა ამქვეყნად ფეხქვეშ თელავენ ყველა პატიმარს;
  35. როცა ართმევენ კაცს უფლებას უფლის წინაშე,
  36. რომ უსამართლოდ განსაჯონ იგი, – განა უფალი ამას არ ხედავს?
  37. ვინ თქვა და მოხდა – თუ ეს უფალმა არ ინება – რაიმე თუნდაც?
  38. უზენაესის ბაგეთაგან არ გამოდის ავიც და კარგიც?
  39. რისთვის უჩივის კაცი ცხოვრებას? გაიხსენოს თავის ცოდვები!
  40. გამოვიძიოთ გზანი ჩვენი, გავჩხრიკოთ და ღმერთს დავუბრუნდეთ!
  41. გული დავიდოთ ხელისგულზე, – აღვამაღლოთ ცაში უფლისკენ!
  42. ჩვენ შეგცოდეთ და განგიდექით. შენც არ დაგვინდე.
  43. რისხვამ მოგიცვა: გვდევნე, გვხოცე, – არ შეგვიწყალე.
  44. ღრუბელი იმად მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები.
  45. გადაგვაქციე ნაგვად და ჭუჭყად – ხალხთა საზიზღრად.
  46. დაუფჩენიათ დუშმანებს ხახა – ჩვენს შთასანთქმელად.
  47. შიში და ორმო, ნგრევა-მოსპობა გვხდა წილად მხოლოდ.
  48. წყლის ნიაღვრები მდის თვალთაგან ჩემი მრევლის დაცემის გამო.
  49. ჩემი თვალები მდინარეთა სათავე გახდა. არ დაადგება საშველი შვებას,
  50. სანამ უფალი არ მომხედავს, არ იხილავს ყველაფერს ციდან.
  51. დარდით სულს მივსებს თვალები ჩემი – ჩემი ქალაქის ასულთა ცქერით.
  52. მომინადირეს ჩემმა მტრებმა, როგორც ჩიტი რამ, მოინადიროს მონადირემ ტყუილუბრალოდ.
  53. ცოცხლად ჩამაგდეს ორმოში და ქვებით მქოლავდნენ.
  54. წყალმა დამფარა სულ მთლიანად. ვთქვი:,,დავიღუპე!”
  55. შენი სახელი ვახსენე,ღმერთო, ორმოს სიღრმიდან.
  56. გესმა ხმა ჩემი? ნუ წაუყრუებ, მომევლინე მხსნელად, მაშველად!
  57. ახლოს ხარ იმ დღეს, როცა გიხმობ, ამბობ:,,ნუ შიშობ!”
  58. გამოესარჩლე, უფალო, ჩემს სულს, სიცოცხლე მიხსენ!
  59. ნახე უფალო, ჩაგვრა ჩემი, შენ განმიკითხე!
  60. და დაინახავ მათ შურსა და მათ ბოროტ ზრახვებს.
  61. მოგისმენია ლანძღვა მათი – ვით მამცირებენ,
  62. ყოველდღიური გამოლაშქრება ჩემს წინააღმდეგ?
  63. სხედან თუ დგანან – მაინც მათი საშაირო ვარ.
  64. უზღე, უფალო, სამაგიერო, რაც მათ ხელთა ქმნეს;
  65. მწუხრი გულისა მოუვლინე და წყევლა შენი;
  66. რისხვით მისდიე, მოაშორე უფლის ცისქვეშეთს!

ელეგია მეოთხე

  1. როგორ ჩამქალა ოქრო. როგორ უცვლია ფერი სიკეთეს. მიმოფანტულა ტაძრის ქვები ბნელ ფოლორაცებში.
  2. ძვირფასი ძენი ციონისა – ბაჯაღლოს სწორნი – ვით დაემსგავსნენ თიხისა ჭურჭელს – ამოზელილს მექოთნის ხელით.
  3. ტურებიც კი აწვდიან ძუძუს და აწოვებენ თავიანთ ლეკვებს. ჩემი ერის ასული კი გულქვა გამხდარა, დამსგავსებია სირაქლემას – უდაბნოს ცხოველს.
  4. სასას აეკრა წყურვილისაგან ენა მწოველის. ბავშვებს შიათ და პურს მოითხოვენ, არავინაა მიმწოდებელი.
  5. ნუგბარ-ტკბილეულს ვინც ატანდა გემრიელ საჭმელს,- ახლა ქუჩებში სულს ღაფავენ შიმშილისაგან. გამოზრდილები ფარჩებში და ძოწეულებში – ნაკელში ყრიან.
  6. ჩემი ერის ასულის ტანჯვა აღემატება სასჯელს სოდომის – წამში რომ დანთქა იგი უფსკრულმა, თუმც კაცის ხელი არ შეხებია.
  7. ნაზირ-ვეზირნი – თოვლზე სპეტაკნი, მარგალიტივით – უთეთრეს რძისა, სახელალნი და ტანმარჯანები,-
  8. ჩამოღამდნენ უკუნეთივით; ნახშირივით შავი აქვთ სახე,- ფოლორაცებში ვეღარა სცნობენ; კანი ძვალს აკრავს,-ჰგავნან გამხმარ ხეს.
  9. ხმლით სიკვდილი სჯობს შიმშილით სიკვდილს, – როცა მშიერი თავის სიცოცხლეს მინდვრის ბალახის ჩხვლეტით ამთავრებს;
  10. როცა დაღუპვის ჟამის მიწურულს სათნო ხელები მშობელი დედის თავის საკუთარ შვილებს ხარშავენ.
  11. და გადმოსცალა რისხვა უფალმა, გადმოაფრქვია წყრომა-სიბრაზე; ციონში ცეცხლი ააგიზგიზა – შეაჭმევინა საძირკვლები ძირფესვიანად.
  12. არა სჯეროდათ მიწიერ მეფეთ, არა სჯეროდათ ქვეყნად არავის, რომ შევიდოდა ურდო მომხდური კარიბჭეებში იერუსალიმის.
  13. ნათელმხილველთა და ქურუმთა ცოდვების გამო – მის წიაღში რომ დაანთხიეს წმინდანთა სისხლი.
  14. ეხეტებიან ფოლორაცებში, ვითარცა ბრმები,-სისხლში გასვრილნი; და ვეღარავინ ეკარება იმათ სამოსელს.
  15. -ჩამოეცლეთ! განერიდეთ! – გაჰყვირის ხალხი – უწმინდურია! დაძრწიან და დაწანწალებენ; ამოწყდებიან; ეგენი აქ ვერ იცხოვრებენ!
  16. მრისხანე ღმერთმა დაფანტა ყველა, აარიდა მათ მზერა თვისი, – რამეთუ მოძღვართ პატივს არ სცემდნენ და მოხუცებულთ არა სწყალობდნენ.
  17. მთლად დაიწრიტა ჩვენი თვალები შველის ამაო და ფუჭ ლოდინში. მოვტყუვდით მწარედ. ეგების განა – ასეთი ხალხის გქონდეს იმედი?
  18. ფეხის გადადგმის გვეშინოდა ჩვენსავ ქუჩებში. მახე დაგვიგეს. აღსასრული მოგვიახლოვდა. ვაი, რა მწარედ იწურება სიცოცხლის დღენი!
  19. ცის არწივებზე სწრაფი იყვნენ ჩვენი მდევრები. გვდევნიდნენ მთაში, უდაბნოში გვისაფრთდებოდნენ.
  20. სულისთქმა ჩვენი – უფლის ცხებული – მათ ორმოშია გამომწყვდეული. ჩვენ კი ვფიქრობდით – მისი ჩრდილის ქვეშ ჩვენც ვიცხოვრებდით სხვა ხალხთა შორის.
  21. იხარე და იმხიარულე ყუცის მჯმდომო ასულო ედომისაო! შენამდეც მოვა, მოაწევს თასი, შენც დაითვრები და გაშიშვლდები!
  22. ჰა, აღესრულა სასჯელი შენი – წმინდა ასულო ციონისაო! მეტს აღარ გდევნის უფალი შენი! ხოლო შენს ცოდვებს, ედომის ქალო, ის გაგიხსენებს, და გაამჟღავნებს შენს დანაშაულს.

ელეგია მეხუთე

  1. უფალო ჩვენო, გაიხსენე, რაც დაგვემართა. შემოგვხედე და დაინახე ჩვენი შერცხვენა.
  2. ჩვენი სამკვიდრო უცხოებს დარჩათ, გადამთიელებს -ჩვენი სახლები.
  3. ობლები გავხდით: მამები არ გვყავს, ქვრივებად დარჩნენ დედები ჩვენი.
  4. ჩვენს საკუთარ წყალს ვერცხლის ფასად ვსვამთ, ჩვენსავე ხეებს ვყიდულობთ ფულით.
  5. ქეჩოში ცემით გვდევნიან მტრები. ვერ მოვისვენეთ. დავიქანცენით.
  6. ეგვიპტესა და აშურს ვუშვერთ ხელს – სამათხოვროდ ლუკმა პურისა.
  7. ჩვენი მამები, რომელთაც სცოდეს, აღარ არიამ, და მათ სასჯელს ჩვენ ვზიდავთ ახლა.
  8. ბატონობდნენ ჩვენზე მონები, და არ ჩანს მხსნელი მათი ხელიდან.
  9. მახვილის შიშით უდაბნოში ვშოულობთ ლუკმას – სიცოცხლის ფასად.
  10. და გვიხურს კანი – თონესავით, ასე მომწყვლელი შიმშილისაგან.
  11. ციონში ცოლებს გვიწიოკებდნენ, და ჩვენს ქალწულებს – ქალაქებში იეჰუდისა.
  12. მთავრებს ხელებით ხეზე ჰკიდებენ, მოხუცებს პირი შემოუგინეს.
  13. ჭაბუკები დოლაბის ქვებს ეზიდებიან, ჩემი მოყმენი ეცემიან ხის მორების ქვეშ.
  14. უხუცესები ჭიშკრების წინ აღარ სხდებიან, აღარც ისმის ჩემი ბავშვების.
  15. დასრულდა ჩვენი გულის ხარება, ლხენა-სიკეთეს დაეუფლა ამაოება.
  16. თაჯი თავიდან გადმოგვივარდა; ვაი ჩვენს თავს, რომ შევცოდეთ ცოდვით.
  17. ამან დამდუღრა გულები ჩვენი, თვალთ დაგვინელდა.
  18. უკაცრიელ ციონის მთაზე მელიები დარბიან ახლა.
  19. უფალო, შენ ხარ მარადიული და ტახტი შენი – უკუნითი უკუნისამდე!
  20. რად დაგვივიწყე ასე დიდი ხნით, რად მიგვატოვე ასე ხანგრძლივად?!
  21. შენსკენ გვაბრუნე, ღმერთო ჩვენო, და მოვბრუნდებით! შენ გაანახლე დღენი ჩვენი უწინდებურად!
  22. ნუთუ ამდენად შეგვიძულე, გაგვიჯავრდი ასე ძალიან?

შენსკენ გვაბრუნე, ღმერთო ჩვენო, და მოვბრუნდებით!

შენ გაანახლე დღენი ჩვენი უწინდებურად!

ავტორი: ისაკ (ირაკლი) კრიხელი. 

წიგნიდან ,,ჟამი შეკრებად ქვათა”

(მენუხათო ბე გან-ყედენ მის ნეშამას)

Blog at WordPress.com.

ზედა ↑